in

“ლივინგსტონის აკადემია” – სასწავლო პლატფორმა თანამშრომლებისთვის და არამხოლოდ

სააგენტო “ლივინგსტონმა” თანამშრომლების განათლებაზე ზრუნვა სპეციალური სასწავლო სისტემის საშუალებით გადაწყვიტა. ჰოდა, რაღა შორს წასულიყვნენ, მივიდნენ აზრამდე, სასწავლო პლატფორმა საკუთარ ოფისშივე ჩამოეყალიბებინათ, კურსები მოთხოვნისა და ინტერესის შესახებ შეერჩიათ და ადგილობრივი ან მიწვეული ლექტორების დახმარებით, განათლებას მოწყურებული კრეატორები ფრენის ახალ სიმაღლეზე აეყვანათ. ასე დაიბადა “ლივინგსტონის აკადემია”.

M: “ლივინგსტონში” სასწავლო მიმართულების შექმნა რატომ გადაწყვიტეთ?

ეკო ჩუბინიძე, კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი: “უკვე მესამე თვეა, რაც “ლივინგსტონში” ახალი სივრცე – “ლივინგსტონის აკადემია” – გაჩნდა. ოთხშაბათობით და პარასკევობით ეს სივრცე ჩვენთვის უჩვეულოდ ადრე, დილის 10 საათზე „ცოცხლდება“ და ათ ყველაზე სწრაფ და სწავლამოწყურებულ ლივინგსტონელს ახალი ცოდნების და უნარების შეძენის საშუალებას აძლევს.

“ლივინგსტონელები” ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ხასიათის, ინტერესების და შეხედულებების მქონე ადამიანების ერთიანობაა, თუმცა ის, რაც ყველას გვაერთიანებს ყოველთვის იყო და იქნება უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა, რომელსაც სულ ახლის ძიებით, სწავლით და მერე რეალობაში განხორციელებით ვიკმაყოფილებთ. სხვა ბევრ გუნდთან ერთად, თავის დროზე, სწორედ ასე გაჩნდა ლივინგსტონში ხელოვნური ინტელექტის გუნდიც, რომელიც რამდენიმე ადამიანის ცნობისმოყვარეობიდან სწავლის პროცესში გადაითარგმნა, სწავლა კი, “ლივინგსტონის” ერთ-ერთ ყველაზე საამაყო ბიზნეს მიმართულების ჩამოყალიბებით დასრულდა, უფრო სწორად კი, გრძელდება.

ამ ფილოსოფიის ბუნებრივი გაგრძელებაა “ლივინგსტონის აკადემიაც”. წლიდან წლამდე ვიზრდებით როგორც რაოდენობრივად, ასევე პროფესიულად. სხვადასხვა გუნდში, პროექტიდან პროექტამდე გროვდება ცოდნა, რომელიც უნიკალურია. აკადემია ამ ყველაფერს სწორ კალაპოტს აძლევს და თითოეულ ლივინგსტონელს სთავაზობს პლატფორმას გააზიაროს ის უნიკალური ცოდნა, რაც მას აქვს, ან პირიქით, მოისმინოს და ისწავლოს ის, რაც მას არ აქვს.”

M: რას მოიცავს “ლივინგსტონის” აკადემიური სისტემა? რა განასხვავებს უკვე არსებული სასწავლო მექანიზმებისგან?

მარიკა ხანთაძე, ექაუნთ მენეჯერი: “აკადემიის იდეაზე მუშაობის დღიდან, გვინდოდა, რომ ეს გარემო ისეთივე განსხვავებული და შთამაგონებელი ყოფილიყო, როგორც თვითონ ლივინგსტონია. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ლივინგსტონის აკადემია” სხვა სასწავლო პროგრამებს არ ჰგავს. მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ აკადემიის გუნდი კურსებს ლივინგსტონელების სურვილების მიხედვით ქმნის. მაგალითად, ამ თვეში ფოტოგრაფიის კურსს ატარებს „კიკალა სტუდიოს“ დირექტორი და ფოტოგრაფი, ვახტანგ ალანია. ამ კურსის შექმნის ინიციატივა კი სწორედ ჩვენს ერთ-ერთ არტ დირექტორს ეკუთვნის.
მას შემდეგ, რაც აკადემიის გუნდი აიდენტიფიცირებს, რა ცოდნაზეა გუნდში მოთხოვნა, შერჩეულ ლექტორთან ერთად, იქმნება კურსის სილაბუსი. თითოეულ კურსს განსაზღვრული კრედიტები აქვს, რომელიც სტუდენტს შეუძლია, რომ საჩუქრებში გადაცვალოს: დამატებითი day off, მუსიკალური აქსესუარები, კინოს ბილეთები, ხილის ბომბი და ბევრი სხვა.”

