in

„იურისტის ერთადერთი დანიშნულება არ არის პრობლემის მოგვარება. იურიდიული მომსახურება მუდმივად საჭიროა, ზუსტად იმიტომ, რომ ეს პრობლემები არ გაჩნდეს“. 

LBP Law Office – მომსახურება მეწარმეების, იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის

იურიდიული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, მაშინ გვახსენდება, როდესაც მაგალითად, რაიმე პრობლემა გვაქვს კომპანიაში. არა და, შეიძლება, სიტუაციას ასე შევხედოთ – ამ სერვისით მანამდე ვისარგებლოთ, რომ მოსაგვარებელი პრობლემები არ შეგვექმნას. როგორც LBP Law Office-ში ამბობენ, ზუსტად ეს მიდგომა დაეხმარება მეწარმეებს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, თავიდან აირიდონ სირთულეები.

LBP Law Office იურიდიული კომპანიაა, რომელიც ერთჯერად, ან „აუთსორს“ სერვისს სთავაზობს მეწარმე-სუბიექტებს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს. ამ ეტაპზე, მათი მომსახურება, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებებს მოიცავს, უფრო ზუსტად კი ესენია: სახელშეკრულებო სამართალი – ხელშეკრულებების შედგენა, რისკების ანალიზი, შრომის სამართალი, საგადასახადო კონსულტაციები, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, წარმომადგენლობა როგორც მოლაპარაკებებში, ისე სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, კონსულტაცია კორპორაციულ საკითხებზე და დოკუმენტაციის შედგენა, სასამართლო დოკუმენტაციის მომზადება, სასაქონლო ნიშნებსა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, სადაზღვევო სამართალი, რისკების ანალიზი და მენეჯმენტი, ბიზნესის რეგისტრაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები.

უფრო მეტს LBP Law Office-ზე მისი დამფუძნებლების მიხეილ რეხვიაშვილისა და საბა ქევხიშვილისგან შევიტყობთ.

საბა ქევხიშვილი

საბა ქევხიშვილი: პირველი „ლოქდაუნის“ დროს, საკმაოდ ემოციური ფონი შეიქმნა. პანდემიამ ბევრი სირთულე წარმოშვა და ძალიან ცუდი შედეგები მოგვიტანა ყველას. მაგრამ მეორეს მხრივ, მოგვეცა უამრავი დრო და საშუალება, გვემუშავა საკუთარ თავზე, თვითგანვითარებაზე, დავფიქრებულიყავით და გაგვეანალიზებინა ბევრი რამ. ჩვენ შემთხვევაში, ეს იყო შესაძლებლობა, დაგვეწყო საკუთარი საქმე და გვეკეთებინა ის, რისიც გვჯერა და გვწამს. 2020 წლის სექტემბერში დავაფუძნეთ კომპანია. თავიდან სხვა შემადგენლობით ვიყავით, შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდა. ადრე თუ გვიან, ამ ეტაპს ყველა კომპანია გადის, მით უმეტეს, როდესაც ისეთ მიზნებსა და ამბიციებზეა საუბარი, ჩვენ რომ გვაქვს. თებერვლიდან ვართ ჩვენ ორნი, საბოლოოდ შეიკრა გუნდი, რომელიც ბოლომდე გრძნობს და იაზრებს, აღებულ პასუხისმგებლობას. საკუთარ თავზე უკვე გამოვცადეთ, რას ნიშნავს რთულ პერიოდში ახალი საქმის დაწყება. ამის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ამ ეტაპამდე, საკმაოდ კარგად მოვედით. იგივე ტემპით გავაგრძელებთ მომავალშიც.

მიხეილ რეხვიაშვილი: იდეა, დაახლოებით, 2 წლის წინ გაგვიჩნდა. მაშინ სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდით, როგორც იურისტები. ნელ-ნელა იდეა მომწიფდა, რაღაც მომენტში, გადავწყვიტეთ, გაგვეერთიანებინა ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, ინტელექტუალური რესურსი და ერთი კომპანიის ფარგლებში შეგვეთავაზებინა იურიდიული მომსახურება პოტენციური კლიენტებისთვის. ბიზნესთან მიმართებაში, დამოუკიდებელი, კერძო ადვოკატების პრაქტიკა წარსულს ბარდება. ხშირ შემთხვევაში, ძალიან რთულია, ერთმა ადამიანმა სრულფასოვანი მომსახურება გაუწიოს კომპანიას, რადგან დღევანდელი სამართლებრივი პრობლემები კომპლექსურია და შესაბამის მიდგომას საჭიროებს. პანდემიამ ყველაფერი კიდევ უფრო დააჩქარა, მივხვდით, რომ საკუთარი საქმის დასაწყებად, ზუსტად შესაფერისი დრო იყო.

რთული არ იყო იმ პერიოდში ახალი საქმის დაწყება? ინტერესი არის თქვენს მომსახურებაზე?

მიხეილ რეხვიაშვილი

მიხეილ რეხვიაშვილი: თებერვლამდე გავიარეთ ფორმაციის საბოლოო პერიოდი, რასაც, რეალურად, ყველა კომპანია გადის და შემდეგ ახალი სუნთქვით აგრძელებს საქმიანობას. რაც შეეხება მოთხოვნას, დღეს, საქართველოში, ბიზნესის გარკვეული ნაწილი, არ არის დაინტერესებული იურიდიული მომსახურებით, სანამ გარკვეულ სამართლებრივ სირთულეებს არ წააწყდება. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, დავანახვოთ მათ, რომ იურისტის მომსახურება ზუსტად იმისთვის არის საჭირო, რომ მეწარმეს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, ამ მიმართულებით, ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს და რაიმე პრობლემამ არ იჩინოს თავი. ნელ-ნელა ეს მოთხოვნა ნამდვილად იზრდება, უკვე გვყავს ასოციაციები, იურიდიული თუ ფიზიკური პირები, რომლებსაც ვემსახურებით და ჩვენი თანამშრომლობა გრძელ ვადაზეა გათვლილი.

რაც შეეხება თქვენს გამოცდილებას . . . 

მიხეილ რეხვიაშვილი: იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსზე ვიყავი, როცა, კონკურსის შედეგად, საქართველოს იურისტთა ასოციაციაში (საია) მოხვდი. თითქმის, ერთი წელი იურისტის ასისტენტი ვიყავი. შემდეგ, მათივე რეკომენდაციით, საგზაო – სამშენებლო კომპანია „სმარტ სოლუშენში“ გადავედი. ეს არც თუ პატარა კომპანიაა და მე ვიყავი ერთადერთი იურისტი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა და შესაბამისად, დიდი გამოცდილებაც მივიღე. დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, უკვე მივიღე გადაწყვეტილება, საკუთარი საქმე დამეწყო.

საბა ქევხიშვილი: სამართლებრივი მიმართულებით, პირველი გამოცდილება New Vision-ის იურიდიული დახმარების კლინიკაში მივიღე. ეს არის „ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის“ უფასო იურიდიული დახმარების კლინიკა. საიას მსგავსად, მათაც მრავალპროფილური მომსახურება აქვთ. საკმაოდ ბევრი მიმართულებით მუშაობენ. სწორედ ეს მეხმარება დღეს, ჩვენს სექტორში არსებული, რეალური სურათის აღქმაში. შემდეგ, იურისტად ვმუშაობდი „საქართველოს ბანკში“, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემთვის. დიდ კორპორაციაში მუშაობისას, პროფესიული ცოდნის გარდა, სხვა უნარებს, ჩვევებსა და თვისებებს იძენს ადამიანი.

თქვენი მუშაობის პრინციპებზეც რომ გვიამბოთ, ვისთან თანამშრომლობთ და რითი ხელმძღვანელობთ  პროცესში? 

საბა ქევხიშვილი: ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ასოციაციასთან, მაგალითად, „მეწარმეთა ასოციაცია“. ასევე ვმუშაობთ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, ერთ-ერთი Europe Donna-ს ადგილობრივი წარმომადგენლობაა. მათ ზუსტად ხანგრძლივ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ, მუდმივ იურიდიულ მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მეწარმეს და მით უმეტეს მათ, ვინც განსაკუთრებით დიდი ზარალი ნახა პანდემიის პერიოდში, მაქსიმალური თანადგომა გამოვუცხადოთ. ყოველთვის ვცდილობთ, მოვერგოთ კლიენტის ინტერესებს. არ გვაქვს ლიმიტირებული საფასო პოლიტიკა. გვინდა, რაც შეიძლება პროდუქტიულები ვიყოთ ჩვენი პოტენციური თუ არსებული დამკვეთებისათვის. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ, მისაღები პირობები შევთავაზოთ მათ.

მიხეილ რეხვიაშვილი: მაგალითად, „მეწარმეთა ასოციაციის“ უმრავლესობა მცირე და მიკრო მეწარმეები არიან. მათ, ისევე როგორც სხვა ასოციაციებსა და მათ წევრებს, შეღავათებს ვთავაზობთ. ამ ზომის ბიზნეს სუბიექტები, ხშირ შემთხვევაში, არ სარგებლობენ იურიდიული მომსახურებით, ხოლო როცა რაიმე პრობლემა ექმნებათ, ძალიან ძვირად უჯდებათ, რადგან ის შიდა საფრთხეები, რაც მუდმივად ახლავს ბიზნესს, თავიდანვე არ აქვთ დაზღვეული. ჩვენ ვცდილობთ, ყველა ბიზნესს დავანახვოთ იურისტის საჭიროება. რაღაც მომენტში, ეს პროფესია ექიმობას ჰგავს – რატომღაც ითვლება, რომ ის მხოლოდ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა არსებობდეს, ისევე როგორც ექიმი.

