კრეატიულ სააგენტო Leavingstone-ში სასიამოვნო სიახლეა. კომპანიას საერთაშორისო დონის პროფესიონალი — ანჟე იერები შეუერთდა. სააგენტოსა და ანჟეს საერთო მიზანი რეგიონში პირველობის მოპოვება და გლობალური შედეგების მიღწევაა. ანჟე ამ ამბიციური მისწრაფების რეალობად ქცევაში, Leavingstone-ს მთავარი კრეატიული ოფიცრის რანგში დაეხმარება.
“თბილისში ჩამოსვლა ჩემთვის უკვე ინსპირაციაა — შესაძლებლობა, კიდევ ერთ უძველეს კულტურას ვეზიარო. აქაურობა საოცრად ჰგავს ჩემს სამშობლოს — სლოვენიიდან ვარ, ქვეყნიდან, სადაც საქართველოს მსგავსად თქვენ შეხვდებით მთებს, ზღვას და ვენახებს”, — ამბობს Leavingstone-ის ახალი მთავარი კრეატიული ოფიცერი, ანჟე იერები
ვიდრე შთაგონებას თბილისში იპოვიდა, ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კარიერული გზა გაიარა. ყველაფერი სლოვენიაში, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ქოფირაითერობით დაიწყო. მას შემდეგ, ძირითადად კრეატიული დირექტორის პოზიციაზე, ადგილობრივი და საერთაშორისო სააგენტოებისთვის ჯერ სლოვენიაში, შემდეგ კი უნგრეთში, იტალიაში, ხორვატიასა და უკრაინაში მუშაობდა. კარიერის განმავლობაში, ანჟე კრეატივისა და მარკეტინგის სფეროს ათზე მეტი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პრიზით დაჯილდოვდა.
2003 წელს მან საკუთარი სააგენტო — Koffeine დაარსა, რომლის კრეატიული და აღმასრულებელი დირექტორიც, 2003-13 წლებში, თავადვე გახლდათ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანჟე უკრაინის არტ-დირექტორთა გაერთიანების ბორდის წევრი და პრეზიდენტიც იყო.
კარიერის უკანასკნელ პერიოდში, ანჟე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული სააგენტოს — BBDO-ს უკრაინისა და ცენტრალური აზიის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორის პოსტს იკავებდა.
პირველი პროფესიული ნაბიჯიდან 25 წელი გავიდა და ანჟეს კარიერაში კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო — ის Leavingstone-ს შეუერთდა.
M: ასეთ ხანგრძლივ და მრავალფეროვან კარიერას Leavingstone–ში აგრძელებთ. არის თუ არა ეს თქვენთვის პროფესიულად წინ გადადგმული ნაბიჯი?

ანჟე იერები: 1990 წლის შემდეგ მსოფლიო საგრძნობლად შეიცვალა, მაშინ დიდ სააგენტოებს მხოლოდ ლონდონში ან ნიუ-იორკში თუ შეხვდებოდით, თავიანთი წარმომადგენლებით მთელ მსოფლიოში.
ახლა კრეატიული საქმიანობის ნებისმიერ დონეზე შესრულება, მსოფლიოს სასურველი ადგილიდან გახდა შესაძლებელი. Leavingstone კი გახლავთ სააგენტო თბილისიდან, რომლის შედეგებიც საქართველოდან შორს აღწევს. აქ კრეატივისა და ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და ჩემი გამოცდილების თუ კრეატიულ-მენეჯერული უნარების შერწყმით, დარწმუნებული ვარ, რაღაც ძალიან დიდი გამოვა. მიმაჩნია, რომ ეს ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია — ბოლოს და ბოლოს, Leavingstone-ში მომეცა შესაძლებლობა, კრეატივი ტექნოლოგიებს შევურიო და დავაკვირდე, როგორ შეუძლია ამას ადამიანების შეცვლა.
როცა 25 წელია რაც ბაზარზე ხარ, უნდა შეგეძლოს საკუთარი სამუშაოს დიდებულად შესრულება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ Leavingstone-ში სწორედ ამას ვაკეთებთ…
M: საინტერესოა, რატომ აირჩიეთ Leavingstone? ვიდეოში, რომელიც Leavingstone-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა, თქვენ საუბრობთ საერთო ინტერესებზე, მიზნებზე, მოტივაციასა და ინსპირაციაზე. შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად განმარტოთ რა იგულისხმება თქვენს ნათქვამში?
მინდა Leavingstone-ს დავეხმარო, გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში. ეს ჩვენი საერთო მიზანია. ინტერესები? ტექნოლოგიები და კრეატივი ერთად. მოტივაცია? შევქმნა დიდებული პროექტები და კამპანიები ისეთ მოტივირებულ პროფესიონალებთან ერთად, როგორებსაც Leavingstone-ის კრეატივის, მენეჯმენტის, სტრატეგებისა და პროგრამისტების გუნდებში შეხვდებით… ინსპირაცია? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ადამიანები და მართლაც შთამაგონებელი პროფესიული კულტურაა სააგენტოში.
M: როგორ ფიქრობთ რამდენად შეუძლია საქართველოს მოგცეთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა?
მსოფლიოს ამ ნაწილში კრეატიული სააგენტოები არც თუ ისე დიდი რაოდენობითაა. ამიტომაც, აქ ჩემი პირადი კარიერის განვითარების დიდ შესაძლებლობას ვხედავ. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ კრეატიულ ინდუსტრიაში რეგიონის ლიდერი გახდეს. ირგვლივ სხვადასხვა ბაზრის განვითარებაში, სფეროსადმი მუდმივად მზარდი მოთხოვნის პირობებში, თბილისს მარტივად შეუძლია ტექნოლოგიურ და კრეატიულ ცენტრად იქცეს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ტურიზმი, რომელიც აქ უამრავ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავს.
M: როგორ ხედავთ თქვენი და Leavingstone-ის საერთო მომავალს და რამდენად გრძელვადიან თანამშრომლობას ელოდებით?
დიდი იმედი მაქვს, თანამშრომლობა ორივე მხრისთვის ნაყოფიერი იქნება მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვაპირებთ მოვემსახუროთ მთელს რეგიონს, განვაგრძოთ ტიტულოვანი კამპანიების კეთება და ვისიამოვნოთ პროცესით.
ასეთია ანჟე იერების განწყობა, მისი და Leavingstone-ის თანამშრომლობასთან დაკავშირებით. თუმცა მის დამოკიდებულებასთან ერთად, საინტერესოა, როგორ აფასებენ Leavingstone-ში ასეთ მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებას. ამის უკეთ გასაგებად, რამდენიმე შეკითხვა სააგენტოს დამფუძნებელ ლევან ლეფსვერიძეს დავუსვით.
M: რამდენად დიდი შენაძენი და მნიშვნელოვანი ზრდაა კომპანიისთვის ასეთი პროფესიონალის დამატება?

ანჟეს შემოერთება უდიდესი შენაძენია… ფაქტობრივად, გავაორმაგეთ ჩვენი კრეატიული შესაძლებლობები. მას საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, თავისუფლად დავაკმაყოფილოთ ევროპული და ცენტრალური აზიის ბაზრებიდან შემოსულ პროექტებზე მოთხოვნა.
M: იქნება თუ არა კონკრეტული სიახლეები კომპანიის საქმიანობაში, რას უნდა ელოდოს მომხმარებელი?
წარმატების ტირაჟირებას საქართველოს გარეთ. Leavingstone ამჟამად ისევ ქართული კომპანია ვართ, სუპერ ნიჭიერი ქართველებით გაძეძგილი. ანჟესთან ერთად ვგეგმავთ გუნდების დაკომპლექტებას სხვა ქვეყნების ტოპ ტალანტითაც. ჩვენი მიზანია რეგიონში ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას გავუჩინოთ საშუალება Leavingstone-ში იპოვონ თანამზრახველები და მსოფლიო დონეზე შთამაგონებელი პროექტები აკეთონ.
M: როგორ ხედავთ Leavingstone–სა და ანჟეს საერთო მომავალს და რამდენად გრძელვადიან თანამშრომლობას ელოდებით?
უკუნითი უკუნისამდე! მოკლედ რომ ვთქვა. საქმისადმი დამოკიდებულებაში სრულიად ვემთხვევით. Leavingstone იმ მცირერიცხოვან სააგენტოებს მიეკუთვნება, სადაც მართლაც პრიორიტეტულია კრეატივი და ინოვაციური იდეებით შედეგიანობის მიღწევა. ამიტომაც, საკმაოდ შორსმიმავალი გეგმები გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენთან მას საშუალება ექნება, რეალობად აქციოს ყველა ის პროფესიული ოცნება, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა ჩაფიქრებული.
საბოლოოდ, აშკარაა, რომ თანამშრომლობის დაწყებას ორივე მხარე დადებითად აფასებს და მომავალს დიდი ამბიციებით ეგებება.ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, Leavingstone-ის ახალ წარმატებულ პროექტებსა და მნიშვნელოვან მიღწევებს დაველოდოთ. ხოლო მოლოდინი, რომ ანჟესთან თანამშრომლობის პირობებში, სააგენტოს შემოქმედებითი საქმიანობა კიდევ უფრო დაიხვეწება და შედეგები გლობალურ მასშტაბს მიაღწევს, ნამდვილად საფუძვლიანია.
ავტორი: სოლომონ დევსურაშვილი












