დღესდღეობით Lavazza არ არის მხოლოდ იტალიის ლიდერი ბრენდი ყავის წარმოებაში, ის მსოფლიოშია ცნობილი და ოპერირებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. თუ ყავის მოყვარული ხართ, დიდია ალბათობა, რომ Lavazza-ს ყავა გასინჯული გქონდეთ.
ამ სტატიაში მოგიყვებით რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ, რომლებიც Lavazza-ს ისტორიას უკავშირდება.
დასაწყისი
მე-19 საუკუნის ბოლოს, კერძოდ, 1895 წელს ლუიჯი ლავაცამ ქალაქ ტურინში პატარა სასურსათო მაღაზია გახსნა. ლუიჯიმ სახელი გაითქვა სხვადასხვა ყავის შერევით, რომელსაც მომხმარებლის გემოვნების მიხედვით აწყობდა. ეს დაეხმარა მას, პოპულარული გამხდარიყო და ერთგული მიმდევრები ჩამოეყალიბებინა. ხელნაკეთი ყავის ნარევების გაყიდვამ ლუიჯის იმდენი მომხმარებელი მოუყვანა, რომ მალე პატარა მაღაზია დიდ Luigi Lavazza S.p.A-დ გარდაიქმნა და დაიწყო ყავის ოფიციალური ბიზნესი.
ლუიჯი ლავაცა ცნობილი იყო საქმისადმი ერთგულებით, გამომგონებლური მიდგომითა და ახალი ინიციატივების სიყვარულით. მან აღმოაჩინა ყავის მარცვლების სხვადასხვა წარმომავლობა, მახასიათებლები და შეისწავლა მათი შერევის ხელოვნება.
მოგვიანებით, ბრაზილიაში მოგზაურობის წყალობით, მან შეძლო, დაენახა ამ სასმლის პოტენციალი დიდი ცვლილებების ეპოქაში.
ინოვაციური შეფუთვა
Lavazza-ს ზრდა გაგრძელდა 1920-იან წლებში, როცა მან სპეციალური ქაღალდის პაკეტი გამოიგონა ყავის შესანახად. ეს გამოგონება მან დახვეწა დაახლოებით 30 წლის შემდეგ, როცა ვაკუუმში შეფუთული თუნუქით გამოუშვა ყავა. Lavazza ასევე იყო პირველი ყავის კომპანია იტალიაში, რომელმაც 1971 წელს შემოიტანა ვაკუუმში შეფუთული ტომარა, რომელიც დღემდე გამოიყენება. ეს იყო ინოვაციური იდეა, რომელმაც შეცვალა ყავის მთლიანი ბაზრის ინდუსტრია.
ყავის ხარისხისა და ახლებური ეფექტის შენარჩუნება, არომატის დალუქვის უპრობლემო შესაძლებლობა მომხმარებლისთვის ძალიან პრაქტიკული გამოდგა. ამან საშუალება მისცა, სახლში შეენახათ ყავა დღეების განმავლობაში, ეს კი კომპანიისთვის ფართო გავრცელების შესაძლებლობად იქცა.
ეს და სხვა ინოვაციები დაეხმარა Lavazza-ს, მოეგო ყველა იტალიელისა და, ზოგადად, ყავის მოყვარულთა უმრავლესობის გული მთელ მსოფლიოში.
ყავის ქარხანა
1965 წელს ტურინის პროვინციაში გაიხსნა Lavazza-ს ქარხანა, რომელიც ყავის დამუშავებაზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა იყო და ის დღესაც ფუნქციონირებს.
80-იანი წლები
80-იანი წლები კომპანიის საერთაშორისო გაფართოების ეპოქაა – მან სხვადასხვა შვილობილი კომპანია დააარსა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის იყო: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ავსტრია.
2000-იანები და სოციალური პასუხისმგებლობა
ბრენდმა ამ პერიოდში გააქტიურა პროექტები სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადობის მიმართულებით. ამის ნათელი მაგალითია Giuseppe e Pericle Lavazza Foundation, ფონდი, რომელიც დაიბადა ყავის მწარმოებელ ქვეყნებში ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მისიით.
ამასთან, ბრენდმა გამოუშვა პროდუქტი Tierra!. ნაზავი, რომელიც წარმოადგენს კომპანიის ერთგულებას მდგრადობისადმი. ამ მნიშვნელოვანი ინიციატივით, Lavazza-მ თანდათან გააუმჯობესა 3000-ზე მეტი ფერმერის საცხოვრებელი პირობები რვა ქვეყანაში, წაახალისა ეკონომიკური ზრდა, გაზარდა მათი ცხოვრების დონე და დანერგა ახალი მომგებიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
Lavazza დღეს
თავისი ვრცელი ქსელით და ფართო სპექტრის დისტრიბუციით, დღეს ბრენდი 90-ზე მეტ ქვეყანაში გვხვდება. ის უზრუნველყოფს ყავის საუკეთესო სახეობებს მთელი მსოფლიოდან და ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდი ყავის კაფსული იყიდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავლის 60% მოდის მის ეროვნულ ბაზარზე, იტალიაზე, სადაც ყავის დალევა არა მხოლოდ ყოველდღიური რიტუალია, არამედ ცხოვრების წესი!
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი