in

იწვევს თუ არა მავნე ჩვევები უშვილობას?

უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები მნიშვნელოვნად შეიცვალა, ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში, რაც  მეტწილად განპირობებული იქნა უშვილო წყვილების ცხოვრების სტილის რადიკალური ცვლილებებითა და  გარემო ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედებების აქტივაციით. შთამომავლობის ჯანმრთელობაზე ტოქსიკური ზეგავლენა იწყება ჯერ კიდევ ჩასახვის და ნაყოფის მუცლადყოფნის განვითარების პერიოდიდან, როდესაც  მშობლების მიერ მოხმარებული მავნე ნივთიერებები – თამბაქო, ნიკოტინი და ალკოჰოლი გარე პოლუტანტებთან (გარემოს დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებები) ერთად, მნიშვნელოვნად ცვლის და  აუარესებს მომავალი შვილის ენდოკრინულ სტატუსს

თამბაქო 

დადგენილია, რომ თამბაქოს კვამლში არის >4 000 ქიმიური შენაერთი, რომლებიც წარმოადგენს შვილოსნობის ფუნქციის დაქვეითების პოტენციურ რისკ ფაქტორებს ორივე სქესის წარმომადგენლებში. მეტა-ანალიზებში დადგინდა, მწეველ ქალებში სასურველი ორსულობის დადგომის, საშუალოდ, ერთი წლით  შეფერხება. ქალის ორგანიზმზე ნიკოტინის მავნე ზეგავლენა აიხსნება საკვერცხეების ფოლიკულური რეზერვის მნიშვნელოვანი შემცირებით და შესაბამისად, არარეგულარული მენსტრუალურ ციკლის არსებობით. დღიურად, 20 ღერ სიგარეტზე მეტის მოწევის შემთხვევაში, აღინიშნება პროგესტერონის პროდუქციის შემცირება და ყვითელი სხეულის ნაკლოვანება. ასევე დადგენილია თამბაქოს კვამლის ნეგატიური ზემოქმედება საშვილოსნოს ღრუსა და საშვილოსნოს მილების ფუნქციურ აქტივობაზე. მწეველ ქალებში დარღვეულია ფალოპის მილების საშვილოსნოსკენ მიმართული პერისტალტიკური მოძრაობა, რაც ნორმალურ სიტუაციებში, უზრუნველყოფს განაყოფიერებული ემბრიონის დროულ ტრანსპორტირებას და განთავსებას საშვილოსნოს  ღრუში. ნიშანდობლივია, რომ აქტიურ მწეველ ქალებში მაღალია ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობის განვითარების ალბათობა არამწეველებთან შედარებით. თამბაქოს მოხმარების პროდუქტების ტოქსიკური  ზეგავლენა  დასტურდება ასევე, ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლებში ფოლიკულური სითხის შესწავლისას, რაც ნეგატიურად აისახება მიღებული კვერცხუჯრედის ხარისხზე.

5 წელზე  მეტი სტაჟის მქონე მწეველ წყვილებში ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლებში უარყოფითი  შედეგის მიღების ალბათობა 4-ჯერ მაღალია, ვიდრე – არამწეველ წყვილებში. მუცლადყოფნის პერიოდში, მამრობითი სქესის ნაყოფზე, დედის მიერ ნიკოტინის მოხმარება (დღიურად 10 ღერი სიგარეტი და მეტი) 20%-ით ამცირებს უკვე ზრდასრულ მამაკაცებში სპერმატოზოიდების რაოდენობას და სათესლე  ჯირკვლების  მოცულობას, ასევე ზრდის ორმხრივი კრიპტორხიზმის – სათესლე ჯირკვლების სათესლე  პარკებში დროულად დაშვების ალბათობას. მამაკაცებში თამბაქოს მოხმარება იწვევს ერექციულ  დისფუნქციას და ზრდის სპერმატოზოიდებში ქრომოსომული ანომალიების რიცხვს, რაც შესაძლოა, იყოს შეწყვეტილი ორსულობის მიზეზიც. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე შესწავლილი არ არის თამბაქოს პირდაპირი ზეგავლენა უნაყოფობაზე, კვლევებმა ცხადყო, რომ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა 3 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სპერმის, როგორც რაოდენობრივ, ისე მოძრაობით მახასიათებლებს.

