in

ფინანსურ სექტორში დასაქმებულთა გამოწვევები — ინტერვიუ „ლიდერ კრედიტის“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

ფინანსური სექტორი, ბევრ სხვა სფეროსთან შედარებით, კომპლექსურობით გამოირჩევა. კონკურენტული გარემო, ცვალებადი რეგულაციები, მკაცრად გაწერილი წესები და ინსტრუქციები, ფინანსური ენის სირთულე — ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რასთან გამკლავებაც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს უწევთ. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტის“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ლიკა ბურკაძესთან ერთად შევეცდებით, უკეთ გავერკვეთ ფინანსური სექტორის სირთულეებში. ასევე, გავიგებთ, როგორია ფინანსურ ორგანიზაციებში თანამშრომლების შერჩევისა და შენარჩუნების პროცესი. 

M: ლიკა, პირველ რიგში, აგვიხსენით, რაში მდგომარეობს ფინანსური სექტორის კომპლექსურობა?

სხვადასხვა სფეროს შედარების საფუძველზე, შემიძლია ვთქვა, რომ ფინანსური სექტორი ძალიან კონკურენტულია და განსაკუთრებით არის ორიენტირებული შედეგების გაუმჯობესებაზე. ეს ეხება როგორც პროდუქტებს, რომლებსაც კომპანიები სთავაზობენ მომხმარებლებს, ისე სამუშაო გარემოს.

ჩემი დაკვირვებით, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები მუდმივად მუშაობენ საკუთარ თავზე. ცდილობენ, ყოველდღიურად გააუმჯობესონ თავიანთი უნარები და გაიზარდონ პროფესიულად. ისინი ყოველთვის მზად არიან მოქმედებისა და ცვლილებებისთვის. 

ასევე, ამ სფეროში რთული და სენსიტიურია ახალი თანამშრომლების შერჩევა რადგან, ჩვენთვის, როგორც ფინანსური ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.

ჩვენთან შერჩეულ კანდიდატს სამ დღეში ვერ მოამზადებ და მაშინვე სამუშაო პროცესში ვერ ჩართავ. მათ ხანგრძლივი ტრენინგი, მუდმივი უკუკავშირი და მხარდაჭერა სჭირდებათ, რასაც დამსაქმებლის მხრიდან დიდი რესურსი მიაქვს. ამიტომ ამ მიმართულებით მომუშავე HR-ების ამოცანაა, იპოვონ ადამიანები, რომლებსაც გააზრებულად სურთ საფინანსო სექტორში მუშაობა, აქვთ მოტივაცია და სწავლის სურვილი. ეს კი დღევანდელი შრომითი ბაზრის გათვალისწინებით — დიდი გამოწვევაა.

M: შეგიძლიათ მოკლედ აღგვიწეროთ, როგორია კადრების შერჩევის პროცესი?

მე პირადად, ძალიან დიდ დროს ვუთმობ გასაუბრების პროცესს. ვთვლი, რომ გასაუბრებისას არა მარტო ჩვენ ვარჩევთ  გუნდისთვის ახალ წევრს, ამასთან კანდიდატიც ყალიბდება, რამდენად შეესაბამება მის სურვილსა და მოლოდინებს არსებული შეთავაზება. ჩვენი მიზანი, შეთანხმების შემთხვევაში, გრძელვადიანი თანამშრომლობაა. ამისათვის კი საჭიროა გულწრფელობა.  

აუცილებელია, კანდიდატს  გაცნობიერებული ჰქონდეს სფეროში არსებული გამოწვევები და იზიარებდეს ჩვენს ორგანიზაციულ კულტურას. ეს კარგია როგორც კომპანიისთვის, ისე დასაქმებულისთვის — კომპანია იძენს ღირებულ თანამშრომელს, დასაქმებული კი ხვდება მისთვის კომფორტულ გარემოში, სადაც თავს კარგად იგრძნობს და ამასთან, ისწავლის და განვითარდება პროფესიონალების გვერდით.

თანამშრომლის შერჩევის პროცესში, ასევე, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მის მოტივაციას და სწავლის სურვილს. არის შემთხვევები, როცა კანდიდატის  გამოცდილება უკანა ფლანგზე გადამიწევია და უპირატესობა მიმინიჭებია ამ სფეროში დამწყები კანდიდატისთვის. არც შევმცდარვარ.  ხშირად მისი მონდომებით სტაჟირების და ტრენინგების პროცესშივე ბევრ გამოცდილ კადრზე უკეთ წარმოუჩენია თავი.

M: რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც დასაქმებულებს ამ სფეროში ხვდებათ?

როგორც ზემოთ ვახსენე, ფინანსური სექტორი ძალიან კონკურენტულია და გუნდის წევრები მუდმივად მუშაობენ შედეგების გაუმჯობესებაზე. ახალი თანამშრომლისთვის ასეთი გარემო შეიძლება თავიდან ცოტა დამძაბველი იყოს, ამიტომ მას ამისთვის მზაობა სჭირდება. 

ამასთან ერთად, საფინანსო სექტორი მკაცრად კონტროლდება როგორც შიდა, ისე გარე მარეგულირებელი ორგანოების მიერ. გუნდის წევრებსაც მოეთხოვებათ, რომ ამ რეგულაციებით იხელმძღვანელონ და დაიცვან მაღალი სტანდარტები. 

საფინანსო სექტორში დასაქმებულთა კიდევ ერთი გამოწვევა არის ფინანსური ენა – ის რთული ტერმინოლოგიითაა დატვირთული, ასევე, არის სიტყვები, რომელთაც სასაუბრო ენაში სხვა მნიშვნელობა აქვს, ფინანსურ საქმიანობაში კი შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმებულებს შეეძლოთ მომხმარებლებისთვის ფინანსური ტერმინოლოგიის სწორად და მარტივად ახსნა. 

M: როგორი უნდა იყოს სამუშაო გარემო იმისათვის, რომ ამ სირთულეებთან გამკლავება დასაქმებულებმა მარტივად შეძლონ?

რადგან ფინანსური სფერო ყოველდღიური გამოწვევებითაა სავსე, თანამშრომლებს განსაკუთრებით სჭირდებათ მხარდაჭერა და კომფორტული გარემო. 

ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ თითოეულ  თანამშრომელს და მათ ვეიმედებოდეთ. ახალი თანამშრომლისთვის პირველი დღე კომპანიაში ყოველთვის ყველაზე დასამახსოვრებელია, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი დღის მანძილზე მას მეგზურობას უწევდეს გამოცდილი თანამშრომელი, რათა კარგად აუხსნას როგორც  სამუშაოს სპეციფიკა, ასევე გააცნოს თანამშრომლები და გაუმარტივოს კომპანიაში ადაპტაცია.

არსებულ თანამშრომლებს ყოველთვის ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მათ თხოვნებს, სურვილებსა თუ საჭიროებებს. თუკი სურთ დამატებითი ტრენინგები, ფილიალის ცვლილება ან/და ძალების სხვა პოზიციაზე მოსინჯვა — ჩვენ არასდროს ვეუბნებით უარს. გვირჩევნია, თანამშრომლებმა თავიანთი ძალები ჩვენსავე კომპანიაში მოსინჯონ, ჩვენ კი მათ წამოწყებებში მთავარი მხარდამჭერები ვართ.

სწორედ ამის დამსახურებაა, რომ გვყავს ბევრი თანამშრომელი, ვინც გახსნის დღიდან მუშაობს „ლიდერ კრედიტში“ და სიყვარულით აკეთებს თავის საქმეს.

„ლიდერ კრედიტში“ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სხვადასხვა ტიპის წამახალისებელ აქტივობებს, ვაწყობთ მარათონებს და კონკურსებს. თიმბილდინგის გარდა, ვმართავთ რამდენიმე დღიან სამუშაო შეხვედრებს, სადაც სხვადასხვა რეგიონში განთავსებული ფილიალების თანამშრომლებს ერთად ვკრებთ და გადამზადების პარალელურად, ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალებას ვაძლევთ. 

საბოლოო ჯამში, არ აქვს მნიშვნელობა, საფინანსო სექტორში ხარ, თუ სხვა სფეროში, ვფიქრობ, მთავარია, თანამშრომელზე იზრუნო, შესთავაზო სასიამოვნო სამუშაო გარემო, სამართლიანი ანაზღაურება და გარკვეული პერიოდულობით როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური ბენეფიტები. კმაყოფილი თანამშრომელი კი ყოველთვის ყველაზე დიდი რეკლამა და ინვესტიცია არის, რაც შეიძლება ორგანიზაციას გააჩნდეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტი“ 2011 წელს დაარსდა. ის დღეს საქართველოს მასშტაბით 27 ფილიალითაა წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა სესხები ნებისმიერ ტიპის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის. ასევე, იპოთეკურ, სამომხმარებლო და სწრაფ სესხებს, ავტო და ოქროს ლომბარდის მომსახურებას.

[R]

GITI 2023 – 5 დღე ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებამდე

3 კითხვა, რომლებიც ყველა ხელმძღვანელმა უნდა დასვას