იურისტის ერთადერთი დანიშნულება არ არის პრობლემის მოგვარება – ამ პროფესიის წარმომადგენლის დახმარება სჭირდება ყველას, ზუსტად იმიტომ, რომ ეს პრობლემები აირიდოს თავიდან.

ექიმის შემთხვევაშიც ხომ ასეა, დაგვიანებული პაციენტი გაცილებით მეტ დროს, ენერგიას და ფინანსებს ხარჯავს უკვე არსებული დაავადების მკურნალობაში. იგივეა ჩვენს სფეროშიც – როცა სრული იურიდიული მომსახურებით თავიდანვე არ სარგებლობენ, პრობლემის წარმოშობის შემდეგ, უფრო მეტი მატერიალური რესურსი ეხარჯებათ მის მოსაგვარებლად, ეს კი მათი საქმიანობის შედეგსა და პროდუქტიულობაზე აისახება.

LBP Law Office-ს რა უპირატესობა აქვს, რატომ უნდა აირჩიონ მეწარმეებმა, იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა თქვენი კომპანია? 

საბა ქევხიშვილი: გარდა იმისა, რომ გვჯერა საკუთარი კვალიფიკაციისა და გამოცდილების, ჩვენ ვცდილობთ, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ იურიდიული დახმარებით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ჩვენი კლიენტებისთვის ახალი ბიზნეს პერსპექტივების და შესაძლებლობების ჩვენება, სხვადასხვა სიტუაციიდან სწორი გამოსავლის მოძებნა. მხოლოდ ასეთი მიდგომა მოუტანს ბიზნესს წარმატებას, რაც, თავისთავად, ჩვენი წარმატების გარანტიცაა.

მიხეილ რეხვიაშვილი: ჩვენი გუნდის სიძლიერეზე ჩვენივე წარმატებული საქმეები მეტყველებს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქმისადმი დამოკიდებულება და მიდგომა.

ყოველთვის ვეძებთ გამოსავალს იქ, სადაც სხვები არ ეძებენ.

მაგალითად, გვქონდა „ქეისი“, საიდანაც, თითქოს, გამოსავალი არ ჩანდა. საქმე ეხებოდა  ერთ-ერთ ბრძანებაში შესულ ცვლილებებს. მანამდე ბევრი იურისტი და საგადასახადო კონსულტანტი ჰყავდათ ამ ორგანიზაციაში, მაგრამ მხოლოდ ჩვენ მივაგენით ისეთ დეტალს, რომელსაც ყურადღება არავინ მიაქცია. მე მგონია, ჩვენი უპირატესობა საკითხისადმი ასეთი მიდგომაა.

მიზნები და ამბიციები ახსენეთ. რას გეგმები გაქვთ სამომავლოდ? 

საბა ქევხიშვილი: ჩვენი მიზნები და ამბიციები არ შემოიფარგლება მხოლოდ LBP-თ. ვთვლით, რომ გვაქვს საკმაო გამოცდილება, ინტელექტუალური რესურსი და შეგვიძლია, ბევრად უფრო დიდ შედეგებზე გავიდეთ. არ გვგონია, რომ მხოლოდ იურიდიული მომსახურებით უნდა შემოვიფარგლოთ. ჩვენს კომპანიას ბიზნესისა და საერთოდ, საზოგადოებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ვაპირებთ ეკოლოგიის, განათლების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობას. 

მიხელ რეხვიაშვილი: ამ შეკითხვაზე, 10-დან, მინიმუმ, 9 ორგანიზაცია გიპასუხებთ, რომ მისი მიზანია, იყოს საუკეთესო კომპანია საქართველოში, მაგრამ ჩვენ განსხვავებული გეგმები გვაქვს. ბუნებრივია, LBP Law Office უნდა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ იურისპოდენცია ნამდვილად არ იქნება ერთადერთი სფერო, რომელში საქმიანობასაც ვაპირებთ. სამომავლოდ, ვფიქრობთ, ერთ ჰოლდინგში რამდენიმე კომპანია გავაერთიანოთ, სადაც იურიდიული მომსახურების გარდა, მომხმარებელს შევთავაზებთ, მაგალითად, ფინანსურ თუ საინვესტიციო სერვისებსაც. გვაქვს კიდეც საინვესტიციო კომპანია, ახლა სწორედ იდეების დამუშავების და ფორმირების პროცესში ვართ.

 

[R]

„მე ძალიან მსუქანი ვარ?“ – გვაჩვენეთ რეკლამაში ნამდვილი სილამაზე! – Dove ინდუსტრიას შიგნიდან ანგრევს

სერბი მეხანძრე კრიშტიანუ რონალდუს მიერ გადაგდებულ კაპიტნის სამკლაურს აუქციონზე ჰყიდის