25
Oct
2017

„გამარჯობა, ადამიანო, მე ვარ ლობოტი“, – პირველი ქართველი იურისტი ბოტი, Lawbot

25 Oct 2017


LAWBOT – ლობოტი
კომპანია CC Legal & Advisory-ს იურისტი კიბერ რობოტია, რომელიც იურიდიულ მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს. მას, ჯერჯერობით, მხოლოდ CT Park-ის ჯარიმის გასაჩივრება შეუძლია, თუმცა მალე პატრულის ჯარიმის გასაჩივრებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სხვადასხვა სამართლებრივ ანალიზსაც შეძლებს. მარკეტერი CC Legal & Advisory-ს ხელმძღვანელს, უჩა ძიმისტარიშვილს ესაუბრა ბოტის შექმნის მოტივსა და იმ პროცესებზე, რასაც „ლობოტის“ არსებობა ამარტივებს:  

 
M: როგორ გაჩნდა LAWBOT-ის შექმნის იდეა?
იდეა გაგვიჩნდა მას შემდეგ, რაც ჩვენს გუნდს შემოუერთდა ერთ-ერთი უფროსი იურისტი, კოკა ჭედია და დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლებოდა, ტექნოლოგიები გვექცია ჩვენი საქმიანობის შემადგენელ ნაწილად. დავინახეთ, რომ ამ მიმართულებით გვქონდა განვითარების საშუალება და ჩვენს პარტნიორ კომპანია „ლივინგსტონთან“ ერთად შევქმენით პირველი, სამართლებრივი ბოტი. M: როგორია  „ლობოტთან“ საუბრის პროცესი და კონკრეტულად, რა პროცესებს ამარტივებს თქვენი ბოტი?
„სითიპარკის“ მიერ თუ მოხდება მანქანის ევაკუაცია, ფეისბუკზე, „ლობოტს“ ვწერთ მესიჯს და საუბრის პროცესში, Lawbot-ი თვითონ გისვამთ საჩივრის შესადგენად საჭირო შეკითხვას, თავდაპირველად, ფაქტობრივი მოცემულობის, შემდეგ კი თქვენი პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) შესახებ ინფორმაციის გასაგებად, რაც საჩივრის შესადგენად აუცილებელ, იურიდიულ მოთხოვნას წარმოადგენს. ამის შემდეგ, ლობოტი, ავტომატურად, გიგზავნით PDF ფაილს, რომელსაც ინსტრუქცია მოჰყვება, როგორ უნდა ამოიბეჭდოს, ხელი სად უნდა მოეწეროს და სად უნდა წარმოადგინოთ ეს საჩივარი. მნიშვნელოვანია ის, რომ 5 წუთზე მეტი ამ პროცესის დასრულებას არ სჭირდება. გარდა ამისა, ბოტის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია, მოვიდეს ჩვენს ოფისშიც, ადგილზე ამოვუბეჭდოთ საჩივარი და დავაკვალიანოთ.   


კომპანია CC Legal & Advisory 1 წელზე მეტია, რაც ოფიციალურად დაფუძნდა. მისი მიმართულებაა ბიზნეს სამართალი, რაც შეეხება კომპანიის მიზანს, ის მომხმარებლებისთვის კლასიკურ, ტრადიციულ იურიდიულ მომსახურებასთან ერთად, ამავე მომსახურების თანამედროვე არხების საშუალებით გაწევას გეგმავს. „ამის გამოძახილი იყო ზუსტად ტექნოლოგიური, ინოვაციური პროდუქტის – LAWBOT-ის შემოტანა, რათა მომხმარებლებისთვის გაგვეხადა იურიდიული სერვისები უფრო მოსახერხებელი და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებული“, – უჩა ძიმისტარიშვილი, კომპანიის ხელმძღვანელი.

განხილვა