შედეგები, მიღწევები, ძლიერი მხარეები, გუნდის განვითარება – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე გასაუბრებას გადიხართ. თუმცა, დღევანდელი ბაზარი კანდიდატისგან გაცილებით მეტს მოითხოვს: მტკიცებულებას, რომ მას მუდმივი ცვლილებების პირობებშიც შეუძლია ლიდერობა. ადაპტაციის უნარი დაგეხმარებათ კარიერულ კიბეზე სწრაფად ასვლაში, ახალ პოზიციაზე მარტივად ინტეგრაციასა და დირექტორთა საბჭოს ნდობის მოპოვებაში.
როგორ მართეთ შემცირებები ისე, რომ გუნდის ნდობა არ დაგეკარგათ? როგორ დანერგეთ ხელოვნური ინტელექტი სამუშაო პროცესში ტემპის დაგდების გარეშე? როგორ შეცვალეთ სტრატეგია, როცა შარშანდელი გეგმა უცებ აზრს მოკლებული აღმოჩნდა? რეკრუტერების ყურადღების მისაპყრობად მზად უნდა იყოთ, რომ თქვენი ადაპტაციის უნარი რეალური ისტორიებით გაამყაროთ.
გააფართოვეთ პერსპექტივა
როდესაც მაღალი რგოლის მენეჯერის პოზიციაზე გადიხართ გასაუბრებას, აქცენტი გააკეთეთ იმ მომენტებზე, სადაც ცვლილებების მართვის უნარი, სისხარტე და შორსმჭვრეტელობა გამოიჩინეთ. მოყევით ისტორიები ჰორიზონტალურ გადაადგილებებზე, რომლებმაც თქვენი ხედვა გააფართოვა, ან საერთაშორისო პროექტებზე, სადაც კულტურული მოქნილობა დაგჭირდათ.
წარმოიდგინეთ Fortune 100-ის ოპერაციების დირექტორის მაგალითი, რომელიც წლების განმავლობაში მიწოდების ჯაჭვს ხელმძღვანელობდა. როდესაც კომპანიამ ციფრული კომერციის ინოვაციური ჰაბი შექმნა, მას შესთავაზეს გადასვლა მომხმარებლის გამოცდილების დიზაინის მიმართულებით – სფეროში, სადაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. თავდაპირველი ყოყმანის მიუხედავად, მან მიიღო გამოწვევა და კომფორტის ზონიდან გავიდა. მან სწრაფად აითვისა კვლევის მეთოდები და ანალიტიკა. ექვს თვეში კი აღმოაჩინა, რომ მომხმარებლები ბრენდს მიწოდების დაგვიანების გამო კი არ ტოვებდნენ, არამედ იმიტომ, რომ შეკვეთის სტატუსს ვერ ხედავდნენ.
ამ ახალმა პერსპექტივამ მას საშუალება მისცა, ორი განსხვავებული დეპარტამენტის ხედვა გაეერთიანებინა. შედეგად, მომხმარებელთა პრეტენზიები 37%-ით შემცირდა, ხოლო განმეორებითი შესყიდვები 22%-ით გაიზარდა. კარიერულმა „გადახვევამ“ დააჩქარა მისი სწავლის მრუდი და შესძინა ის კოგნიტური სისხარტე, რომელსაც კომპანიები დღეს ასე ეძებენ.
ადაპტაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კონკრეტულ როლში მიღწეული წარმატება. ის ასევე უნდა ჩანდეს იმაში, თუ როგორ გადადიხართ ერთი როლიდან მეორეზე. დამქირავებლები აკვირდებიან, როგორ ახერხებთ საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას ახალ გარემოში.
კრიზისი, როგორც შესაძლებლობა
თქვენი ისტორია არასრული იქნება გარდამტეხი მომენტების გარეშე – როცა ბაზარი ჩამოიშალა, გეგმა ჩავარდა და სწრაფი რეაგირება გახდა საჭირო. ეს სიტუაციები ლიდერის სიმწიფეს ყველაზე კარგად წარმოაჩენს.
ავიღოთ ოპერაციული ლიდერის მაგალითი, რომლის განყოფილებამაც შემოსავლის 40% დაკარგა მას შემდეგ, რაც მთავარმა სადისტრიბუციო პარტნიორმა კონტრაქტი მოულოდნელად გაწყვიტა. 48 საათში მან შეკრიბა ანტიკრიზისული ჯგუფი, ჩაატარა შეხვედრა გუნდთან და შეიმუშავა მოკლევადიანი გეგმა ფინანსურ და იურიდიულ დეპარტამენტებთან ერთად. ნაცვლად იმისა, რომ ყველა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიეღო, მან შექმნა მცირე ჯგუფები და მათ გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება მიანიჭა. რამდენიმე კვირაში სიტუაცია დასტაბილურდა, კრიზისი კი გახდა შესაძლებლობა, შეექმნათ უფრო დივერსიფიცირებული და გამძლე პარტნიორული სტრატეგია. ეს ისტორია აჩვენებს გაურკვევლობის მართვისა და ქაოსის სიცხადედ ქცევის უნარს.
მარცხი – საუკეთესო მასწავლებელი
საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა ხშირად მარცხით იწყება. მაგალითად, პროდუქტის მენეჯერს, რომლის ნანატრი პროდუქტიც ბაზარზე ჩაშვებამდე რამდენიმე დღით ადრე მარეგულირებელმა დაბლოკა, შეეძლო დანებებულიყო. თუმცა, მან ეს მარცხი გამოიყენა იმისთვის, რომ ღრმად შეესწავლა რეგულაციები და სტრატეგია. შედეგად, რისკების შეფასება და მარეგულირებელი შორსმჭვრეტელობა მის მთავარ ლიდერულ უპირატესობად იქცა.
თანამედროვე დამსაქმებლები აფასებენ არა მათ, ვინც კრიზისს გაურბის, არამედ მათ, ვინც მას „შთანთქავს“, ინტერპრეტაციას უკეთებს და გუნდს ახალი მიმართულებით მიუძღვება. თქვენი მთავარი უპირატესობა დღევანდელ ბაზარზე არა ტიტულები ან სტაჟია, არამედ ის, თუ როგორ გარდაქმნა ადაპტაციის უნარმა თქვენი ლიდერობის სტილი. ამიტომ, შემდეგი გასაუბრების წინ ჰკითხეთ საკუთარ თავს: რომელი მომენტები წარმოაჩენს საუკეთესოდ ჩემს ევოლუციას და არა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას?
წყარო: HBR











