წარმოიდგინე, რომ სამუშაოზე ფიქრი შენი შფოთისა და ფიზიკური ტკივილის მუდმივი მიზეზია. სწორედ ასეთია უამრავი დასაქმებულის ყოველდღიური რეალობა და ეს იმ ქმედუუნარო ხელმძღვანელების გამოა, რომლებთანაც ისინი მუშაობენ. ასეთი ხელმძღვანელები ცუდად ექცევიან სხვებს და საკუთარ კეთილდღეობაზე უფრო მეტად ზრუნავენ. მათი საკუთარი როლის მიმართ ლეთარგიული დამოკიდებულება ნეგატიურად აისახება გუნდის ზრდასა და პოტენციალზე.

ადამიანები იშვიათად პოულობენ გამოსავალს, რაც მათ ტოქსიკური სამუშაო გარემოს კონტროლის საშუალებას მისცემს. უმუშევრად დარჩენის შიში სჯაბნის ახალი პერსპექტივისა და უფრო ფართო შესაძლებლობის ძიებას. ასეთი ბოსის პირობებში, რთულია თვითრეალიზაციის მიღწევა.
ასეთი ლიდერები თავს იყრუებენ, არ აფასებენ და არ აქცევენ ყურადღებას გუნდს. სრულყოფილი ინფორმაციის გაანალიზების გარეშე შეუძლიათ შეაფასონ სამუშაოს შესრულების დონე. ამასთან, ზოგი ხელმძღვანელი ზედმეტად დიდი წარმოდგენისაა საკუთარ თავზე, რადგან ვერ ხედავენ ნაკლს საკუთარ მართვით უნარებში. ესაა სიამაყის კლასიკური მაგალითი და ასეთი მიდგომა ჯანსაღი შეფასების საშუალებას არ მოგცემთ.
მიუხედავად იმისა, განგაშის საფუძველი გაქვთ თუ არა, გთავაზობთ სიტუაციებს, როდესაც სერიოზულად უნდა გადახედოთ საკუთარ ლიდერულ უნარებს.
თუკი თქვენი საქმის გაკეთება თქვენზე უკეთ არავის შეუძლია
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ასრულებს სამუშაოს, ყველაფრის რევიზიას ხელახლა აკეთებთ? ყურადღებას აქცევთ ყველაფერს, წვრილმანი დეტალების აღმოჩენით დაწყებული, პროექტის სხვადასხვა ვერსიით დამთავრებული? სიტუაცია იქამდე გამწვავდა, რომ თქვენმა გუნდმა უკვე იცის, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი სამუშაოს შესრულებაში შეიძლება ჩაერთოთ?
მიკრომენეჯმენტი თავისუფლებასა და სამუშაოს სრულყოფილად შესრულებას უქმნის ბარიერს. უზრუნველყავით სამუშაო გარემო და შეიმუშავეთ სტანდარტები, რაც თანამშრომლებს ინოვაციებისა და წარმატების მიღწევის საშუალებას მისცემს. ნუ ჩაერევით სამუშაო პროცესში, ნუ შეასრულებთ საქმეს მათ მაგიერ. ამის ნაცვლად, მიეცით მიმართულება. ამგვარად, მათ ზრდისა და საკუთარი სამუშაოს გადაფასების საშუალებასაც მისცემთ და სტანდარტსაც აამაღლებთ.
გუნდის წევრები გაგირბიან
როგორც Gallup-ის კვლევამ აჩვენა, დასაქმებულთა 75%, რომელიც სამსახურს ნებაყოფლობით ტოვებს, ამას ხელმძღვანელის გამო აკეთებს. იმის მიუხედავად, როგორ გრძნობს თავს თანამშრომელი ამ პოზიციაში, სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. შედეგად, ამ ნიჭიერ, შრომისმოყვარე ადამიანებს ხელს კრავენ, მხარდაჭერის ნაცვლად.
მწერალი ენდი სტენლი: “ლიდერები, რომლებიც არ ისმენენ, ყოველთვის იქნებიან გარშემორტყმულნი ადამიანებით, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი.”
უკმაყოფილო ხართ სამუშაოთი
ლიდერობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. თქვენგან მხოლოდ სამუშაოს კარგ შესრულებას კი არა, სხვების განვითარების ხელშეწყობასაც ელიან. სიახლეს არ წარმოადგენს, რომ მმართველებთან რთულია ურთიერთობა. ეს კომუნიკაციის ნაკლებობისკენ, სიტუაციის არასწორად აღქმისა და ნელ-ნელა გაღვივებული უკმაყოფილებისკენ წაგიყვანთ.
ლიდერობას დიდი ძალისხმევა სჭირდება. დაუთმეთ დრო და დაფიქრდით, რა როლია ახლა თქვენთვის შესაფერისი? წარმოიდგინეთ, რომ თვითმფრინავის გასასვლელში ზიხართ და ჰკითხეთ საკუთარ თავს: საჭიროების შემთხვევაში, მზად ხართ სხვების დასახმარებლად?
მხოლოდ თქვენ გაქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლება
ისინიც კი, ვისაც ძალაუფლების სათავეში უყვარს ყოფნა, დროთა განმავლობაში, იღლებიან ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებით. ლიდერობის საფუძველი სხვა ადამიანების გაძლიერებაა. გადაწყვეტილების მიღების საშუალების მიცემით კი ყველაზე ადვილად გააძლიერებთ სხვა ადამიანებს.
თუ ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებთ, დაიწყეთ მცირედით და მიეცით საშუალება სხვებს, რომ იგრძნონ, რისთვის დაიქირავეს სინამდვილეში – მათი გონებრივი შესაძლებლობისთვის.
თუკი შეამჩნევთ, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მაინც გახასიათებთ და ეს შეგაწუხებთ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. უბრალოდ, დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა და ადრე თუ გვიან, შედეგსაც მიიღებთ.
წყარო: inc.com









