in

როგორ ვმართოთ ორგანიზაცია თავდაჯერებულად გაურკვეველ სიტუაციებში? — 5 მეთოდი

თუ თქვენ ეძებთ იდეებს, რათა მართოთ გაურკვეველი მომავალი, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. არსებობს ინსტრუმენტები, რომლებიც გაურკვეველ სიტუაციებში ფიქრში გვეხმარება, მას გეგმებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროსაც იყენებენ. ეს ინსტრუმენტები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოსადეგია და ნებისმიერ ეკონომიკურ კლიმატსაც ერგება, მიუხედავად იმისა კონკრეტულ ქვეყანაში ომია თუ მშვიდობა, ეკონომიკა ყვავის თუ, პირიქით, კვდება… ახლა კი კონკრეტულად ის 5 ინსტრუმენტი განვიხილოთ, რომელიც გაურკვეველ სამყაროში აყვავებაში დაგეხმარებათ:

იფიქრეთ მოსალოდნელ ღირებულებებზე

რაციონალურობის არსი ყველაზე მაღალი მოსალოდნელი ღირებულების მქონე მოქმედების კურსის შერჩევაა. მოსალოდნელი მნიშვნელობის გამოთვლა კი ისეთივე მარტივია, როგორც მნიშვნელობის გამრავლება მის ალბათობაზე. აქ კი ჯეფ ბეზოსის მაგალითი განვიხილოთ, მან Amazon.com-ში მოსალოდნელი ღირებულების ლოგიკის გამოყენებით ინვესტიცია ჩადო. მის დიდ პოტენციალს ხედავდა და არსებულ რისკსაც ამჩნევდა — 70% იყო იმის ალბათობა, რომ კომპანია წარუმატებელი იქნებოდა, თუმცა დარჩენილი 30% საკმარისი იყო იმისათვის, რომ 70%-იანი მაჩვენებლისთვის ეჯობა. გამოდის, მოსალოდნელი ღირებულება ინვესტიციას კარგ ნაბიჯად აქცევს. 

უშუალოდ მოსალოდნელი ღირებულების ლოგიკა კი ადასტურებს, რომ მომავალი გაურკვეველია და ჩვენი გადაწყვეტილებები მას უნდა ასახავდეს. თუმცა ზოგიერთ გაურკვევლობას მსოფლიოში უბრალოდ ვერ მოვაგვარებთ. ამგვარად, ბევრი სოციალური და ეკონომიკური სისტემა, რომლებშიც ჩვენ ვმუშაობთ, საკმარისად რთულია იმისათვის, რომ მათი ოპერაციების სრულყოფილად პროგნოზირება შევძლოთ. მაგრამ აქვე, გვაქვს ისტორია, რომელიც სავსეა ჭკვიანი ადამიანების თავდაჯერებული პროგნოზებით, რომლებიც რეტროსპექტივაში სასაცილოდაც კი გამოიყურება, მაგალითად, Apple Computer-ის თანადამფუძნებელი სახლის კომპიუტერს მომაკვდავ მოდად მიიჩნევდა… გამოდის, რთულ სამყაროში ჩვენ წინასწარი პროგნოზები თავმდაბლობით უნდა გავაკეთოთ, არ უნდა გვქონდეს იმის პრეტენზია, რომ ზუსტად ვიცით, რა მოხდება. თუმცა „წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება“ აქ გამოსავალი არ არის. სანაცვლოდ, შესაძლებლობების დიაპაზონსა და თითოეულის ალბათობაზე უნდა იფიქროთ. 

გამოიყენეთ ბრბოს სიბრძნე

ექსპერტებიც კი ძალიან თავდაჯერებულად გადმოგვცემენ თავიანთ გამოთვლებს და ბევრ ჩვენგანსაც სჯერა, რომ სწორი ექსპერტის ნახვა შეუძლია. თუმცა თუ ორ ექსპერტს თხოვთ სიტუაციის შეფასებას, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული პასუხები მიიღოთ. და რომელს მიემხრობოდით? ალბათ, მათ შორის საუკეთესო ექსპერტს და ეს არის სწორედ ის, რასაც ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე უჭერდა მხარს — ამბობდა, რომ სწორედ იმ ადამიანის პროგნოზებს უნდა დავუჯეროთ, რომელსაც ამ საკითხში ცოდნა აქვს. 

რაც შეეხება ბრბოს სიბრძნეს, აქ მიდგომა სრულიად განსხვავებულია. ავტორი ჯეიმს სუროვიეცკი ამტკიცებს, რომ ჯგუფში განსჯების გაერთიანების მარტივი წესები, მათ შორის საშუალო ან მედიანური, ან უმრავლესობის ხმა, რომელიც კი/არა პასუხებით მიიღება, გადაწყვეტილების მიღების უფრო რთულ სტრატეგიებს ბევრად აჭარბებს.

