27
Nov
2018

უცხო ენის სწავლას 15 წუთი სჭირდება

27 Nov 2018

იცით, რომ უნივერსიტეტის შემდეგ, საღამოობით, უცხო ენის შესწავლისთვის მიძღვნილი 90 წუთი ფუჭად გადაყრილი დროა? იმიტომ, რომ ჩვენს ტვინს 15 წუთის განმავლობაში შეუძლია მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენახვა-გადამუშავება. დანარჩენი ინფორმაცია კი ე.წ. „კოგნიტური გადატვირთვა“ ჩვენს ხანმოკლე მეხსიერებაში რჩება. რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად, თუმცა ენის დასწავლისას არ გამოგვადგება.

statiebi-bog
statiebi-bog

 

თქვენი აზრით, როცა გამოცდის წინ ვსხდებით და ყველაფერს ერთბაშად ვწავლობთ, გრძელვადიან პერსპექტივაში ამას რამე შედეგი ექნება? – რა თქმა უნდა, არა. ერთად მიღებული ამდენი ინფორმაცია ერთ კვირაში გვავიწყდება. არადა, უცხო ენის შესწავლისას, ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი, ცოტ-ცოტა ინფორმაციის, თუმცა ხშირ-ხშირად მიღება. და იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია ჩვენს თავებში დარჩეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამეორება.

15 წუთის განმავლობაში, ჩვენს ტვინს 7 ახალი ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება შეუძლია. შესაბამისად, ამისთვის დრო შეგვიძლია, ასე გადავანაწილოთ: 10 წუთის განმავლობაში ახალ სიტყვებს, გრამატიკულ ნიუნსებსა თუ სხვა დეტალებს დავუთმოთ, 5 კი განვლილ მასალას მივუძღვნათ. მარტივია, არა?

მაგრამ აქვე, გვჭირდება პროცესის მუდმივობა. ყოველდღიურად სწავლას თუ ჩვევაში გადავიტანთ, ვერც კი ვიგრძნობთ, ენა ისე შემოგვესწავლება. ამაში კი დროის ისეთი მონაკვეთების სასარგებლოდ გამოყენება დაგვეხმარება, როგორიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაა, სახლამდე ფეხით მიმავალი გზა, რიგში დგომა და ა.შ. სიტყვების, ფრაზებისა, თუ გამონაკლისების გადამეორებით, ყოველდღიური დამღლელი პროცესი სახალისოც კი შეიძლება გავხადოთ.

იმ ადამიანებს, ვისაც რუტინა უყვართ და ყველაფერი წინასწარ გაწერილი აქვთ, მათთვის კომფორტული იქნება, ცხრილი გააკეთონ და ყოველდღიურად, დროის რაღაც მონაკვეთში უცხო ენისთვის 15 წუთი გამოყონ. თუმცა, ხომ არსებობენ ადამიანებიც, რომლებსაც არ შეუძლიათ, უბრალოდ, აღიზიანებთ ყოველდღიურად, ერთისა და იმავეს კეთება? რა თქმა უნდა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მათ შეუძლიათ, პროცესი თავიანთ პიროვნულ მახასიათებლებს მოარგონ, კომფორტის ზონაში დარჩნენ და არა ყოველდღიურად, არამედ რაღაც დღეებში დაუთმონ დრო უცხო ენას. შეიძლება, ეს იყოს კვირის ყოველი მეორე დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა, სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და ა.შ. მთავარია, რომ ენის დაუფლება არ გახდეს მოსაბეზრებელი და ეს აბსოლუტურად ადამიანზეა დამოკიდებული, საკუთარ თავს როგორ შეუქმნის კომფორტს.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაჯერებულობას მხოლოდ ჩვენი ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა მოგვიტანს, ამიტომ, ვისაუბროთ ტურისტებთან, უცხოენოვან ტრენინგებს დავესწროთ და სხვ.

შეგიძლია, დღესვე დაიწყო უცხო ენის შესწავლა. მას ხომ მხოლოდ 15 წუთი სჭირდება!



განხილვა