in

ჯერ კიდევ არ ხართ მზად შავი პარასკევისთვის? — ბოლო წამის რჩევები eCommerce სექტორს

შავი პარასკევი თითქმის აქ არის, ამიტომ, თუ eCommerce სექტორში ხართ და ჯერ კიდევ არ მომზადებულხართ, დროა, იჩქაროთ. პროცესში კი იმ აუცილებელ რჩევებს მოგაშველებთ, რომლებიც წლის ყველაზე მაღალი გაყიდვების დღეს დაგეხმარებათ:

გახადეთ მკაფიო თქვენი შეთავაზებები როცა მომხმარებლები თქვენს ვებგვერდზე შემოვლენ, ვერ უნდა აარიდონ თვალი შავი პარასკევის შეთავაზებებს. ამიტომაც მთავარ გვერდზე გადმოიტანეთ ისინი ან თუნდაც სპეციალური სტატიკური ბანერი დაამატეთ — რაც უფრო მარტივად დაინახავენ მას, მით უფრო სწრაფად იმოქმედებენ.

ჩართულობის გაზრდაში წამმზომიც ძალიან დაგეხმარებათ, რადგან გადაუდებლობის შეგრძნებას ბადებს და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას უწყობს ხელს. თუ WordPress-ს იყენებთ, ამ ამბავში OptinMonster შეგიძლიათ, დაიხმაროთ. 

შეამოწმეთ, რამდენად გაუძლებს საიტი დატვირთვას — იცოდით, რომ გრძელი და დამაბნეველი ყიდვის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია იმისა, თუ რატომ ტოვებენ მომხმარებლები საიტს? ამიტომ, სანამ შავი პარასკევი დადგება და ტრაფიკი აიწევს, შეამოწმეთ, როგორ მუშაობს ვებგვერდი როგორც დესკტოპ, ისე მობილურ აპლიკაციებში. დააკვირდით, ფასდაკლების კოდები აქტიურია თუ არა, გადახდა როგორ ხდება, რათა პროცესი სწრაფი გახდეს. ეცადეთ, პროცესები მარტივი იყოს, რადგან ასე გაყიდვების ოდენობას გაზრდით. 

გაუგზავნეთ მარტივი ელ. წერილი თქვენს მომხმარებლებს — შავი პარასკევის ელ.წერილებს 33%-ით უფრო მეტი ჩართულობა აქვს სხვა შეტყობინებებთან შედარებით. ამიტომ, როცა დრო ცოტა დაგრჩათ, თქვენი მომხმარებლების მონაცემთა ბაზა ყველაზე ღირებულ აქტივად უნდა ჩათვალოთ. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი უკვე ენდობიან თქვენს ბრენდს და მეტად სავარაუდოა, რომ თქვენი შეთავაზებებიც მიიღონ. 

ამგვარად, ეცადეთ, ელ.წერილი უფრო ფოკუსირებული და პირდაპირი იყოს, სათაურში მკაფიოდ მიუთითეთ, რას სთავაზობთ, თავად წერილი კი ისე დაწერეთ, რომ მიღებული შეთავაზების გამოტოვების სურვილიც კი არ გაჩნდეს. ვიზუალურადაც გაალამაზეთ, აქაც წამმზომი გამოიყენეთ ან თუნდაც პატარა GIF. პროცესში გახსოვდეთ, რომ აქ საქმე სრულყოფილი კამპანიის შექმნას კი არა, სწორი შეტყობინების სწორ ადამიანებთან სწორ დროს მიტანას ეხება. 

განათავსეთ რეკლამები თქვენს სოციალურ ქსელებში — ელ.წერილების მსგავსად, სოციალური მედიების რეკლამების ტრაფიკიც მაღალია შავი პარასკევის პერიოდში. თუნდაც იმიტომ, რომ აქ მომხმარებელი შეთავაზებებს ელის, გამუდმებით სქროლავს, ეძებს და იღებს ყიდვის გადაწყვეტილებებს. ამიტომ თქვენც აქ უნდა იყოთ. თუ უკვე გაქვთ ვიდეოები, რომლებშიც მომხმარებლები თქვენს სერვისს ან პროდუქტს აფასებენ ან კონტენტი, რომლითაც რაღაც ამბავს ჰყვებით, ხელახლა გააქტიურეთ სოციალურ მედიაში, რადგან ასე სანდოობას მოიპოვებთ. ადამიანები მაშინ უფრო ყიდულობენ, როცა ნამდვილ გამოცდილებებს ისმენენ. 

მიკრო ინფლუენსერებთან თანამშრომლობაც გამოგადგებათ. ხოლო, თუ ამისთვისაც არ გაქვთ დრო, თქვენთვის ყველაზე აქტიურ პლატფორმაზე ფოკუსირდით, იქნება ეს ინსტაგამი, ტიკტოკი, ლინკდინი თუ Facebook. სწორედ აქ განათავსეთ საუკეთესო შეთავაზებები და ჩართულობაც არ დაივიწყოთ: უპასუხეთ კომენტარებს, კითხვებს ან თუნდაც გადააზიარეთ კმაყოფილი მომხმარებლების პოსტები. ასე გამორჩეული ადგილის დამკვიდრებასაც კი შეძლებთ. 

იზრუნეთ SEO-ზე — არ იდარდოთ, თუ აქამდე SEO-სთვის არ მიგიხედავთ, ჯერ კიდევ გაქვთ დრო იმისათვის, რომ თქვენი გვერდი საძიებო შედეგებში მოათავსოთ. ეს ბოლო წამის ცვლილება კი შავ პარასკევს თქვენს ხილვადობას გაზრდის, სწორი აუდიტორიის მოზიდვაში დაგეხმარებათ და იქნებ თქვენი შეთავაზებებიც აქციოს კონკურენტულ უპირატესობად. 

პროცესი თქვენი მეტა სათაურებითა და აღწერილობებით დაიწყეთ, დაამატეთ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა „შავი პარასკევი 2025“, „ფასდაკლება“ ან „შეთავაზება“. მაგალითისთვის, „ქალის ჩანთები — კლასიკური კოლექცია“ ჩაანაცვლეთ წინადადებით: „შავი პარასკევის 2025 წლის შეთავაზებები ქალის ჩანთებზე“. თითოეული შეთავაზება მკაფიო, ბუნებრივი და რელევანტური უნდა იყოს. 

შემდგომ შეამოწმეთ პროდუქტების გვერდები, დარწმუნდით, რომ ფასები, მარაგი და სხვა დეტალები განახლებულია. თუ ფასდაკლებულია, აღწერილობაში ხაზი გაუსვით ამას და კარგი იქნება, თუ ისეთ საკვანძო სიტყვებსაც ჩაურთავთ, როგორებიცაა „შავი პარასკევის საუკეთესო შეთავაზებები“ ან „სადღესასწაულო საჩუქრების შეთავაზებები“.

გასული წლის შავი პარასკევის კონტენტის გამოყენებაც შეგიძლიათ, უბრალოდ წელი 2025-ით ჩაანაცვლეთ. 

დაბოლოს, შეამოწმეთ, როგორია თქვენი ვებგვერდის გამოცდილება, ამაში Google-ის PageSpeed Insights-ს გამოიყენეთ და გამოასწორეთ ყველაფერი, რაც თქვენს საიტს ანელებს. მცირე ცვლილებებიც კი გაყიდვების მნიშნელოვნად ზრდაში დაგეხმარებათ. 

ალტა | განცხადება

როგორ ამოვიცნოთ გასაუბრებაზე რეალური უნარები, როცა კანდიდატს AI ეხმარება?