in

“ტანსაცმლიდან, უმოკლეს დროში გადავეწყეთ დამცავი ნიღბების წარმოებასა და მომარაგებაზე” – სამკერვალო საწარმო “ლიდერი”

Startauperi
Startauperi

საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ტანსაცმლის მორგება პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს, თუმცა, მდგომარეობა შემთხვევაში თანაბრად კომფორტული როდია… სამკერვალოს გახსნა ნინო გიორგაძეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კომფორტული სამოსის დეფიციტმა გადააწყვეტინა. სოციალური პროექტების ხელმძღვანელობას უკვე იყო ნაჩვევი და ამ საქმესაც ენთიზიაზმით მოკიდა ხელი – როგორც თავად ამბობს, შიდა ქართლში თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი პირველი სამკერვალოს გახსნა განიზრახა. პარალელურად, სოციალური პასუხისმგებლობაც არ დაივიწყა, რაც ბიზნესის განუყოფელ ნაწილად აქცია. მოგვიანებით კი – სამკერვალო საწარმო “ლიდერს” საბავშვო ბრენდი – “ლიდერქიდსი” შეემატა, თუმცა, უცვლელი დარჩა მთავარი იდეა – ადაპტირებული სამკერვალო საწარმო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით!

“სკოლის დამამთავრებელი კლასიდან ვმუშაობ, 2007 წლიდან ჯერ საჯარო სამსახურში, 2008 წლიდან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობ, ძირითადად, ომის შედეგად დაზარალებულებთან. 2011 წლიდან ჩემს ქალაქში, გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გაიხსნა USAID ის ფინანსური მხარდაჭერით, დღემდე მას ვხელმძღვანელობ, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა შეცვალო უკეთესობისკენ შენი ქალაქი, მიიღო მონაწილეობა მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში. რა თქმა უნდა, ამ შანსს დღემდე ძალიან კარგად ვიყენებ მეც და ჩემი კოლეგებიც, საქართველოს 10 ქალაქში. დღემდე, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრისა და პრობლემის წარმატებული ადვოკატირების ავტორები ვართ,” – გვიამბო საწარმოს დამფუძნებელმა ნინო გიორგაძემ.

M: გვიამბეთ მოტივაციაზე, რამაც სამკერვალოს გახსნა გადაგაწყვეტინათ…

გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ქალაქში ერთადერთი ადაპტირებული შენობაა, სწორედ აქ იყრიან ხშირად თავს ეტლით მოსარგებლეები, მსჯელობენ პრობლემებზე, ჩვენ კი მათი გადაჭრის გზებზე ვმუშაობთ. ერთ-ერთი ყველაზე ემოციური შეხვედრის დროს მნიშვნელოვან პრობლემად ადაპტირებული სამკერვალოს არარსებობა დასახელდა. ახალგაზრდა,  ეტლით მოსარგებლე ქალი გვიხსნიდა, რომ მას სამოსის სპეციალური მორგება სჭირდებოდა, რათა დაეფარა ამპუტირებული კიდურები, ან არავინ ემსახურებოდა, ან თავად ვერ მიდიოდა არაადაპტირებული გარემოს გამო. 

დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლებოდა უზრუნველეყო ბევრი სპეციალური საჭიროების მქონდე ადამიანის უფლება, ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების პირობები, დამოკიდებულებები კერძო თუ საჯარო სექტორისგან და იყვნენ ინტეგრირებულნი. ასე დაიბადა იდეა გაგვეხსნა ადაპტირებული სამკერვალო საწარმო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით!

დავიწყეთ ფონდების მოძიება და ძალიან მალე მივაგენით არაჩეულებრივ ორგანიზაცია, „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის – RDFG“ -ს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსს მცირე ბიზნესის ხელშეწყობის და წამოწყების მიზნით. სწორედ, ამ ორგანიზაციამ გაგვიწია მეგზურობა ბიზნესის საწყის ეტაპზე, დაგვეხმარა საწარმოს ტექნიკურად აღჭურვაში, გვასწავლა ბიზნეს გეგმის წერა, რისკების მართვა, ბაზრის ანალიზი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

M: რა მდგომარეობა იყო იმ დროს ბაზარზე – იყო ასეთი სტარტაპის საჭიროება? 

4 საჭირო დანადგარით,  2016 წელს შეიქმნა მცირე ზომის საწარმო, ადგილობრივი ბაზრის შესწავლისას დავრწმუდით, რომ შიდა ქართლში თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სამკერვალო არ არსებობდა, როგორც  უკვე აღვნიშნეთ, არ იყო ეტლით მოსარგებელთათვის ადაპტირებული არა მხოლოდ სამკერვალო, არცერთი კერძო ობიექტი. ასევე ჩვენ პირველებმა დავიწყეთ მოქარგვის სერვისი, რაც უნიკალურს და ექსკლუზიურს ხის სამოსს.

მთავარი კითხვა, რის გარშემოც გავერთიანდით იყო – რა სურს მომხმარებელს?! დეტალური პასუხების შემდეგ, შევიმუშავეთ საწარმოს სამუშაო სტრატეგია, რომელსაც მუდმივად ვანახლებთ, კითხვა იგივეა, პასუხები იცვლება დროსთან და რეალობასთან ერთად, ამიტომ ჩვენ მომხმარებელს მუდმივად ვუსმენთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი შეხედვით არ ვეთანხმებით…

ჩვენი მთავარი მიზანი არ იყო იდეალური პროდუქტის შექმნა, ჩვენი მთავარი მიზანი გახლდათ მომხარებლისათვის სამკერვალო სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა, რაც შეიძლება, მარტივად და კომფორტულად. პრობლემების ანალიზსა და იმის სიღრმისეულ ძიებას, თუ რა სურს მომხმარებელს, დავუთმეთ 10-ჯერ მეტი დრო, ვიდრე მათ მოგვარებაზე ფიქრს. ასე ვმუშაობთ დღემდე, ვიზრდებით, ვფართოვდებით, დღეს უკვე 12 ქალისაგან შედგება  საწარმოს პროფესიონალთა გუნდი.

M: როგორ დაიწყეთ და რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ? 

საწარმო, გახსნისთანავე, ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა. პირველი და მთავარი, პროფესიონალი კადრის დეფიციტი სამკერვალო სფეროში დღესაც აქტუალურია, მით უფრო 4 წლის წინ. ამ მნიშვნელოვანმა გამოწვევამ ჩამოგვაყალიბებინა ჭრა-კერვა-მოდელირების მოკლე ვადიანი სასწავლო კურსები, რომელიც დღემდე აქტუალურია. 

საწარმოს გახსნამდე, გადავამზადეთ  ქ. გორში მცხოვრები, 7 იძულებით გადაადგილებული პირი საწარმოს ხარჯით,  რომელთაგან 3 ჩვენს საწარმოში დავასაქმეთ. სწორედ ამიტომ, ხშირად ვხუმრობთ, რომ ჩვენთან  სოციალური პასუხისმგებლობა უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე საწარმო!

M: როგორ შეძელით უცხოური ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევა?

იმისათვის, რომ კონკურენცია გაგვეწია იმპორტირებული პროდუქციისათვის, საჭირო იყო კრეატიული და ინოვაციური  მიდგომა. გამოვიკვლიეთ ბავშვთა საჭიროებები და მივედით მიგნებამდე, რომ სამოსს ჰქონოდა ორმაგი დატვირთვა და სამოსზე დატანილი სხვადასხვა ნაქარგებით და გამოსახულებით პარალელურად ხელი შეეწყო ბავშვის კოგნიტური, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებისათვის, ფსიქოლოგების ჩართულობით შევიმუშავეთ გამოსახულებები და დიზაინერების დახმარებით რამოდენიმე მოდელი, რომელიც უკვე იყიდება. ასე შეიქმნა 2019 წელს, ბრენდი „LeaderKids“ – სამოსი მომავალი ლიდერებისათვის“ რომელიც წელს გაფართოვდა ორგანიზაცია EPRC-ს და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და ახლა უკვე ვემზადებით  საექსპორტოდ.

M: ყველაზე რთულ პერიოდში რა გაძლევდა მოტივაციას?

3 მთავარი მოტივაცია მამოძრავებს: კმაყოფილი მომხარებელი რომლის წინაშეც უდიდეს მადლიერებას და პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მეორე, დასაქმებულები, რომელთა ოჯახებისთვისაც ხშირად ერთადერთი შემოსავლის წყარო სამკერვალო საწარმოა და მესამე, ის სხვადასხვა სოციალურად მოწყვლადი ქალები რომლებიც  მთელი წელი ელოდებიან ჩვენს სოციალურ  პროგრამებს.

ამ ყველაფერზე ფიქრისას არ მაქვს უფლება მოვდუნდე ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, როდესაც ყველაფერი იხურება მსოფლიოში პანდემიის გამო. ჩემს გუნდთან ერთად, უმოკლეს დროში გადავეწყეთ დამცავი ნიღბების წარმოებაზე და სტრატეგიული ობიექტები პოლიცია, კლინიკები, კვების ობიექტები და სხვები, რეკორდულ დროში მოვამარაგეთ.

M: რა შეცვალა ამ ბიზნესმა თქვენთვის, გარემოცვისთვის და იმ სეგმენტისთვის, რომელზეც მუშაობს?

ბიზნესმა მასწავლა ბევრი ისეთი რამ, რასაც ვერსად ვისწავლიდი. დავრწმუნდი, რომ სოციალურ პასუხისმგებლობას მასშტაბები არ სჭირდება, განვიცადე სოციალური პროექტების განხორციელებით მიღებული დადებითი ემოციები. შევქმენი ბიზნესის მხრიდან სოციალური პროექტების განხროციელების პრეცედენტი, რომელიც გარკვეულწილად გავლენას ახდენს ადგილობრივ ეკოსისტემაზე და როგორც წესი სხვს ბიზნესებიც იმეორებენ ხოლმე.

ყოველწლიურად ვუშვებთ 60 კვალიფიციურ მკერავს, რომელი პროფესიაც დეფიციტურია და სულ რამოდენიმე წელიწადში ეს პრობლემა აღარ იქნება ჩვენს რეგიონში. ისინი საქმდებიან როგორც ჩვენთან, ასევე სხვა საწარმოში ან თვითდასაქმებულები ხდებიან. საკუთარმა ბიზნესმა მასწავლა, რომ კადრის შერჩევისას მთავარი სამუშოს მაძიებლის მოტივაციაა, დანარჩენი ყველაფერი მონდომებასა და დროის ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც მარტივად მოგვარებადია, სწორი მენეჯმენტის პირობებში. უდიდესი შეცდომაა მხოლოდ ნათესაური კავშირით კადრის შერჩევა, ეს ბიზნესის შეფერხებას და რამოდენიმე წლით უკან დახევას ნიშნავს.

ამ და სხვა მიდგომებით შეიქმნა დახვეწილი დიზაინით და სასიამოვნო ფერთა სინთეზით გამორჩეული ნაწარმი,  რომელიც ბუნებრივი მასალისაგან მზადდება, ატარებს შემეცნებით ხასიათს  და მასზე დატანილი ნაქარგები ბავშვებს უვითარებს მნიშვნელოვან უნარებს.

M: თქვენს სოციალურ და ეკოლოგიურ ინიციატივებზე გვიამბეთ…

„ლიდერი“-ს საქმინობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალთა გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს, სწორედ ამიტომ, “ათასწლეულის ფონდმა”, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ბიზნესლიდერთა ფედერაცისთან “ქალები მომავლისთვის” ერთად 2019 წელს დაგვაჯილდოვა, კონკურსში – “ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის“ კონკურსში გავიმარჯვეთ, ქალების განათლების ხელშეწყობის, პროფესიულ განვითარების და წინსვლისათვის.