ნარკოტიკული საშუალებები

უნაყოფობაზე ნარკოტიკული საშუალებების ზეგავლენის შესახებ, დღემდე არ არის ერთიანი ჩამოყალიბებული მოსაზრება, რაც ერთის მხრივ, აღნიშნული კვლევების არაეთიკურობიდან, ხოლო მეორეს მხრივ, შესასწავლი ჯგუფების შედარებით დაბალი სოციო-ეკონონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

მარიხუანა, მსოფლიოში, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნარკოტიკული საშუალებაა, რომელსაც  რეპროდუქციულ სისტემაზე არაკეთილსაიმედო ზემოქმედება ახასიათებს. მარიხუანას მომხმარებელ ქალებში გაცილებით ხშირია პირველადი უნაყოფობა, არამომხმარებელ ქალებთან შედარებით. ორსულებში კანაბისის მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფეტო-პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის დაქვეითება, რაც შემდგომში, გახდეს ნაყოფის მუცლადყოფნის განვითარების შეფერხების და მკვდრადშობადობის მიზეზი.

კანაბისის 5 წლის განმავლობაში ინტენსიური მოხმარება მამაკაცებში მნიშვნელოვნად ამცირებს ფერტილიზაციის შესაძლებლობებს, უარყოფითად აისახება სპერმის რაოდენობრივ და მოძრაობით  მახასიათებლებზე. მარიხუანას მომხმარებელთა მესამედში, აღინიშნება ტესტოსტერონის პროდუქციის  მნიშვნელოვანი დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია, ლიბიდოს შემცირება, ოლიგოსპერმია. მარიხუანას  მომხმარებელ ქალებში, ასევე ნანახი იქნა ხელოვნური განაყოფიერების ციკლებში მიღებული  კვერცხუჯრედების რაოდენობრივი სიმცირე და არასათანადოდ დაბალ  ხარისხი.

სხვა რეკრეაციული ნარკოტიკული საშუალებებიდან, ასევე ხშირია კოკაინის გამოყენებით გამოწვეული არასასურველი შედეგები ქალის და მამაკაცის ფერტილობაზე. კოკაინის ხანგრძლივი მოქმედების პირობებში, მამაკაცებში რთულდება ერექციის მიღწევა და შესაბამისად ეაკულაცია, ხშირია სპერმატოგენეზის დათრგუნვა, რასაც საფუძვლად უდევს სისხლში საერთო და თავისუფალი ტესტოსტერონის კონცენტრაციის დაქვეითება. გაცილებით მცირე ინფორმაციაა ქალებში კოკაინის ზემოქმედების შესახებ. რიგ კვლევებში ნანახი იქნა საკვერცხეების დისფუნქცია და ორსულ ქალბატონებში პლაცენტარული უკმარისობის განვითარების მაღალი ალბათობა.

აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების სხვა ფართო ჯგუფს მიეკუთვნება ოპიატები – მეტადონი და ჰეროინი. მამაკაცებში ჰეროინის გამოყენება არღვევს სქესობრივ ფუნქციას და აღნიშნული უარყოფითი ზეგავლენა ნარჩუნდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შეწყვეტის შემდეგაც. ორსულ ქალებში ოპიატების მოხმარებისას, უფრო ხშირია პლაცენტის ნაადრევი აცლა, რაც ორსულობისთვის არაკეთილსაიმედო გამოსავალს წარმოადგენს.

მიუხედავად ფუნდამენტური კვლევების სიმცირისა, არსებული კვლევები ცხადყოფს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების არასასურველ ზეგავლენას, როგორც მამაკაცის, ისე ქალის რეპროდუქციულ  ჯანმრთელობაზე.

