in ,

Last Call! ანუ ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ Young Lions-ის დაწყებამდე

კანის ახალგაზრდულ კონკურსამდე რამდენიმე საათი რჩება. წლევანდელი Young Lions Georgia 2019-ის გახსნითი ღონისძიება 12 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება, თიბისი გალერეაში. გახსნით ღონისძიებაზე შეიკრიბებიან მონაწილე გუნდები. ისინი კიდევ ერთხელ გაეცნობიან კონკურსის პირობებს და მიიღებენ დავალებას, მათი კატეგორიების შესაბამისად. კონკურსი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქართული სარეკლამო სფეროსა და მარკეტინგის ახალგაზრდა ტალანტები დიზაინის, ბეჭდური რეკლამის, ციფრული კამპანიის, ახალგაზრდა მარკეტერისა და ვიდეო რეკლამის კატეგორიებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

კონკურსის ფარგლებში, გუნდებს მიეცემათ ბრიფები სოციალურ თემატიკებზე, რომელზეც იმუშავებენ დისტანციურად. პრინტის, დიზაინის, დიჯითალისა და მარკეტერის კატეგორიის კონკურსანტებს 24 საათი ექნებათ ნამუშევრების ჩასაბარებლად, ფილმის კატეგორიის კონკურსანტებს – 48 საათი.

გამარჯვებული ხუთი გუნდი საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრება და საქართველოს სახელით, პირველობისთვის იბრძოლებს. Cannes Lions სარეკლამო ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. კრეატიული ფესტივალი უკვე 65 წელია იმართება და ყოველწლიურად, მსოფლიოს საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს. ახალგაზრდული კონკურსი საქართველოში უკვე მეხუთე წელია ტარდება.

კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერია თიბისი ბანკი. 2019 წელს დაგეგმილი ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერები არიან : Beeline, Adjarabet.com, USAID-ის პროგრამა, ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, რომელსაც ახორციელებს CENN, SOCAR Georgia Petroleum.  მედია მხარდამჭერია Marketer.ge.

საქართველოს ისტორიაში Young Lions Georgia-ს შესარჩევი ტური პირველად 2015 წელს ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა 11-მა გუნდმა მიიღო. მას შემდეგ, ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა. 2016 წელს, კონკურსზე 106 გუნდი დარეგისტრირდა, 2017-ში – 116, 2018 წელს კი 168-მა გუნდმა იასპარეზა.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 „როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს“

რას ცვლის კოსმოსში ყოფნა ადამიანის ორგანიზმში – NASA-ს „ტყუპი ძმების ექსპერიმენტი“