კომპანია 3 წელია ახორციელებს საკუთარი სახსრებით პროექტს, რომელიც გულისხმობს, ქ. გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს, იძულებით გადაადგილებულ, სოციალურად დაუცველ და ე.წ. საზღვრისპირა სოფლის მაცხოვრებლებისათვის ჭრა-კერვა მოდელირების კურსის შესწავლას და ტრეინინგების მეშვეობით სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერებას დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით. საწარმოში დასაქმებულები სწორედ ამ კატეგორიის ქალები არიან. დღეის მდგომარეობით გადამზადებულია 72 ქალი, რომელთაგან 28 თვითდასაქმებულია. გვაქვს კურსდამთავრებულთა ბაზები და თითოეულ მათგანს აქვს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

„ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც დაიწყო სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება, რაც გულისხმობს, სამკერვალო ქსოვილის მონარჩენისაგან ტომრების შეკერვას, პოლიეთილენის პარკების  და სამკერვალო ნარჩენის შემცირების მიზნით. მრავალჯერადი ნაჭრის ტომრების რეალიზაციას ვახდენთ თვითღირებულების ფასად, რაც პოლიეთლენის პარკის ფასს უტოლდება. უახლოეს მომავალში ვგეგამვთ სამკერვალო ნარჩენის მიღებას სხვა საწარმოებიდან და ტომრებთან ერთად დეკორატიული ბალიშების  და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოებას.

M: როგორც თქვით, ქალთა გაძლიერების მიმართულებით აქტიურად მუშაობთ…

ასევე, კომპანიის შემოსავლიდან 5% მიმართულია სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებისაკენ, რომელიც ქალთა დახმარებას ემსახურება, ერთ-ერთი მათგანი იყო, 2019 წლის იანვარში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინსტრთან ქეთევან ციხელაშვილთან ერთად, ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ქვეშის მაცხოვრებელ, 5 შვილიანი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახისათვის დახმარება.

წელს ეპიდსიტუაციის გამო, მსგავსი აქტივობები ჩავანაცვლეთ იმით, რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფელში მაღალი რისკ ჯგუფში მყოფ მოსახლეობას დავურიგეთ დამცავი პირბადეები უსასყიდლოდ და ასევე, იგივე სოფლებში მაცხოვრებელ მსურველ ქალებს ვასწავლეთ პირბადის კერვის ტექნიკა. 

„ლიდერმა“ მიმდინარე წლის 5 მაისს, ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს. ამგვარად, ჩვენი კომპანია გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარსა თუ საზოგადოებაში.

25 ნოემბერს დაიწყო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანია, რომელსაც ჩვენი საწარმოც შეუერთდა. გენდერული ძალადობის დაძლევაში კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რათა ხელი შევუწყოთ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ, ავამღალოთ ცნობიერება ამ პრობლემის შესახებ, პოპულარიზაცია გავუწიოთ სერვისებს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ არსებობს და მხარი დავუჭიროთ გენდერული ძალადობის მსხვერპლებს.

M: რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი და რას აპირებთ სამომავლოდ?

ჩვენს უახლოეს სამომავლო გეგმებს პადემიის დასრულების, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისთანავე წარმოადგენს ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანას ევროპის 2 ქვეყანაში. მოძიებული გვყავს პარტნიორი, მოლაპარაკებები დავიწყეთ, თუმცა პანდემიამ შეაფერხა პროცესი.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

“ლაკოაჟში” BLACK FRIDAY 10 დღე გრძელდება

სამეგრელო ტურისტულ ლოგოს ეძებს – ნახეთ საკონკურსო პირობები!