თქვენი მხედველობა იმდენად კარგი შეიძლება იყოს, რომ წვრილად დაწერილი ასოები ოპტომეტრისტთან რამდენიმე მეტრიდან წაიკითხოთ. თუმცა, რას იტყვით ეს მაჩვენებელი 1.36 კილომეტრამდე რომ გავზარდოთ? რა თქმა უნდა, ახალ მოწყობილობაზე გესაუბრებით, რომელსაც ლაზერით წვრილად დაწერილი ტექსტის წაკითხვა ამ მანძილზეც კი არ უჭირს.
ინტენსივობის ინტერფერომეტრია გამოსახულების მიღებისას ჩვეულებრივი კამერებისგან განსხვავებულ მიდგომას იყენებს — სინათლის ტალღების პირდაპირ გაზომვის ნაცვლად, ეს მოწყობილობები ზომავს, როგორ აირეკლება სინათლე და როგორ აირევა ერთმანეთში, შემდეგ კი ამ მონაცემებიდან ადგენს გამოსახულებას.
ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოცადეს ინსტრუმენტი, რომელიც რვა ინფრაწითელ ლაზერულ სხივს უშვებს და მიმართულია მანძილის კონკრეტულ წერტილამდე. შემდგომ კი სინათლის არეკვლის ინტენსივობის დასაფიქსირებლად, ორი ტელესკოპი გამოიყენეს. ორი ტელესკოპიდან მიღებულ მონაცემებს შორის სხვაობის შედარებითა და რვა ლაზერული სხივის ფრთხილი კალიბრაციის გზით გამოსახულების რეკონსტრუქციაც გახდა შესაძლებელი.
„გარეთ ჩატარებული ექსპერიმენტით წარმატებით გადავიღეთ მილიმეტრიანი მასშტაბის სამიზნეები, რომლებიც 1.36 კმ.-ით დაშორებულ მანძილზე იყო განლაგებული…“, — ვკითხულობთ მკვლევართა ნაშრომში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შორი მანძილის კამერები ბევრგან გამოიყენება, კოსმოსური ტელესკოპებიდან დაწყებული, დისტანციური სენსორებით დამთავრებული. თუმცა აქ გამოყენებულ მეთოდს ატმოსფერულ ტურბულენტურობასთან გამკლავება და კამერის უკეთ დაყენება შეუძლია, რითაც ნაკლოვანებები მინიმუმამდე დადის.
მკვლევრების მიერ აღწერილი სისტემით, მათ ასოების ზუსტად წაკითხვა 3 მმ. გარჩევადობით შეძლეს და თუ მხოლოდ ერთ ტელესკოპს გამოიყენებდნენ, გარჩევადობა იმავე მანძილზე 42 მმ იქნებოდა — ეს დიდი წინსვლაა და ინტენსივობის ინტერფერომეტრის პოტენციალსაც ასახავს:
„ახალი ნამუშევარი მნიშვნელოვან ტექნიკურ წინსვლას გვაჩვენებს იმ შორეული ობიექტების დაფიქსირებისას, რომლებიც საკუთარ სინათლეს ვერ ასხივებს“.