2026 წელს, ბიზნესსამყარო კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ბუნების, გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური რყევების ფონზე, ლიდერებს მომავლის დაგეგმვა სულ უფრო უჭირთ. გლობალური ეკონომიკური პოლიტიკის კვლევებმა აჩვენა, რომ 80-იანი წლებიდან დღემდე დაფიქსირებული გაურკვევლობის ხუთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ბოლო ხუთ წელზე მოდის. უფრო მეტიც, Glassdoor-ის მიმოხილვებში სიტყვა „გაურკვევლობის“ ხსენება წლიურად 80%-ით გაიზარდა. ლოგიკურია, რომ ამ პირობებში გაურკვევლობის მართვის უნარი – ანუ მისი ატანა იმდენ ხანს, სანამ ნისლის მიღმა ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება – კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. გაურკვევლობისადმი ადაპტირება ამ ძირითადი პრინციპებით არის შესაძლებელი.
იპოვეთ თქვენი „ღუზა“
როდესაც ცხოვრების ან ბიზნესის გარკვეულ ასპექტებში სტაბილურობას გრძნობთ, გაცილებით მარტივია გაუმკლავდეთ ქაოსს სხვა მიმართულებით. ბიზნესლიდერისთვის ასეთი „ღუზა“ შეიძლება იყოს კომპანიის ღირებულებები ან ვალდებულება კონკრეტული მომხმარებლის წინაშე. იმის მკაფიოდ განსაზღვრა, თუ რა დარჩება უცვლელი ცვლილებების ფონზე, მომავლის ნავიგაციას ამარტივებს.
ამის საუკეთესო მაგალითია Airbnb-ის თანადამფუძნებელი ბრაიან ჩესკი. 2020 წლის დასაწყისში ის კომპანიის საფონდო ბირჟაზე გაყვანისთვის ემზადებოდა, რაც ტექნოლოგიურ სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, 30 მილიარდ დოლარად შეფასებული IPO უნდა ყოფილიყო. თუმცა პანდემიამ ყველაფერი შეცვალა: შემოსავლები 80%-ით შემცირდა და გეგმებიც ჩაიშალა. ჩესკიმ იცოდა, რომ წინ უპრეცედენტო გაურკვევლობა ელოდა, ამიტომ მან ოთხი სახელმძღვანელო პრინციპი ჩამოაყალიბა: სწრაფი მოქმედება, ფულადი სახსრების შენარჩუნება, ყველა დაინტერესებულ მხარესთან (Stakeholders) თანამშრომლობა და მზადება შემდეგი ტურისტული სეზონისთვის.
კრიზისის დროს მან ისწავლა განსხვავება „ბიზნეს გადაწყვეტილებასა“ და „პრინციპულ გადაწყვეტილებას“ შორის. თუ პირველი საუკეთესო შესაძლო შედეგის პროგნოზირებას ეფუძნება, მეორე შედეგის მიუხედავად მიიღება, რადგან ის ფუნდამენტურ ღირებულებებს ეყრდნობა. სწორედ ეს პრინციპები გახდა ჩესკის „ღუზა“, რამაც კომპანიას 2020 წელი გადაატანინა და დეკემბერში წარმატებული IPO-სკენ გაუძღვა, სადაც ვაჭრობის პირველივე დღეს Airbnb-ის ღირებულებამ 86.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
შექმენით, რათა ისწავლოთ
როცა გაურკვევლობა მატულობს, ჩვენი პირველი ინსტინქტი დაგეგმვაა. თუმცა თანამედროვე სწრაფ სამყაროში დაგეგმვაში დაკარგული დრო ხშირად პროგრესის შეფერხებას ნიშნავს. დიზაინ-კომპანია IDEO-ს ფილოსოფიის მიხედვით, შეხვედრაზე პროტოტიპის გარეშე მისვლა არ შეიძლება. მარტივი ექსპერიმენტები სწავლის საუკეთესო საშუალებაა, რაც გუნდს ზედმეტი ლაპარაკისგან იცავს და კეთებისკენ უბიძგებს, განსაკუთრებით ახლა, გენერაციული AI-ის ეპოქაში.
მსგავსი მიდგომა გამოიყენა პიქსარის ვიზუალური ეფექტების ზედამხედველმა დანიელ ფაინბერგმაც. როცა კინოთეატრებში მაყურებელი შემცირდა, მისმა გუნდმა იგრძნო, რომ ინოვაციებისთვის სივრცე აღარ რჩებოდა. ფაინბერგმა გამოსავალი „მკვდარი დროის“ გამოყენებაში იპოვა. ფილმების შექმნისას არის პერიოდები, როცა გუნდი ხელმძღვანელობისგან უკუკავშირს ელოდება და საქმე გაჩერებულია. მან შესთავაზა თანამშრომლებს, ეს პაუზები „ინოვაციის დღეებად“ ექციათ – ეკეთებინათ ის, რაც სურდათ, თუნდაც პრაქტიკული დანიშნულების გარეშე. ერთ-ერთმა თანამშრომელმა სწორედ ასეთ დღეს შეცვალა ანიმაციური პროგრამის კოდი, რამაც საბოლოოდ გუნდს საშუალება მისცა, საათებში მოეგვარებინა ისეთი პრობლემა, რომელსაც ადრე კვირები სჭირდებოდა. მშენებლობამ მოიტანა სწავლა, სწავლამ კი – პროგრესი.
როცა გაურკვევლობას საფრთხედ აღვიქვამთ, ჩვენი ორგანიზმი „ბრძოლა ან გაქცევის“ რეჟიმზე გადადის, რაც აზროვნებას ზღუდავს. სტრესში მყოფი ლიდერები ხშირად ეჭიდებიან ფიქსირებულ გეგმებს ან გაურბიან დისკომფორტს. თუმცა, თუ გაურკვევლობას სწავლის შესაძლებლობად დავინახავთ, ტვინი „მიდგომის რეჟიმში“ (approach mode) გადადის, რაც ახალი გზების ძიების საშუალებას გვაძლევს.
სწორედ ეს გამოიარა სტარტაპ Flockjay-ის დამფუძნებელმა შაან ჰათირამანიმ 2021 წელს. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გამო ბიზნესი ყვაოდა, კომპანია ფინანსებს სწრაფად ხარჯავდა, გუნდი გადაწვის პირას იყო, რეკრუტინგი კი ჭირდა. სხვა ლიდერები შესაძლოა პანიკაში ჩავარდნილიყვნენ, მაგრამ ჰათირამანიმ გაურკვევლობა მიიღო. გუნდთან და ბორდთან კონსულტაციების შემდეგ მან კურსი შეცვალა: შეინარჩუნა მისია, მაგრამ ბუთქემფებიდან პროგრამულ უზრუნველყოფაზე (B2B SaaS) გადაერთო. ოთხი წლის შემდეგ კომპანია წარმატებით ოპერირებს. როგორც თავად აღნიშნავს, მას დაეხმარა მიდგომა: „შეიყვარე პრობლემა და არა გადაწყვეტა“. ეს ჰგავს ნისლიან ტბაში ნავით ყოფნას – ვერ ხედავ ნაპირს და არ იცი ზუსტად სად მიხვალ, მაგრამ გაქვს ვალდებულება – გჯეროდეს, რომ ხმელეთს მიაღწევ და განაგრძო ნიჩბების მოსმა.
წყარო: HBR










