in

რატომ იყენებენ გამოცდილი ლიდერები ხელოვნურ ინტელექტს განსხვავებულად

Lenovo
Lenovo

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ათვისების მაჩვენებლებში გენდერული სხვაობა ხშირად ხდება დისკუსიის საგანი. ჰარვარდის ბიზნესსკოლის კვლევების თანახმად, ქალები ხელოვნურ ინტელექტს მამაკაცებთან შედარებით დაბალი ტემპით იყენებენ, რასაც ხშირად ყოყმანად ან ტექნოლოგიურ წინააღმდეგობად აღიქვამენ. თუმცა თავად ათვისების სტატისტიკა შესაძლოა მცდარი საზომი აღმოჩნდეს.

მენეჯერულ პრაქტიკაში დაკვირვება სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს. მრავალი წამყვანი ქალი ლიდერი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას იმიტომ კი არ აყოვნებს, რომ ტექნოლოგიას გაურბის, გაცილებით გააზრებულად და მიზანმიმართულად უდგება მის შესაძლებლობებს. ისინი პროცესს იწყებენ არა ტექნოლოგიით, საკუთარი ხედვითა და სტრატეგიით.

ეს განსხვავება გადამწყვეტია. ხელოვნურ ინტელექტს არ ესმის, რა არის უმნიშვნელოვანესი კონკრეტულ მომენტში. მან არ იცის კომპანიის ისტორია, შიდა პოლიტიკური რეალობა, დაინტერესებულ მხარეთა ურთიერთობები და იმ გადაწყვეტილებების ადამიანური ფასი, რომლებიც ორგანიზაციაში მიიღება. გამოცდილი მენეჯერები აცნობიერებენ, რომ განსჯა და საბოლოო დასკვნა მხოლოდ მათი პასუხისმგებლობაა, ხოლო ტექნოლოგია მათ აზროვნებას აფართოებს და აძლიერებს, თუმცა ადამიანურ ფაქტორს ვერასდროს ანაცვლებს.

პრობლემის განსაზღვრა ალგორითმამდე

ყველაზე შედეგიანი ლიდერები ტექნოლოგიასთან მუშაობას იმის გარკვევით არ იწყებენ, თუ რა უნდა გააკეთონ. ისინი ჯერ პრობლემას აყალიბებენ და წარმატების საზომს განსაზღვრავენ.

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების კვლევები ადასტურებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინიციატივები რეალურ ღირებულებას მხოლოდ მაშინ ქმნის, როდესაც საქმე იწყება მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბიზნესამოცანითა და გაზომვადი შედეგებით. ორგანიზაციები, რომლებიც პროცესს მხოლოდ ციფრული ხელსაწყოს დანერგვით იწყებენ, ხშირად ვერ სცდებიან ექსპერიმენტულ ფაზას, რადგან არ იციან, როგორ შეაფასონ მიღწეული შედეგი.

რთული კორპორაციული კომუნიკაციისას, მაგალითად, წესების დარღვევის შემდეგ კოლეგასთან უხერხული საუბრის წინ, მთავარია მიზნის წინასწარ განსაზღვრა – პროფესიონალიზმის შენარჩუნება და მკაფიო საზღვრების გავლება. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ტექნოლოგიის გამოყენება შესაფერისი, პირდაპირი და პატივისცემით სავსე ტონის მოსაძებნად. წარმატება უკეთეს ბრძანებაში კი არა, იმ წინასწარ გააზრებაშია, რასაც მანქანა ადამიანის ნაცვლად ვერ შეასრულებს.

ურთიერთობების ინტელექტის განვითარება

გამოცდილი ხელმძღვანელები ტექნოლოგიას მხოლოდ ტექსტებისა და წერილების შესადგენად არ იყენებენ. ისინი მას ადამიანების უკეთ გასაგებად და ურთიერთობების დასალაგებლად მიმართავენ. საუბარია პარტნიორების, ინვესტორებისა და გუნდის წევრების პრიორიტეტების, კომუნიკაციის თავისებურებებისა და წარსული გამოცდილების სისტემატიზაციაზე. ყოველი ახალი დიალოგის ნულიდან დაწყების ნაცვლად, ტექნოლოგია ეხმარება მენეჯერს კანონზომიერებების დანახვაში, შესაძლო რეაქციების განჭვრეტასა და იმ დეტალების შემჩნევაში, რაც შესაძლოა ყურადღების მიღმა დარჩენილიყო.

სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული ნაშრომები ადასტურებს, რომ ალგორითმები ადამიანებს ეხმარება ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების გაერთიანებაში, საერთო ენის პოვნასა და იმ შეხედულებების გამოვლენაში, რომელთა დამოუკიდებლად ფორმულირება რთულია. კომპანიებში მასშტაბური ტექნოლოგიური პროექტების დაწყებამდე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ აღიქვამს წინადადებას თითოეული მმართველი და რა განსხვავებული ინტერესები გამოიკვეთება დისკუსიისას. საქმე ეხება არა იმას, რა ითქვას, იმას, როგორ მიეწოდოს ინფორმაცია აუდიტორიას საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

გადაწყვეტილება ლიდერებისთვის

გამოცდილ მენეჯერს ესმის, რომ ინფორმაციის მოძიება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ორი სრულიად განსხვავებული ამოცანაა. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მონაცემების დახარისხება, თემების გამოკვეთა, ფაქტების შეჯამება და ალტერნატივების შეთავაზება, თუმცა მას არ ძალუძს იმის განსაზღვრა, რომელი კომპრომისია გამართლებული და რა შედეგია მისაღები.

ფსიქოლოგიური და მენეჯერული კვლევები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილების ხარისხი ყველაზე მაღალია მაშინ, როდესაც ანალიტიკური ლოგიკა და ადამიანური ინტუიცია ერთმანეთს ავსებს. ალგორითმი ყველაზე სასარგებლოა როგორც გადაწყვეტილების დამხმარე ინსტრუმნტი და არა როგორც ადამიანის განსჯის შემცვლელი. დონორებთან, პარტნიორებთან თუ გუნდთან ურთიერთობისას ანგარიშები მხოლოდ მშრალ მონაცემებს არ ეფუძნება. ისინი წლების განმავლობაში ნაშენებ ნდობასა და პირად კავშირებს ასახავს, ამიტომ სწორი აქცენტებისა და ტონის შერჩევა მხოლოდ ადამიანს შეუძლია. სისტემა ამზადებს მასალას, ლიდერი კი წყვეტს, რას მოაწეროს ხელი.

ალგორითმი ოპონენტად

ტექნოლოგიის გამოყენების უმაღლესი დონე მასთან კამათი და მისთვის საპირისპირო მოსაზრებების მოთხოვნაა. გადაწყვეტილების მიღების თეორია ადასტურებს, რომ საკუთარი დაშვებების ეჭვქვეშ დაყენება შედეგებს საგრძნობლად აუმჯობესებს.

საკუთარი იდეების უბრალო მოწონებისა და დადასტურების ნაცვლად, ძლიერი ხელმძღვანელები ტექნოლოგიას სთხოვენ გამოუვლენელი რისკბის პოვნას, პროექტის საწინააღმდეგო ყველაზე მყარი არგუმენტების ჩამოყალიბებასა და იმის ახსნას, თუ რატომ შეიძლება არ დაეთანხმოს წინადადებას გონიერი კოლეგა. ეს მიდგომა სტრატეგიას საჯარო განხილვებამდე ამაგრებს და მოულოდნელი წინააღმდეგობების თავიდან აცილებაში ეხმარება გუნდს.

ბიზნესში წარმატებას ხშირად ათვისების ტემპით, სისწრაფითა და პროდუქტიულობის ზრდით ზომავენ. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი მაინც ადამიანური განსჯის სიღრმე რჩება. უდიდეს სარგებელს იღებენ არა ისინი, ვინც საკუთარ გადაწყვეტილებებს ტექნოლოგიას ანდობს, ისინი, ვინც მას საკუთარი აზროვნების გასამკვეთად იყენებს. სამომავლო კონკურენტული უპირატესობა დარჩებათ მათ, ვისაც ზუსტად ესმის, რომელ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ადამიანს.

წყარო: Fastcompany

სტივ ჯობსის წესი, რომელსაც ძლიერი გუნდები ეყრდნობიან

Framestore: კინოს, ხელოვნებისა და მეცნიერების 40 წელი