ჩვენი რწმენა გვაიძულებს მივდიოთ იმ ერთ ექსპერტს, რომელსაც წინასწარი პროგნოზების გაკეთება საუკეთესოდ შეუძლია. სწორედ ამ რწმენას მივყავართ შარლატანებამდე, რომლებიც გვატყუებენ და თავს ისე გვაჩვენებენ, თითქოს რაღაც იციან. ამიტომ, მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ზუსტად იციან, როგორი იქნება რეალურად გაურკვეველი მომავალი, რადგან მათ კარგ ინტუიციის უნარზე მეტად, ქედმაღლობა ახასიათებთ. 

დააკალიბრეთ თქვენი თავდაჯერებულობა

მაქსიმალური თავდაჯერებულობისკენ სწრაფვამ ყველა ტიპის ცუდ გადაწყვეტილებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. ზედმეტმა თავდაჯერებულობამ სამომავლო მოგების შესახებ იმაზე მეტიც შეიძლება დაგახარჯვინოთ, ვიდრე რეალურად გაქვთ, ხოლო ზედმეტმა თავდაჯერებულობამ თქვენი დაუმარცხებლობის შესახებ ისეთ რისკებზე წასვლაც კი შეიძლება გაიძულოთ, რაც თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას შეამცირებს. რაც შეეხება წარმატების მიმართ ზედმეტ თავდაჯერებულობას, ამან შეიძლება შეასუსტოს ზუსტად ის ინვესტიცია, რომელიც მის მისაღწევად არის საჭირო. 

ამიტომ, კარგი მოსალოდნელი ღირებულების გამოთვლები ზუსტ შეფასებებს მოითხოვს როგორც ალბათობის, ასევე სხვადასხვა ვარიანტებიდან მიღებული შედეგების შესახებ. მას შემდეგ, რაც ამას მოახერხებთ, რისკების მიმართ თქვენს დამოკიდებულებას დააკვირდით — თუ რისკზე წასვლა არ მოგწონთ, მაშინ მოითხოვთ, რომ გაურკვევლობამ უფრო მაღალი მოსალოდნელი ღირებულებები მოგცეთ მაშინ, როცა რისკის მაძიებლები მზად არიან, ჯეკპოტის შანსის სანაცვლოდ, უფრო დაბალი ღირებულებებიც მიიღონ. 

საინტერესოა ისიც, რომ ენი დიუკი თავის წიგნში „ფიქრი ფსონებით“ აღწერს, როგორ ეხმარება აზარტული თამაშები თავდაჯერებულობის დაკალიბრებას. როცა, მაგალითად, სამსახურში ერთ აზრზე ვერ თანხმდებით, კამათის ნაცვლად, თქვენს აზრებზე ფსონი უნდა დადოთ, ყველა მათგანი ჩამოწეროთ, როგორც ალბათობა, მოგვიანებით კი დაუბრუნდეთ მას და ნახოთ, რომელი იყო სწორი. ამ მეთოდს მენეჯერებმაც შეიძლება მიმართონ, თუმცა, მნიშვნელოვანია, მან ყველას აჩვენოს, რომელი პასუხი იყო სწორი, რათა თავადვე განსაზღვრონ, კონკრეტული სიტუაციის შეფასებისას, რამდენად ზუსტები იყვნენ. 

დაიცავით თქვენი ფსონები

დიახ, ფრენაზე ერთი წუთით დაგვიანებას, ერთი წუთით ადრე მისვლა სჯობს. ხოლო რაც უფრო დიდია გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ რამდენი დრო დასჭირდება აეროპორტამდე მისასვლელ გზას, მით უფრო ადრე უნდა წახვიდეთ იქ. თუ ხშირად 1 საათით ადრეც მიდიხართ, გამოდის, ზედმეტად ფრთხილობთ… ასე რომ, ყოველთვის არც ის არის აშკარა, თუ რომელი მიმართულებით ჯობს წასვლა. აქ კი ყველაზე მაღალი მოსალოდნელი ღირებულებით მოქმედების კურსის ასარჩევად ზუსტი და კარგად დაკალიბრებული ალბათობის განაწილება ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. მაგალითად, ამინდის პროგნოზები იყო კოლოსალური ეკონომიკური სარგებელი, არა მხოლოდ ფერმერებისთვის, არამედ ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც ამინდზე იყო და არის დამოკიდებული. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ეს პროგნოზები ხშირად არ არის ზუსტი, მაგრამ გეტყვით, რომ იგი კარგადაა დაკალიბრებული — მაგალითად, როცა წვიმის 50%-იანი ალბათობაა, ნახევარი დღე წვიმს. 

დაუკავშირდით გაურკვევლობას თავდაჯერებულად

თუ თქვენ გკითხავენ, კონკრეტულ თამაშში ვინ შეიძლება მოიგოს და უპასუხებთ, რომ მაგალითად: დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ Warriors მოიგებს შემდეგ თამაშს, აუდიტორია ამას სკეპტიკურად აღიქვამს, რადგან თქვენ პასუხის გაცემისას ნაკლებად თავდაჯერებული ხართ. ხოლო თუ იტყვით, რომ Warriors-ს მოგების 60%-იანი შანსი აქვს, ეს უფრო დამაჯერებელი იქნება მაყურებლებისთვის, რადგან, მსგავსად, თითქოს ეუბნებით, რომ ამ გაურკვევლობის შესაფასებლად შესაბამისი ინფორმაცია შეაგროვეთ. 

სინამდვილეში, ეს არის ის, რისკენა უნდა ვისწრაფოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება ვერ დააკმაყოფილოს ჩვენი ლტოლვა სიზუსტისკენ და არასასურველ რეალობაშიც დაგვტოვოს. თანაც, თუ ფილოსოფოს ვოლტერს დავუჯერებთ: გაურკვევლობა არასასიამოვნო პოზიციაა, სიცხადე კი სრული აბსურდი

თუმცა ძალიან ბევრი ლიდერი ფიქრობს, რომ თავდაჯერებულობის შენარჩუნება მათგან სიცხადის აბსურდულ დონეებს მოითხოვს. შესაბამისად, ეს არც სიმართლეს შეესაბამება და მათ რეპუტაციასაც უქმნის საფრთხეს, როცა თავდაჯერებით ნათქვამი პროგნოზები არასწორი აღმოჩნდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საკმარისი ინფორმაცია შეაგროვოთ, რათა განსაზღვროთ, რამდენი გაურკვევლობა რჩება. 

გაკვეთილები ლიდერებისთვის

დიახ, სამყარო სავსეა გაურკვევლობებით. ხოლო მათი იგნორირება და პრეტენზია იმისა, რომ სრულყოფილი პროგნოზების გაკეთება შეგიძლიათ სრული ბოდვაა. უკეთეს გადაწყვეტილებებს მხოლოდ მაშინ მიიღებთ, როცა გაურკვევლობას საკუთარ აზროვნებასა და მოსალოდნელი ღირებულებების გამოთვლებში ჩართავთ. მეტიც, უკეთესი ლიდერიც იქნებით, როცა გარშემომყოფებს გაურკვევლობის შესახებ მოუყვებით, დაეხმარებით, რაოდენობრივად განსაზღვრონ ის და მიიღონ უკეთესი მოსალოდნელი ღირებულების გამოთვლები. შედეგად უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ, თანაც, უფრო მაღალი მოსალოდნელი ღირებულებებით. მსგავსად, ის ორგანიზაციული რყევებიც შეგიძლიათ შეამციროთ, რომლებიც სრულყოფილი პროგნოზირების წარუმატებელ მცდელობებს მოჰყვება…

გაკვეთილი კი ის არის, რომ კომპლექსური სამყაროს გაურკვევლობების შესახებ, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ. მომავლის არაპროგნოზირებადობაზე გულწრფელად უნდა იფიქროთ. შეაფასეთ ალბათობა საუკეთესოდ და გამოიყენეთ ისინი ყველაზე ზუსტი მოსალოდნელი ღირებულების გამოთვლებისთვის. თქვენ ვერასდროს გაიგებთ, რეალურად ისინი მართლები არიან თუ არა და ყოველთვის ისურვებთ უფრო მეტი ინფორმაციის ქონას, რათა ეს გაურკვევლობა შეამციროთ. მაგრამ თუ თვალყურს ადევნებთ და თქვენს ქულასაც დაიცავთ, როგორც თქვენ, ისე თქვენს კოლეგებს შეგეძლებათ გააუმჯობესოთ კალიბრაცია. ჩვენ მზად ვართ იმაზე დავდოთ ფსონი, რომ ეს ამად ღირს.

წყარო: HBR 



ძალიან ბევრს ლაპარაკობთ? — შესაძლოა, ეს ხალხს მოსწონდეს კიდეც

Eurobest 2022-ში მონაწილეობასთან დაკავშირებით, საგანგებო Live ბრიფინგები იმართება!