M: ვინ არის ჩართული სასწავლო პროცესში და რას ასწავლით?

ლარა ქველაძე, ლივინგსტონის აკადემიის მენეჯერი: “ვინაიდან, აკადემიის სივრცე განსაზღვრულ რაოდენობა ადამიანებს იტევს, კურსებზე დასწრება დასწრებაზეა, თითოეული კურსისთვის მინი კამპანიებს ვაკეთებთ, რომლის საშუალებითაც ლექტორი მთელს “ლივინგსტონს” აცნობს, რის შესახებ იქნება მათი ლექციები და რა ცოდნას მიიღებენ კურსის დასრულების შემდეგ. შემდეგ კი, ათი ყველაზე სწრაფი და იღბლიანი, რომელიც პირველი დარეგისტრირდება კურსზე, აკადემიის სტუდენტი ხდება.

კურსები, ამ ეტაპზე, მოკლევადიანია. მაქსიმალური ხანგრძლივობა ერთი თვეა, აქამდე უკვე ჩატარდა ბიზნესის საფუძვლების, ხელოვნური ინტელექტის, ქოფირაითინგისა და საჯაროდ მჭევრმეტყველების კურსები. ოთხივე შემთხვევაში, ლექტორები გამოცდილი თოლიები იყვნენ, თუმცა ლექტორების წრეს ვაფართოვებთ და უკვე სხვა მეგობარი კომპანიებიდანაც ვიწვევთ ცოდნის გაზიარების მსურველებს.”

M: ამ დროისთვის, როგორია მოლოდინი, რისი მიღწევა გსურთ?

ეკო ჩუბინიძე: “კონკრეტული მოლოდინები არც აკადემიის იდეაზე მუშაობის პროცესში გვქონია და არც ახლა გვაქვს, თუმცა ფაქტია, რომ ნელ-ნელა ეს ენთუზიაზმი ხელშესახებ შედეგებში გარდაიქმნება – კიდევ უფრო გაფართოვდება ჩვენი ხედვა, კიდევ უფრო მეტ ისეთ რამეს აღმოვაჩენთ, რაც არ ვიცით და გვინდა, რომ ვიცოდეთ, უფრო მეტი ლივინგსტონური იდეა დაიბადება ერთმანეთისგან განსხვავებული მაინდსეტის მქონე ადამიანების ერთ სივრცეში ყოფნით და ფიქრით და უფრო მეტი მსურველი გვეყოლება, თავისი ცოდნა სხვასაც გაუზიაროს.”

M: თუ ხედავთ საჭიროებას და პერსპექტივას, რომ “ლივინგსტონის აკადემიის” კარი არალივინგსტონელებისთვისაც გაიღოს?

ახალი ამბავი არ არის, რომ ჩვენი ინდუსტრია მუდმივად განიცდის ახალი ტალანტების სიმცირეს. ამას ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს, სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ ცოტა სასწავლო პროგრამაა, რომელიც შემოქმედების და რეკლამის მიმართულებით ამზადებს სტუდენტებს. თუმცა, ჩვენ გარშემო სულ ვხედავთ ამ სფეროში მოხვედრისა და განვითარების მსურველების დიდ არმიას, შესაბამისად, გვჯერა, რომ ლივინგსტონის აკადემიას შეუძლია გახდეს ადგილი, სადაც ბევრი ცნობისმოყვარე ადამიანი ისწავლის ყველაზე მაღლა ფრენას.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ავტობუსის უნიკალური გაჩერებები აფხაზეთში – ბელგიელი ფოტოგრაფის ნამუშევრები და შთაბეჭდილებები

“რიკი და მორტი” Pringles-ის სუპერთასის კამპანიაში მონაწილეობენ