ყველა დიდი ბრენდის უკან დგას ისტორია, რომელიც შეიძლება დროთა განმავლობაში ხალხს მიავიწყდეს და დაიჩრდილოს, თუმცა, რადგან ჩვენი რუბრიკა ავტოისტორიაში იხედება და ყოველ ძველ, კარგად ნაცნობ თუ მივიწყებულ ამბავს ყურადღებას უთმობს, კიდევ ერთ ასეთ ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელიც შეიძლება არც კი გსმენიათ.
დღეს ბრენდს Skoda ყველა კარგად ვიცნობთ, მაგრამ ახლა მისი შექმნის ამბავზე არ გესაუბრებით. მოგიყვებით იმას, თუ რა იყო უფრო ადრე, სანამ Skoda შეიქმნებოდა.
Laurin & Klement
ეს ჩეხური კომპანიის სახელწოდებაა, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლებსა და ველოსიპედებს აწარმოებდა. ის 1895 წელს მლადა ბოლესლავში დაარსდა. მისი დამფუძნებლები ვაცლავ ლორინი და ვაცლავ კლემენტი იყვნენ.
ვაცლავ ლორინი
ვაცლავ ლორინი 1865 წლის 16 ოქტომბერს დაიბადა. ის ჩეხი ინჟინერი, ინდუსტრიალისტი და ავტომობილების ერთ-ერთი პიონერი იყო.
იგი ზეინკლობას სწავლობდა და ძალიან გატაცებული იყო ველოსიპედებით. 1895 წლის დეკემბრის დასაწყისში კი წიგნების გამყიდველ, ვაცლავ კლემენტთან ერთად საკუთარი დიზაინის ველოსიპედების მზადება დაიწყო.
მათ სურდათ, მომხმარებლისთვის შეეთავაზებინათ ველოსიპედები, რომლებიც დამზადებული იქნებოდა საუკეთესო მასალებისგან, თუმცა ხელმისაწვდომ ფასად. მათ პატარა სახელოსნოში სამი ადამიანი იყო დასაქმებული, რომლებიც აწარმოებდნენ ველოსიპედებს. პირველი პროდუქტის შესაქმნელად ერთი წელი და კოლექტივის გაზრდა დასჭირდათ. მათი რიცხვი 21 ადამიანამდე გაიზარდა და გამოუშვეს ველოსიპედი, სახელწოდებით Slavia. იმისათვის, რომ ველოსიპედი უფრო მარტივი და სტაბილური ყოფილიყო, ძრავა დამონტაჟდა ჩარჩოს ქვედა არეში. ეს პოზიციონირება მოგვიანებით გახდა საერთაშორისო სტანდარტი და ითვლება ინჟინრის, ვაცლავ ლორინის დიდ მიღწევად.
ასორტიმენტი მალე გაფართოვდა და მოიცავდა როგორც სტანდარტულ, ისე ველოსიპედებს ბავშვებისთვის, ქალისთვის შექმნილ მოდელებს, ორბორბლიანებსა და სამთვლიანებს, რომლებსაც პროდუქტებისა და ადამიანების ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ.
ვაცლავ კლემენტი
ვაცლავ კლემენტი 1868 წელს დაიბადა. მას ტრაგიკული ბავშვობა ჰქონდა – დედა ადრეულ ასაკში დაკარგა და დედინაცვალი ზრდიდა. 14 წლიდან მიჩვეული იყო ფიზიკურ მუშაობას, თუმცა, ამის მიუხედავად, განათლებას ყოველთვის უთმობდა დროს. საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში შეგირდად მიებარა წიგნების მაღაზიას.
თავისი პირველ ბიზნესგამოცდილება მან სწორედ წიგნებს დაუკავშირა. მლადა ბოლესლავის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა და როცა მისი მფლობელი გარდაიცვალა, კლემენტმა იყიდა ეს მაღაზია. თუმცა მისი ბიზნესი არ აყვავებულა და კლემენტს ვალების დასაფარად წიგნის მაღაზიის გაყიდვა მოუწია.
სწორედ ამ წარუმატებლობამ მიიყვანა ის ვაცლავ ლორინამდე, რომელთან ერთადაც ზემოხსენებული კომპანია დააარსა და ველოსიპედების კეთებით უფრო დიდ ნაბიჯებამდეც წაიწია. წყაროების გაცნობისას, იკვეთება, რომ ვაცლავ კლემენტის ხედვას ბიზნესში დიდი როლი ჰქონდა. მან მოახერხა დიდი შეკვეთების მოგება როგორც შიდა ბაზარზე, ისე ინდუსტრიულ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და დიდი ბრიტანეთი.
წარმატებული ბიზნესი
ველოსიპედებიდან მიღებული მოგების შემდეგ, კლემენტმა და ლორინმა ასორტიმენტის გაფართოება გადაწყვიტეს. 1899 წელს მათ მოტოციკლების წარმოება დაიწყეს, რომლებიც შემდგომ იყიდებოდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე და სარბოლო შეჯიბრებებშიც კი გამოიყენებოდა.
1903 წლისთვის კომპანიას ჰყავდა დაახლოებით 200 თანამშრომელი და ყოველწლიურად აწარმოებდა დაახლოებით 2000 მოტოციკლს. ამ დროისთვის მათ შეაჩერეს ველოსიპედების წარმოება და მთლიანად მოტოტრანსპორტზე გადაერთნენ.
ცოტა ხნის შემდეგ პარტნიორები მიხვდნენ, რომ უფრო მეტის გაკეთებაც შეეძლოთ, კერძოდ, ავტომობილებზე მუშაობა. 1905 წელს კომპანიამ დაიწყო მანქანების წარმოება, 1907 წელს კი გაფართოვდა, დარეგისტრირდა ბირჟაზე და შეწყვიტა მოტოციკლების წარმოება.
პირველი ავტომობილი
1905 წლის ბოლოს მლადა ბოლესლავის კომპანიამ წარმოადგინა თავისი პირველი ავტომობილი: Laurin & Klement Voiturette A. ეს იყო მსუბუქი და მანევრირებადი ავტომობილი, რომელსაც ერთლიტრიანი ორცილინდრიანი ძრავა ჰქონდა და მოძრაობდა 40 კმ/სთ სიჩქარით.
ავტომობილების წარმოების ბიზნესში შესვლიდან ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, ასორტიმენტი ორ და ოთხცილინდრიანი მოდელების არჩევანს მოიცავდა. მოგვიანებით L&K-მა გააძლიერა თავისი იმიჯი ევროპაში წარმოებული პირველი რვაცილინდრიანი ავტომობილით – 1907 წლის Type FF.
კომპანიამ მალევე აღნიშნა კომერციული წარმატებები. L&K გახდა უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელი ავსტრია-უნგრეთში, რომელიც ახორციელებდა ექსპორტს რამდენიმე ათეულ ბაზარზე იმ დროს დასახლებულ ყველა კონტინენტზე, ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე.
კომპანიის დაარსებიდან სამი ათწლეულის შემდეგ, Laurin & Klement გაერთიანდა ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად 1925 წელს. ეს იყო პილსენში დაფუძნებული საინჟინრო ჯგუფი Škoda.
ამ ორმხრივად მომგებიანმა გაერთიანებამ საფუძველი ჩაუყარა კომპანიის წარმატებულ ისტორიას. მას შემდეგ ბრენდის ლოგოში ფრთიანი ისარი სიჩქარისა და პროგრესის სიმბოლოდ იქცა. მათ ერთად შექმნეს მანქანები, რომლებიც გამძლეობისა და საიმედოობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა.
ამის შემდეგ უკვე ŠKODA AUTO-ს ისტორია იწყება, ამიტომ ჩვენ თხრობას აქ შევაჩერებთ. სახელები: ვაცლავ ლორინი და ვაცლავ კლემენტი კი დღემდე ბრენდისთვის პატივსაცემ ფიგურებად რჩება, რომლებსაც ის არ ივიწყებს და სხვადასხვა კომუნიკაციაში ხშირად ახსენებს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი