in

იურიდიული სერვისების პაკეტები – სიახლე, რომელსაც იურიდიული კომპანია Lawyal გთავაზობთ

იურიდიული მხარე ნებისმიერი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. კომპანიები, ყოველდღიურად, შედიან ურთიერთობებში, რომლებიც გარკვეული იურიდიული რისკების მატარებელია. ბიზნესის სწრაფ განვითარებასთან ერთად, კანონმდებლობაც საკმაოდ სწრაფად იცვლება. ბოლო წლებში, ევრორეგულაციებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო სივრცემაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და ბიზნეს სუბიექტებს არაერთი გამოწვევა აქვთ იურიდიული შესაბამისობის ნაწილში. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესებს გააჩნდეთ სანდო, კვალიფიციურ და ხელმისაწვდომ იურიდიულ სერვისებზე წვდომა და იურიდიული კომპანიებიც ცდილობენ, რომ მათი საქმიანობა ბიზნესის საჭიროებებზე უფრო მეტად მორგებული გახადონ. დღეს ახალი იურიდიული კომპანიის Lawyal • ლოიალის შესახებ გიამბობთ, რომელიც ახალგაზრდა და გამოცდილი იურისტების მიერაა დაფუძნებული.

პირველ რიგში საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ იურიდიული კომპანიის დაფუძნება?

ვახტანგ შანავა: პრინციპში, კერძო პრაქტიკის დაწყება ყოველთვის იყო ჩვენი მიზანი. თუმცა, ვფიქრობთ, რომ აუთსორსინგული მომსახურების გაწევისათვის და შეთავაზებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ფართო გამოცდილება. ამიტომ, რაღაც ეტაპზე, გადავწყვიტეთ, რომ ამ სფეროში მაქსიმალურად ფართო გამოცდილება დაგვეგროვებინა და შემდეგ გვეფიქრა იურიდიული კომპანიის დაფუძნებაზე. თან, იმისთვის, რომ სწორი აუთსორსინგული მომსახურება გაწიო, რაღაც ეტაპზე, ბიზნესს შიგნიდან უნდა იცნობდე, იცოდე, რა მოთხოვნები, რა გამოწვევები აქვს და შემდეგ ამ გამოწვევებს აუწყო ფეხი – შესთავაზო კონკურენტული სერვისი. ამიტომ, კარიერის დასაწყისში ე.წ. ინსორს იურიდიულ სერვისში გამოცდილების დაგროვება ვარჩიეთ. გაგვიმართლა და ჩვენი პრაქტიკის განმავლობაში ისეთი კომპანიის სრული სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალება მოგვეცა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესია საქართველოში. დღეს, ვფიქრობთ, რომ დავაგროვეთ საკმაოდ ფართო გამოცდილება და დროა, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, შევთავაზოთ იურიდიული სერვისების ცოტა უფრო ახლებური მოდელი და წვლილი შევიტანოთ თითოეული ჩვენი მომხმარებლის წარმატებაში.

უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ თქვენს სერვისებზე, რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ეკა ტუღუში: მომხმარებლებს ვთავაზობთ იურიდიულ მხარდაჭერას საბანკო და ფინანსურ ურთიერთობებში, სახელშეკრულებო ურთიერთიერთობებში, ბიზნეს სამართლებრივ ურთიერთობებში, შრომით ურთიერთობებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში, იურიდიული პროცესების ოპტიმიზაციაში, სამართლებრივი ანალიზისა (ე.წ. Due diligence) და შესაბამისობის პროცესში. ეს ყველა ის სერვისია, რომელიც აუცილებელია ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის. თითოეულ ამ სერვისში გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყო ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის მხარდაჭერა სწორად ამ მიმართულებებით. სამართალი საკმაოდ ფართო სფეროა და შეუძლებელია, ყველა სფეროში ერთნაირი პროფესიონალი იყო, პროფესიონალიზმი პრაქტიკას მოაქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა მხოლოდ ის სერვისები, რომელშიც დახელოვნებულები ვართ.

ვახტანგ შანავა

ვახტანგ შანავა: იმ სერვისების ფარგლებში, რომელზეც ეკა საუბრობს, მომხმარებლებს იურიდიულ ინდუსტრიაში სიახლესაც ვთავაზობთ – ეს არის ე.წ. მომსახურების პაკეტები. გვაქვს რამდენიმე სახის მომსახურების პაკეტი და ერთმანეთისაგან ეს პაკეტები განსხვავდება პაკეტის ფარგლებში მისაღები მომსახურებების რაოდენობით და ფასით. ჩვენი მიზანი ჩვენს კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობაა და შესაბამისად პაკეტებიც ამაზეა გათვლილი, რაც უფრო მეტი ხნით სარგებლობს მომხმარებელი კონკრეტული პაკეტით, მით უფრო მცირდება ყოველთვიური მომსახურების საფასური.

უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ თქვენს პაკეტებზე, რას მოიცავს ეს პაკეტები და ვინ არის თქვენი აზრით ამ პაკეტების პოტენციური მომხმარებელი?

ვახტანგ შანავა: გვაქვს ე.წ. იურიდიული მრჩევლის პაკეტები, 3-თვიან, 6-თვიან და 12-თვიან პერიოდზე გათვლილი. ეს პაკეტები ისეთი კომპანიებისთვისაა, რომლებსაც მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ სურთ მუდმივად კომპანიაში იურისტის დასაქმება და თვის განმავლობაში გარკვეული პერიოდულობით სურთ მიიღონ იურიდიული სერვისები. იურიდიული მრჩევლის ყველა პაკეტი მოიცავს ულიმიტო კონსულტაციებს, რაც ბიზნესებს აძლევს საშუალებას, რომ თუ ყოველდღიურ მიმდინარე იურიდიულ საკითხთან დაკავშირებით გაუჩნდებათ რაიმე კითხვა, შეუზღუდავად დაგვიკავშირდნენ კვალიფიციური კონსულტაციის მისაღებად. პაკეტებში გავითვალისწინეთ სწორედ ის მომსახურებები, რომელიც ჩვენი დაკვირვებით, კომპანიებს ყველაზე ხშირად სჭირდებათ. გარდა ამისა, პაკეტის ფარგლებში მომხმარებელი მიიღებს შესაბამის ფასდაკლებებს „ლოიალის“ სხვა ერთჯერად მომსახურებებზე.

ეკა ტუღუში: გარდა იურიდიული მრჩევლის პაკეტებისა, ასევე გვაქვს სტარტაპ პაკეტი, რომლითაც სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ქართულ სტარტაპს. დღეს სტარტაპების „ბუმია“ და ქართული სტარტაპების წახალისება და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ პაკეტის ფასი ძალიან კონკურენტულია ბაზარზე და მისი მიზანი ქართული სტარტების დახმარებაა მაქსიმალურად დაცული სამართლებრივი რისკებით დაიწყონ ძირითადი საქმიანობა. პაკეტში შედის ის ძირითადი მომსახურებები, რომელიც სტარტაპს სჭირდება უშუალოდ რეგისტრაციის და შემდგომ უკვე ძირითადი საქმიანობის განხორციელების ეტაპზე და მოიცავს კომპანიის რეგისტრაციაში მხარდაჭერას და ნებისმიერი საჭირო დოკუმენტის მომზადებას, შრომითი ხელშეკრულების და შინაგანაწესის შედგენას და სტარტაპ კომპანიის ძირითადი საქმიანობისთვის აუცილებელი ხელშეკრულების პროექტის შედგენას. ეს არის ის სამი ძირითადი საკითხი, რის გარეშეც სტარტაპს გაუჭირდება ფუნქციონირების დაწყება, თუმცა ბენეფიტის სახით პაკეტში ასევე დავამატეთ დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების რევიზია. საბედნიეროდ, საკმაოდ ხშირია ტექნოლოგიური სიახლეების ხელშეწყობის მიზნით, სტარტაპების დაფინანსება და მნიშვნელოვანია, თითოეულმა ასეთმა სტარტაპმა წინასწარ იცოდეს, რა უფლებები და ვალდებულებები აქვს ამ ხელშეკრულების ფარგლებში. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ სტარტაპის ყველაზე დიდი აქტივი მათი ბიზნეს იდეაა და ჩვენ კარგად გვესმის იდეების დაცვასთან დაკავშირებული რისკები. ამიტომ, ამავე პაკეტში შედის ინფორმაციის კონფიდენციალურობის შეთანხმების მომზადება, რომელიც სტარტაპ კომპანიებს დაეხმარება მათ იდეებისა და კონცეფციების ეფექტურად დაცვაში. პაკეტი რა თქმა უნდა მოიცავს შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით კონსულტაციასაც. მარტივად რომ ვთქვათ, ამ პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში, სტარტაპი სრულად უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი მხარდაჭერით მთლიანი პროცესის განმავლობაში და დაზღვეული სამართლებრივი რისკებით შეძლებს საქმიანობის დაწყებას.

