Leavingstone-ის გუნდს ემილი ქორიძე დაუბრუნდა, ამჯერად, ის კრეატივ დირექტორის პოზიციას დაიკავებს. მისი პირველი კარიერული ნაბიჯები და გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სააგენტოს უკავშირდება, ახლა კი, ახალი პოზიციის შესახებ, ჩვენს კითხვებს პასუხობს:
„მალე 6 წელი გახდება, რაც ამ სფეროში ვარ და ყველაფერი სწორედ Leavingstone-დანდაიწყო. მანამდე საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო კრეატიული სააგენტო და ძალიან შემთხვევით მოვხვდი კომპანიაში, რომელმაც მიმიღო სრულიად დამწყები და ყველაფერი შემასწავლა. კრეატივამდე გრძელი გზა გავიარე, რადგან უნივერსიტეტში ეკონომიკას ვსწავლობდი და მეგონა, ჩემი მომავალი პროფესია რაიმე „ტექნიკურთან“ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, საწყის ეტაპზე ედვერთაიზინგით და ექაუნთ მენეჯერობით დავინტერესდი, თუმცა, მალევე გაირკვა რომ ქოფირაითერობა უფრო მშვენის და ლივინგსტონის სოციალური მედიის გუნდში გადავედი. ქოფირაითინგი ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი საქმე აღმოჩნდა. მალე, სინიორ ქოფირაითრიც გავხდი Leavingstone-ის კამპანიებზე მუშაობისას მივხვდი, ეს სფერო ნამდვილად საჩემოა“.
M: რითაა კრეატივ დირექტორის პოზიცია შენთვის საინტერესო?
ეს პოზიცია ჩემთვის საკმაოდ საპასუხისმგებლოა და სწორედ ამითაა საინტერესო. პასუხისმგებლობას ვგრძნობ, პირველ რიგში, ჩემი გუნდის წევრების მიმართ და ძალიან მინდა მათთვის ისეთივე შემოქმედებითი ლიდერი ვიყო, როგორიც მე მომეწონებოდა ქოფირაითერობისას. ის ფაქტი, მეც ვიყავი ქოფირაითერი, ძალიან მეხმარება და კარგად მესმის მათი, შესაბამისად, ჩემთვის ახლა ყველაზე საინტერესო სხვა ქოფირაითრების დახმარება და მათთან ერთად გამორჩეული პროექტების კეთებაა.
M: ახლა, როდესაც დაბრუნდი, ძველი გამოცდილების ფონზე, როგორ ხედავ ამ მიმართულების განვითარებას, შენი ხელმძღვანელობით?
დაბრუნება ძალიან კარგი შეგრძნებაა და ვფიქრობ, ყველა ის გამოცდილება, რაც ლივინგსტონში და მის გარეთ დავაგროვე, უკეთესი მიზნების დასახვაში დამეხმარება. ლივინგსტონი ყოველთვის გამორჩეული იყო კრეატივით. შესაბამისად, მინდა ეს ასეც შენარჩუნდეს და სტანდარტები უფრო მეტადაც გაიზარდოს.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი სფერო მეტად განვითარდეს. ჩემი მხრიდან, ენერგიას არ დავაკლებ ამ ამბავს, რისთვისაც პირველ რიგში, კარგი პროფესიონალებია საჭირო, ამიტომ, ჩემი ხელმძღვანელობით რაც მინდა მოხდეს არის ის, რომ ყველამ მაქსიმალურად ბევრი ვიმუშაოთ თვითგანვითარებაზე, სანამ არ ვიტყვით, რომ მსოფლიოში საუკეთესოები ვართ. მიზანიც და მოლოდინიც სწორედ ესაა – ლივინგსტონი მოინიშნოს მსოფლიო რუკაზე როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სააგენტო.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი