19
Feb
2014

”ლავაშური” – სწრაფი კვება ქართულად

19 Feb 2014

Startauperi
Startauperi


სწრაფი კვების ობიექტების ქსელი ”ლავაშური”, სლოგანით – ”სწრაფი კვება ქართულად”, დაახლოებით, 4 თვეა, რაც გამოჩნდა ბაზარზე, რომლის მეორე ფილიალი უახლოეს მომავალში ჭავჭავაძეზე გაიხსნება.

lavashuri

კომპანიის დირექტორი გიორგი იამანიძე ამბობს, რომ ქართული სწრაფი კვების ობიექტების გახსნის იდეა პრაქტიკული მოთხოვნებიდან გამომდინარე გაჩნდა.

”ჩვენს ერთ-ერთ დამფუძნებელს მონასტერში ყოფნისას, სადაც იგი დაკავებული იყო სუფრის გაშლითა და ალაგებით, გაუჩნდა იდეა, ისეთი ობიექტის არსებობისა, სადაც ჭამის შემდეგ ასალაგებელი და ბევრი გასარეცხი ჭურჭელი არ იქნებოდა. ასე გაჩნდა დახვეწილი ბრენდი – ”ლავაშური”, რომელიც შეგიძლიათ მანქანაში, ქუჩაში, ოფისში მიირთვათ”.

”ლავაშურში” პურში მოთავსებული ოჯახური, ქაბაბი და სხვა კერძები იყიდება. პურს ჭიქის ფორმა აქვს. აქვთ ”საფირმოც”, რომელიც ხორცითა და სპეციალური სოუსით მზადდება.

”გვაქვს ინოვაციური ფორმის პური, სადაც საჭმელი თავსდება. დიდხანს ვმუშაობდით ამ ტექნოლოგიაზე. თან უნდა ჰქონოდა ქართული გემოვნური თვისებები, თან შესაძლებელი ყოფილიყო მასში ცხელი და ცივი კერძების განთავსება” – ამბობს გიორგი იამანიძე.

”ლავაშურის” ბრენდი კომპანია ”პერიტუსთან” ერთად შექმნეს. მათი თქმით, პროდუქტი საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზეა გათვლილი. მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფი კი – დაწესებულებაში მომუშავე ახალგაზრდები არიან. ”ლავაშურს” აქვს საკუთარი სლოგანი – ”სწრაფი კვება ქართულად”; ნიშა – სწრაფი კვების ობიექტი, სადაც ქართული კერძები იყიდება და მთავარი გზავნილია ”აღმოაჩინე ძველი გემო ახლებურად”. ბრენდის 5 მთავარი პირობაა: ქართული, გემრიელი, სწრაფი, ჯანსაღი და ახალი.

გიორგი იამანიძე ამბობს, რომ ბრენდმა, ფაქტობრივად, ცარიელი ნიშა დაიკავა. მისი თქმით, თბილისში მრავლადაა უცხოური ბრენდის სწრაფი კვების ობიექტები, ე.წ. საშაურმეები. მაგრამ, სწრაფი კვების ობიექტი, სადაც ქართული კერძების ასეთი ასორტიმენტი იყიდება, არ არის და ამიტომ გადაწყვიტეს ქართული ძველი კერძები ახლებურად მიეწოდებინათ მომხმარებლისთვის.

ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოში დამკვიდრება სრულიად ახალი ბრენდისთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული. თუმცა, გიორგი იამანიძის თქმით, ”ლავაშურს” რამდენიმე უპირატესობა აქვს:

პირველ რიგში ეს არის გემოვნური თვისებები. გარდა ამისა, მაღალი ხარისხის პროდუქტს იყენებენ და თანაც, ფასიც ხელმისაწვდომია – მაგალითად, ერთი პორციის ფასი 2 ლარიდან იწყება.

იმის მიუხედავად, რომ ”ლავაშური” გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ ჰქონიათ მარკეტინგული და საკომუნიკაციო აქტივობები. თუმცა, გარკვეული სტრატეგია აქვთ. მოთხოვნის შესაბამისად, ქსელის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაფართოებას აპირებენ. სამომავლოდ, ასევე იგეგმება ბრენდის მეზობელ ქვეყნებში ”გატანაც”.

განხილვა