იმყოფებით ლიდერულ პოზიციაზე? შესაძლოა, წლებია, რაც ორგანიზაციისა თუ გარკვეული ჯგუფების მართვა გიწევთ. შეუწუხებიხართ ფიქრს იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ იზრუნოთ საკუთარ თავსა და თქვენს გუნდზე ისე, რომ არ გადაუხვიოთ თქვენს მიზნებს, უზრუნველყოთ საქმის ეფექტიანი შესრულება და სამუშაო პროცესიც სასიამოვნო გახადოთ? გაეცანით მომდევნო შვიდ რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც მეტად სასიამოვნოსა და ეფექტურს გახდის თქვენს მუშაობას, ასევე, გაგიუმჯობესებთ რეპუტაციას.
- იყავით მეგობრული
მრავალ უფროსთან ურთიერთობა შორ და ცივ, ჩრდილოეთის პოლუსთან მიახლოებას ჰგავს, თანაც, შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე. ეს კი, ხშირ შემთხვევაში, კომუნიკაციის გაუმართაობის, თანამშრომლებისთვის მისალმების დავიწყების, ან მათთან ძალიან კონკრეტული და მცირე საუბრით შემოფარგვლის პრაქტიკის ბრალი შეიძლება იყოს. იყავით კეთილი და ადვილად მისადგომი, მიესალმეთ თქვენს გუნდს და დატოვეთ თქვენი კაბინეტი დღეში ერთხელ მაინც, შეუერთდით შესვენებისას, დერეფნებსა თუ ფოიეებში ჯგუფებად მდგარ თანამშრომლებს, ესაუბრეთ მათ არასაქმიან ან, თუნდაც, საქმიან თემებზე.
- გამოყავით დრო თანამშრომლებისთვის
თუ თქვენი განრიგი ძალიან გადატვირთულია აუცილებელი შეხვედრებითა და ვალდებულებებით, ეს გიტოვებთ ძალიან ცოტა დროს თანამშრომლებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად. თუმცა, იმის დემონსტრირებით, რომ თქვენ გაქვთ დრო და ინტერესი თქვენი კოლეგების აზრების მოსასმენად, მიუხედავად იმისა, როგორი შეიძლება იყოს მათი პოზიცია, დაგეხმარებათ ნდობისა და პატივისცემის დამსახურებაში.
- შეინარჩუნეთ დინამიკური ხასიათი
იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმეები ცუდად მიგდით, გადამწყვეტია, როგორც ლიდერი, იჩენდეთ დინამიკურ და მოქნილ ხასიათს, ასე თქვენ შეძლებთ უკან მოიტოვოთ თქვენი ან დაქვემდებარებული გუნდის დანაკარგებთან დაკავშირებული გამოცდილება, ისე, რომ ეს ნეგატიურად არ აისახოს შემდგომ საქმიანობაზე.
- ეცადეთ იყოთ პოზიტიური
მენეჯერს აქვს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა, რაც, თანდათან, ხელს გიწყობთ ნეგატიური განწყობის გამომუშავებაში. თუ იზრუნებთ პოზიტიური დამოკიდებულების მისაღებად, შეძლებთ, დაეხმაროთ თქვენს თანამშრომლებს ახალი პერსპექტივების რეალიზებაში, რაც იქნება ბევრად პროდუქტიული და ჯანსაღი, თქვენი მუშაობის მიმდინარეობისას, ვიდრე ქრონიკული პესიმიზმი.
- იყავით სამაგალითო
როდესაც გუნდის წევრები ხედავენ, რომ მათი ლიდერი იცავს შეხვედრის დედლაინს, ეს შთააგონებს მათ, გააკეთონ იგივე. პრიმიტიულია, იფიქროთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება, დაარღვიოთ თქვენივე დადგენილი წესები იმის გამო, რომ უფროსი ხართ. ასეთ შემთხვევაში, თქვენი თანამშრომლებისგან პატივისცემას არ უნდა ელოდეთ.
- მყისიერი უკუკავშირი
ხანდახან, მენეჯერები არიან იმდენად დაკავებულები, რომ მათ არ აქვთ დრო მათი თანამშრომლების თუ ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოზე რეაგირებისთვის. თუ ასეა, ბევრმა ადამიანმა შესაძლოა თავი იგრძნოს უგულვებელყოფილად, დაუფასებლად, მეტიც, არასასურველ ადამიანად საკუთარ სამუშაო სივრცეში. გადადგით ნაბიჯები ამ შედეგების თავიდან ასარიდებლად, გაეცით საკმარისი უკუკავშირი და გამოავლინეთ თქვენი პატივისცემა, როცა მას იგრძნობთ.
- იყავით გულმოწყალე
ყველაზე მარტივი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ იმისათვის, რომ იყოთ სასიამოვნო უფროსი, არის იყოთ კეთილი. იყავით კეთილი და გულმოწყალე, თქვენი თანამშრომლები იქნებიან ბედნიერები თქვენთან მუშაობით.