უკვე ახსენეთ თქვენი გამოცდილება, რომ გვიამბოთ რა გზა გაიარეთ დღემდე?

ეკა ტუღუში: იურიდიულ პრაქტიკაში, დაახლოებით, 11-წლიანი გამოცდილება მაქვს და ჩემი ძირითადი გამოცდილება „საქართველოს ბანკს“ უკავშირდება. ეს იყო უზარმაზარი სკოლა, რომელმაც გამოცდილება მომცა არა მარტო იურიდიული კუთხით, არამედ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პიროვნულ განვითარებაში, მენეჯერული უნარების გამომუშავებასა და გაუმჯობესებაში. მუშაობა დავიწყე ბანკის კორპორაციულ დეპარტამენტში, სადაც ბანკს ვუწევდით მხარდაჭერას კორპორაციული კლიენტების დაკრედიტების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რადგან ყოველდღიური შეხება მქონდა უმსხვილეს კორპორაციებთან და პრინციპში აქ ვისწავლე რას ელის ბიზნესი იურისტისგან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გადავედი ბანკის იურიდიულ დეპარტამენტში და ამ დეპარტამენტში გამოვიცვალე სამი პოზიცია, მათ შორის ვიყავი სამსახურის უფროსი და შემდგომ უკვე იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება, ძირითადად, ერთ კორპორაციას უკავშირდება, იმდენად კომპლექსური და მრავალფეროვანია ბანკის ყოველდღიური ურთიერთობები, რომ გამოცდილება დავაგროვე არა მარტო საკრედიტო მიმართულებით, არამედ ნებისმიერი იმ ბიზნესის მიმართულებით, რომელიც ფუნქციონირებს ბანკის შიგნით, იქნება ეს მარკეტინგული მიმართულება, აიტი მიმართულება, შესყიდვები, საგადახდო ბიზნესი თუ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულება.

ვახტანგ შანავა: ჩემი მთავარი გამოცდილება საქართველოს ბანკს უკავშირდება, რომელშიც 11 წელი ვიმუშავე და 5 სხვადასხვა პოზიცია მეკავა. ამგვარი კარიერული საფეხურების გავლა ნამდვილად ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რადგან საშუალება გაქვს, იურიდიულ პროცესებს სხვადასხვა რაკურსიდან შეხედო. როდესაც იურიდიულ და ბიზნეს პროცესებს მომხმარებლის, კომპანიის ბიზნეს მიმართულებების, კომპანიის მენეჯმენტის და სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების (ეროვნული ბანკის) გადმოსახედიდან უყურებ, ეს გეხმარება საკითხების მასშტაბურად დანახვაში, შედეგად უფრო მოქნილი ხდები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

