წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, ლივინგსტონის განვლილ თვეებს შევაჯამებთ. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე ზურმუხტაშვილი, გვიყვება, როგორ ჩაიარა 2022-მა სააგენტოსთვის, რა სიახლეები თუ სირთულეები იყო, ან რას გეგმავენ უკვე მომავალი წლისთვის.
„2022 წელს უამრავი ემოცია ახლდა თან. პანდემიის საბოლოოდ დამარცხების სიხარული და მასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინები ომისგან გამოწვეულმა შოკმა და უიმედობის განცდამ შეცვალა.
თუმცა უკრაინელების სიმამაცემ და საოცარმა ერთიანობამ ყველას მაგალითი მოგვცა, როგორ უნდა მოვიქცეთ ყველაზე რთულ დროს. ჩვენც ერთმანეთი გავამხნევეთ, კრეატიულ ძალები მოვიკრიბეთ და მათი დახმარების სურვილი საქველმოქედო NFT პროექტად ვაქციეთ. უამრავი ნიჭიერი და იდეით ინსპირირებული ადამიანის ორკვირიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ Russiaforsale.org გაეშვა.
დაუვიწყარი იყო მოსკოვის NFT-ის გაყიდვით და მიღებული თანხით უკრაინული შეიარაღებული ძალებისთვის ეკიპირების შეძენის ფაქტით გამოწვეული შეგრძნებაც, რასაც საჯარო მადლობაც მოჰყვა ტვიტერში ქართველი ხალხის მიმართ.
ზოგადად, Web 3.0 და მეტავრესი აქტუალური იყო მთელი წლის განმავლობაში. ჩვენც მალევე ავუწყვეტ ფეხი სიახლეებს და რამდენიმე კამპანიაში მათი წარმატებული ინტეგრაციაც შევძელით.
ჩვენი ინდუსტრია ძალიან დინამიკურია და ცვლილებებისთვის მუდმივ მზაობას საჭიროებას. წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. სრულიად გადავიაზრეთ სააგენტოს როლი ბიზნესისთვის ღირებულების მოტანის პროცესში და მივხვდით, რომ კომპანიებს, გარდა მაღალი დონის საკომუნიკაციო თუ ტექნოლოგიური სერვისის მიწოდებისა, ასევე სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც დაეხმარება მათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში.
საკომუნიკაციო კამპანიებისა და ტექნოლოგიური პროდუქტების (ვებ-პლატფორმები, მობილური აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი და დიდი მონაცემების დამუშავება) შექმნის მრავალწლიანმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, პარტნიორი კომპანიებისთვის შეგვეთავაზებინა ბიზნეს-დიზაინის სერვისი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა დისციპლინის გადაკვეთაზე საუკეთესო გადაწყვეტების პოვნას. გვიხარია, რომ ამ მიმართულებით უკვე ბევრი თანამოაზრე გვყავს და განახლებული ფორმატის თანამშრომლობის შედეგებს უკვე 2023 წელს ველოდებით.
ლივინგსტონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა ბრენდისთვის მომსახურების გაწევა. 2022 წელი ამ მხრივაც გამორჩეული იყო. ჩვენი საერთაშორისო კლიენტების პორტფელს Scribd შეემატა, რომლის ბრიფზეც ჩვენს პარტნიორ ამერიკულ სააგენტო Here be Dragons-თან ერთად ვიმუშავეთ. ამერიკული ბრენდისთვის ამერიკის ბაზრისთვის გამიზნული იდეების მოფიქრება მართლაც უნიკალური გამოცდილებაა.
გამოვარჩევდი ასევე რამდენიმე არაკომერციულ პროექტს, რომელსაც მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა აქვს და საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში პოზიტიური მშობლობის პრინციპების შესახებ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შექმნილი საგანმანათლებლო რესურსი — მშობლების დედაენა.
(GIIP) / USAID-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, Zinc Network-თან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) პარტნიორობით შექმნილი კამპანია — „გმირობის ნაყოფი“.
იმავე დონორის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, Zinc Network-თან და ამჯერად „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“-თან ერთად შექმნილი კამპანია: მრავალი ხმა, ერთი სამშობლო.
მადლობა ყველა ორგანიზაციას, რომელიც გვენდო. თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დაუღალავი შრომის შედეგია ყველა ის პროექტი თუ კამპანია, რომლითაც ასე ვამაყობთ.
2022 წელმა ბევრი რამ გვასწავლა. შეიძლება ითქვას, საკუთარი თავები ხელახლა აღმოგვაჩენინა. მჯერა, 2023 იქნება ბოროტებაზე საბოლოო გამარჯვებისა და ახალ ჰორიზონტებზე ფრენის წელი“.