ალკოჰოლი

ინფორმაცია ალკოჰოლის ზეგავლენის შესახებ, ორივე სქესის წარმომადგენლებზე არასათანადოდ არის შესწავლილი, რაც სავარაუდოდ, განპირობებული უნდა იყოს ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვნებით. რიგ კვლევებში დადგინდა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების არასასურველი ზეგავლენა მამაკაცებში შვილოსნობის პოტენციალზე. ჭარბ მოხმარებაში იგულისხმება, ყოველდღიურად, 30 გრ-ზე მეტი  ალკოჰოლის (3 ჭიქა ღვინო) მოხმარება. ასევე დადგინდა კავშირი ალკოჰოლის ინტენსიურ მიღებასა და  მამაკაცებში სისხლის შრატში ტესტოსტერონის რაოდენობრივ შემცირებას შორის. ქალებში ალკოჰოლის საშუალო რაოდენობით მოხმარება (2 ჭიქა ღვინო დღეში) მნიშვნელოვნად ზრდის დროის ინტერვალს სასურველი ორსულობის დადგომამდე. ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლებში, ნანახი იქნა შექმნილი ემბრიონების შედარებით დაბალი ხარისხი ალკოჰოლის მომხმარებელ ქალებში, ჯანსაღ პოპულაციასთან  შედარებით. აქედან გამომდინარე, ხელოვნური განაყოფიერების მოსამზადებელი პერიოდიდანვე როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია ალკოჰოლური სასმელების მიღების შეწყვეტასთან  დაკავშირებით.

კოფეინი

კოფეინის მოქმედების მექანიზმი  უნაყოფობაზე ბოლომდე  შესწავლილი არ  არის. ცნობილია, რომ ყავის  ჭარბ მომხმარებელ მამაკაცებში ფიქსირდება სპერმის მოცულობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მატება და სპერმატოზოიდების ოდენობის უმნიშვნელოდ შემცირება, თუმცა უცვლელია სპერმატოზოიდების  მორფოლოგიური და  მოძრაობის მაჩვენებლები, ასევე დნმ-ის ფრაგმენტაცია. კოფეინის მომხმარებელ მაკაკა რეზუსის  ტიპის მაიმუნებში, ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლებში სტიმულაციისას, დაფიქსირდა გაცილებით დიდი  რაოდენობით უმწიფარი კვერცხუჯრედების  მიღების ალბათობა.

ქალებში, ყავის ჭარბი მიღება ასოცირებულია ჩასახვის პოტენციალის შემცირებასთან, რაც საშუალოდ, 9,5 თვით გადაავადებს სასურველი ორსულობის მიღებას. კოფეინის ზემოქმედების ნეგატიური ზეგავლენა აიხსნება შეწყვეტილი ორსულობების და მკვდრადშობადობის, შედარებით, მომატებული მაჩვენებლით. ქალებში  აბორტის ალბათობა მაღალია ყოველდღიურად 130 მგ -ზე მეტი ოდენობით ყავის მოხმარებისას. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში კი ყოველდღიურად, 7-8 ჭიქაზე მეტი ოდენობით ყავის გამოყენება 70-80 %-ით ზრდის ნაყოფის მკვდრადშობადობის ალბათობას, ყავის ზომიერ მომხმარებლებთან შედარებით.

უნაყოფობასთან დაკავშირებული ტოქსიკური ფაქტორები და ცხოვრების სტილი, ხშირად, ნიველირებულია ან  არა სათანადოდაა აღქმული, უშვილო წყვილების მკურნალობისას. აღნიშნული ცვლილებების დროული  დეტექცია და მიზანმიმართული ყურადღება, მნიშვნელოვნად გაზრდიდა სპონტანური ორსულობების  დადგომის ალბათობას და პარალელურად შეამცირებდა ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებულ  ფინანსურ  ხარჯებს.

 

ავტორი: ანა მორჩილაძე, კლინიკა ,,ლიდერმედის”” მეან- გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში.

[პარტნიორის კონტენტი]

WHO-ს თანახმად, ხანგრძლივ სამუშაო საათებს ნაადრევი სიკვდილის გამოწვევა შეუძლია!

ხარვეზის შედეგად, Eufy-ის სათვალთვალო კამერების მფლობელებმა სხვების სახლების თვალყურის დევნება შეძლეს