როდესაც ისეთ კომპანიაში მუშაობ, რომელიც მომსახურების მაღალ სტანდარტს ადგენს, მუდამ ფორმაში უნდა იყო და ფეხი აუწყო ყოველდღიურ გამოწვევებს. ბანკში ბიზნეს მიმართულებებთან ერთად, მრავალი სასარგებლო პროექტი განვახორციელეთ, დავნერგეთ არაერთი პროდუქტი თუ პროცესი და ყოველდღიურად ვმუშაობდით მათ დახვეწაზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საბანკო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა რადიკალურად შეიცვალა (მაგ. დაკრედიტებისა და მომხმარებელთა უფლებების ნაწილში) და ძალიან მიხარია, რომ სწორედ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების პერიოდში ვიმუშავე ბანკში. იურისტის მთავარი დანიშნულება კომპანიის იურიდიული რისკებისგან დაცვასა და ბიზნეს პროცესის ეფექტურ ფუნქციონირებას შორის ბალანსის დაცვაა. მარტივია, უთხრა კლიენტს რა არის აკრძალული და რა არ გამოვა, უფრო რთულია უთხრა როგორ გამოვა პროექტი, თან ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანო მოსალოდნელი რისკები. მოკლედ რომ ვთქვა, დღეს ბიზნესს ნაკლები ბიუროკრატია და მეტი თავისუფლება სჭირდება, მათ შორის იურიდიული სერვისების მიღებისას.  

თქვენი კომპანიის უპირატესობებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? რატომ უნდა აირჩიონ Lawyal?

ვახტანგ შანავა: ჩვენი კომპანიის უპირატესობა, ვფიქრობ, სწორედ ის სერვისებია, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ. მომსახურების პაკეტებზე ზემოთ ფართოდ ვისაუბრეთ და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს განგვასხვავებს სხვა კომპანიებისაგან. ჩვენი მომსახურება გამჭვირვალეა, არა მარტო იმიტომ რომ წინასწარ გვაქვს განსაზღვრული პაკეტური მომსახურების საფასური და მომსახურების ტიპები, არამედ, მაგალითად, ჩვენი მომხმარებლისთვის გამჭვირვალეა ჩვენთან ურთიერთობის წესები და ისინი პირდაპირ საიტზეა განთავსებული. სერვისის მიღებისას მხოლოდ ფასი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ასევე მომსახურების მიღების პირობები, რა უფლებებს განიჭებს, ან რა ვალდებულებებს გაკისრებს ესა თუ ის ურთიერთობა და ვფიქრობ, საკმაოდ დიდი კომფორტია, როდესაც სერვისის მიღებისას შეგიძლია მათ წინასწარ გაეცნო და ამის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება, ისარგებლო თუ არა იმ კონკრეტული კომპანიის სერვისით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძირითადი გამოცდილება ე.წ. ინსორს იურიდიულ მხარდაჭერას უკავშირდება, შესაბამისად ზუსტად ვიცით რა სერვისს ელის კომპანია იურისტისგან. აუთსორსინგული მომსახურების მინუსად ხშირად მიიჩნევა ის, რომ აუთსორსინგული კომპანია დამოუკიდებელი სუბიექტია და მარტივად რომ ვთქვათ გვერდიდან უყურებს პროცესებს.  ბოლომდე ვცდილობთ, გავხდეთ ბიზნეს პროცესების ნაწილი და ჩვენ მიერ შეთავაზებული ესა თუ ის იურიდიული პროცესი თუ ხელშეკრულება იყოს მაქსიმალურად შესაბამისი იმ ბიზნეს სპეციფიკის და პროცესების, რომელიც ჩვენი კლიენტისათვისაა დამახასიათებელი.

