20
Feb
2019

მეტს გაიგებთ, თუკი უბრალოდ მოსმენას ისწავლით

20 Feb 2019

ანტრეპრენუარებისთვის ძალიან რთულია, გამოყონ დრო, უბრალოდ დასხდნენ და დაკვირვებით მოუსმინონ სხვებს: ცხოვრებაში – ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, ბიზნესში – მომხმარებლებს, ინვესტორებსა და დირექტორებს. ახალბედა ანტრეპრენუარებისთვის მოსმენა ის უნარია, რომელსაც აუცილებლად უნდა დაეუფლონ, იმიტომ, რომ გამოცდილებს ისედაც ხშირად ავიწყდებათ ეს, რადგან ჰგონიათ, რომ საკმარის ცოდნას ფლობენ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

აქტიური მოსმენა სწორედ ის გასაღებია, რომელიც დიდი, მნიშვნელოვანი იდეების კარს აღებს. გაფაციცებული ყურები ყველაფერს მარტივად ამჩნევენ და არჩევენ – ცუდსაც და კარგსაც. შესაბამისად, მცირდება იმის რისკი, რომ რაიმე მნიშვნელოვანი თვალთახედვიდან გამოგრჩეთ და ყურადღება არ მიაქციოთ. კარგი იდეები წამებში იბადება, თუმცა, წამებშივე შეიძლება გაქრეს, თუკი ინიციატივას არ გამოიჩენთ. მოგვიანებით მოსმენილი იდეების განხორციელებას კი ხშირად აზრიც აღარ აქვს.

საუკეთესო ბიზნესები მოთხოვნაგაზრდილ მომხმარებლებთან ამგვარად იქცევიან: დაკვირვებით უსმენენ, სწრაფად ადაპტირდებიან და დაუყოვნებლივ პასუხობენ. ხშირად მათ “მომხმარებლად” კონკურენტებიც ევლინებიან, რომლებთანაც შესაბამისი მომსახურებაა საჭირო, სწორედ ამიტომაა აუცილებელი დაკვირვებული მოსმენა, რათა მათი ერთი სურვილიც კი არ გამოგეპაროთ და აზრმოკლებული ეჭვების საბაბი არ მისცეთ.

ასევე, მეტოქეებს არ უნდა მოუსმინოთ მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტული და შესაბამისი პასუხი გასცეთ, არამედ იმიტომ, რომ სრულებით შესაძლებელია, მათგან საკმაოდ ბევრი რამ ისწავლოთ. დიდი კომპანიები ყოველთვის მაშინ აგებენ ბრძოლას, როდესაც არ ცდილობენ, თავიანთ მომხმარებელს ასიამოვნონ. სხვა კომპანიებმა კი, რომლებიც ამ საიდუმლოს კარგად არიან დაუფლებულნი, გამუდმებით იზრდებიან და ვითარდებიან. სწორედ ამიტომ, თუკი არ უსმენთ, არაფერს სწავლობთ!

დღევანდელობაში, როდესაც ადამიანს მრავალფეროვანი ინფორმაციის უწყვეტ ნაკადთან უხდება გამკლავება, რთულია, გაფილტროთ, რა გჭირდებათ და რა – არა. აქტიური მოსმენა კი ზუსტად ამ დროსაა საჭირო. ხშირად ხდება ისეც, რომ საიტიდან საიტზე “დახტიხართ”, ერთი წყაროდან მეორე წყაროზე უცბათ გადადიხართ და არ აკვირდებით, რეალურად, რა წერია იქ. უნდა იცოდეთ, რომ ასეთ მომენტში ყველაზე დიდ დროს ხარჯავთ ყველაზე არაეფექტური ქმედებებით. ისწავლეთ ყურადღების გამახვილება!

წარმოგიდგენთ გზებს, თუ როგორ უნდა უსმინოთ ეფექტურად:

მოუსმინეთ მაშინაც, როცა არ მოგწონთ ის, რასაც საუბრობენ

მოუსმინეთ იმ განზრახვით, რომ გაიგოთ, როგორ ხედავს და აღიქვავს კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ საკითხს

მოუსმინეთ იმიტომ, რომ ამ საკითხის აღქმისას დაინახოთ განსხვავება თქვენსა და სხვა მხარეს შორის

და ბოლოს, ჰკითხეთ სხვებს თუ რა სჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიოთ

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და დაფიქრდით, კიდევ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ აქტიური მოსმენა ისწავლოთ. იფიქრეთ იმაზეც, თუ რამდენი რამ შეიძლება გამოტოვოთ მაშინ, როცა ეფექტურ მუშაობას ცდილობთ არაეფექტური გზებით. ხანდახან ბრილიანტი თქვენს წინ დევს, თქვენ კი შეიძლება იგი საერთოდაც ვერ შეამჩნიოთ.

წყარო: Inc



განხილვა