ეკა ტუღუში

ეკა ტუღუში: მე გამოვყოფდი ჩვენს ერთ-ერთ სერვისს, კერძოდ, იურიდიული პროცესების ოპტიმიზაციას და რომელიც ასევე ახალია იურიდიულ ინდუსტრიაში. ამ სერვისის ფარგლებში, ჩვენი გუნდი შეისწავლის კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერ პროცესს, დააიდენტიფიცირებს არის თუ არა კომპანიაში სწორი იურიდიული პროცესები და კომპანიას შესთავაზებს მისი ოპტიმიზაციის საშუალებებს. ბანკის ჭრილში, თითქმის, ყოველ დღე ხდებოდა პროცესების შესწავლა, მათი ოპტიმიზაციის საშუალებების მოძიება, ასევე ყველასთვის ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ ბანკი ეჯაილ პროცესებზე გადავიდა და მთელი ბანკის იურიდიული პროცესების ეჯაილ პროცესებზე მორგებაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაც იყო და გამოცდილების მომცემიც. ჩვენი იურიდიული მხარდაჭერის შედეგად, ბანკში პროდუქტების გაყიდვის პროცესი საგრძნობლად გამარტივდა და პროდუქტის გაყიდვის დროც მინიმუმამდე შემცირდა. მოკლედ რომ გითხრათ, დავრწმუნდით, რომ სწორ და გამარტივებულ იურიდიულ პროცესებს საგრძნობლად შეუძლია კომპანიის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საბოლოოდ მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაც. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება ამ კუთხით და მომხმარებლებს ეს ახალი და ძალიან საჭირო სერვისიც შევთავაზოთ. პროცესების გამარტივების მნიშვნელობა პანდემიამაც კარგად აჩვენა, მაგალითად როდესაც შეზღუდვებიდან გამომდინარე საოცრად გართულდა მატერიალურად ხელშეკრულებების ხელმოწერის პროცესი, აღმოჩნდა რომ უმსხვილესი კორპორაციებიც კი არ იყვნენ მზად ელექტრონული ხელმოწერის დანერგვაზე და დაჩქარებულ, ფორს-მაჟორულ პირობებში მოუწიათ კომპანიებს პროცესების გამარტივება და ალტერნატიული გზების მოძიება.

რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს . . .

ვახტანგ შანავა: როგორც ნებისმიერი სფერო, იურიდიული სფეროც მომხმარებლის ქცევაზე და კმაყოფილებაზეა დამოკიდებული. ამიტომ ჩვენი სამომავლო მიზანი და გეგმებიც, რა თქმა უნდა, მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაა. დღესდღეობით, თითქმის, ყველა სერვისი ონლაინ სივრცეში გადადის. ამიტომ, ჩვენც ვგეგმავთ, რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ტენდენციებს და მაქსიმალურად, „ონლაინ“ გავხადოთ როგორც თავად იურიდიული სერვისის და პაკეტების შეძენა, ისე თავად მომსახურების გაწევის პროცესი. რამდენიმე საინტერესო იდეა გვაქვს ამ მხრივ, ჯერ პაკეტური მომსახურება მაინც საცდელ ეტაპზეა, არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში. ვფიქრობ, თუ პაკეტურ მომსახურებას „ონლაინ“ რეჟიმში გადავიტანთ საზოგადოების მხრიდან მასზე მოთხოვნა ბევრად გაიზრდება.

ეკა ტუღუში: მომხმარებლების გარდა, თავად იურისტების ცხოვრების გამარტივებაზეც ვფიქრობთ. ამ მხრივაც გვაქვს რაღაც იდეები როგორ გავამარტივოთ თავად იურისტის მუშაობის პროცესი და გავხადოთ ის მეტად ავტომატიზებული, რათა იურისტს მეტი დრო დარჩეს საინტერესო სამართლებრივ კვლევებზე, საკანონმდებლო ანალიზზე და რუტინულ სამუშაოზე ნაკლები დრო დაეკარგოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იურიდიულ საკითხებში. ამიტომ ამ მხრივაც ვგეგმავთ ტრენინგების ჩატარებას და ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე.

 

[R]

„უსული“: „კარდაკარ დავდიოდით და ნარჩენებისგან ფეხსაცმლის შესაკერად, მეწაღეებს ვეძებდით“

შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით!