in

Leavingstone სააგენტოების საერთაშორისო ქსელ ICOM Network-ს შეუერთდა!

სააგენტო Leavingstone სააგენტოების საერთაშორისო ქსელ ICOM Network-ის წევრი გახდა. გაერთიანება 1965 წელს დაარსდა და 100%-ით დამოუკიდებელ სააგენტოებს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. ICOM-ის შემადგენლობაში 70-ზე მეტი სააგენტო შედის. ორგანიზაციის წევრობა Leavingstone-ს ახალ გზებს გაუხსნის მისცემს მსოფლიო ბრენდებთან ურთიერთობისა და გლობალურ ბაზარზე გასვლის პროცესში. ამავდროულად, ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიას საერთაშორისო სააგენტოებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს. თანამშრომლობასა და გეგმებზე Leavingstone-ის თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე და ICOM-ის აღმასრულებელი დირექტორი ემა კინანი გვესაუბრნენ.

M: რა შესაძლებლობას ქმნის ICOM Leavingstone-თვის?

ლევან ლეფსვერიძე: ICOM არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გაერთიანება, ძალიან მხარდამჭერი განწყობა აქვთ და იგრძნობა, რომ ეს გუნდი ნამდვილად ერთიანია. ICOM ნეთვორქში გაწევრიანება ნიშნავს, რომ NATO-სა და ევროკავშირში შევედით, „ჩვენებურად“. დამოუკიდებელი სააგენტოსთვის ძალიან ძნელია საერთაშორისო ბაზარზე გზის გაკვლევა. ეს გაერთიანება კი ერთობლივ განვითარებაში გეხმარება. პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ გექნება პროექტები ICOM-ის წევრ სააგენტოებთან კოლაბორაციით. ასევე, შეგვეძლება ერთობლივი ძალებით შევიდეთ მსოფლიო დიდი ბრენდების ტენდერებში, რაც ქართული პატარა სააგენტოსთვის ფიზიკური შეუძლებელი იყო, რაც უნდა გენიალური იდეები გვქონოდა. ახლა კი, გაჩნდა შანსი დავამტკიცოთ, რომ ქართულ კრეატივს შეუძლია თავისი სიტყვა თქვას მსოფლიო დონეზე. ამას გარდაა, ძალიან ბევრი საგანმანათლებლო პროექტი იქნება. წლის ბოლომდე გეგმები უკვე განსაზღვრული გვაქვს და იმედი მაქვს, ყველა ვარსკვლავი სწორად დალაგდება და რეალურ შედეგებს მალე ვიხილავთ.

M: ICOM-ის პოლიტიკა ქვეყნიდან მხოლოდ ერთ სააგენტოსთან თანამშრომლობას ითვალისწინებს. რა კრიტერიუმები გაითვალისწინეს Leavingstone-ის შერჩევისას?

ლევან ლეფსვერიძე: როგორც თავად ამბობენ, პირველ რიგში, ესაა ღირებულებათა თანხვედრა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ Leavingstone-მა დამოუკიდებლად შეძლო განვითარება სხვა დიდი გაერთიანებების დახმარების გარეშე. ასევე, რა თქმა უნდა, პორტფოლიო. აღნიშნეს, რომ ჩვენი ნამუშევრები მსოფლიო დონისაა და მათთვის ეს დიდი შენაძენია. მათ ჰქონდათ საქართველოში გაერთიანების ინტერესი. რეგიონში გაფართოებისას, Leavingstone იქნება ნათელი მაგალითი სხვა სააგენტოებისთვის, რომ შემოუერთდნენ ამ მატარებელს.

M: რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოვლენა ქართული კრეატიული ინდუსტრიისთვის?

ლევან ლეფსვერიძე: ესაა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი განაცხადია. რეგიონში ვართ პირველი სააგენტო და ქვეყანა, რომელიც ევროპულ-ამერიკულმა გაერთიანებამ თავის რიგებში მიიღო. ICOM იმდენად მოიხიბლა ქართული სტუმართმოყვარეობით, რომ გამოთქვა სურვილი, რომ ორგანიზაციის ყოველწლიური მასშტაბური ღონისძიება და სააგენტოებს მოუყრის თავს. ეს უდიდესი მოვლენა იქნება ჩვენი ინდუსტრიისთვის. ამ სააგენტოების საქართველოში სტუმრობა კი ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობაა.

M: პრეზენტაციის დროს აღნიშნეთ, რომ ქართულ სააგენტოსთან თანამშრომლობა დიდი ხანია გსურდათ…

ემა კინანი: საქართველოს კრეატიული ინდუსტრია უდიდესი პოტენციალის მქონეა. პირადად, მე ყოველთვის მაინტერესებდა ეს ბაზარი. ეს დიდი ენერგიაა. ამას ნათლად ხედავ, როდესაც მათ კრეატიულ ნამუშევრებს უყურებთ. არამხოლოდ Leavingstone, არამედ მთლიანად, საქართველოს კრეატიული ინდუსტრია ძალიან მდიდარია. ვფიქრობ, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, საკმაოდ წინ ხართ. ამ ბაზარს აქვს უდიდესი პოტენციალი. წლების განმავლობაში, სააგენტოებისთვის საერთაშორისო ბაზარზე გასვლა რთული იყო შეზღუდვების გამო. მინდა შევძლოთ გუნდისთვის ამ წვდომის მიცემა და ვფიქრობ, სწორი დრო შევარჩიეთ.

M: რატომ აირჩიეთ Leavingstone?

ემა კინანი: მე მათ 18 თვის წინ შევხვდი, კანის ლომების კრეატიულ ფესტივალზე. როდესაც საუბარი დავიწყეთ, მაშინვე ვიგრძენით თანხვედრა რამდენიმე საკითხში. გვქონდა ერთნაირი ფილოსოფია სააგენტოს მართვის შესახებ. ისინი არ საუბრობდნენ მხოლოდ საკუთარ სააგენტოზე, არამედ მთლიანად ქართულ კრეატიულ ინდუსტრიაზე. მაშინ ვიფიქრე, ეს არის სააგენტო, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს მთელ ქვეყანას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.  ამასთან, მათ აქვთ შესანიშნავი ნამუშევრები და ჩამოყალიბდა მეგობრობაც. ამ თანამშრომლობაში ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს.

M: როგორია თქვენი შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები?

ემა კინანი: დიახ, უკვე გვაქვს განსაზღვრული შემდგომი ნაბიჯები. პირველ რიგში ის, თუ როგორ შეგვიძლია ჩავრთოთ ეს ტალანტი ICON-ის სხვა სააგენტოებში. ეს შეიძლება იყოს სააგენტოები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სხვა რეგიონებში. ჩვენს სააგენტოებს აქვთ საჭიროებები უნარებისა და კომპეტენციების თვალსაზრისით და ხშირად მიმართავენ აუთსორსინგს. ჩემი ამოცანა იქნება იმის იდენტიფიცირება, თუ რომელი სააგენტოებსა თუ დამკვეთებს სჯობს შევუსაბამოთ უნარები ისე, რომ შევძლოთ აუთსორსინგზე მუშაობა ლივინგსტონთან.

Leavingstone-ს აქვს გეოგრაფიული გაფართოების სურვილი. უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული იდეები, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ გეოგრაფიულ გაფართოებაში. ასე რომ ეს არის კიდევ ერთი გეგმა. მეორე არის ის, რომ ჩვენ გვაქვს წვდომა ბევრ ინსტრუმენტზე და ცოდნაზე და განათლებაზე ქსელის შიგნით.

ასევე, გვყავს ბევრი სპიკერი და ტრენერი, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ მრავალი წლის განმავლობაში და ეს კონტენტი ჩანაწერების სახით გვაქვს. ასე რომ, მათთვის მსოფლიოს საუკეთესო სპიკერებზე წვდომის გახსნა შეგვიძლია.

M: როგორი მოლოდინები გაქვთ ამ გაფართოებასთან დაკავშირებით და თუ გაქვთ გეგმები რეგიონული მასშტაბით?

ემა კინანი: კარგი კითხვაა. ჩვენ ვსაუბრობდით რეგიონულ გაფართოებაზეც და მსურს ამის გონივრულად გაკეთება ისე, რომ ავირჩიოთ რელევანტური ბაზრები. Leavingstone-მა რეკომენდაცია გაუწია ორ ან სამ ბაზარს, რომელთა განხილვაც ღირს მათი თვალსაზრისით. Leavingstone-თან ერთად, ჩვენ ვიმუშავებთ მთელ რეგიონში.

ვფიქრობ, ესაა საუკეთესო დრო თანამშრომლობისთვის. ჩვენ ყველაფერში დამოუკიდებლობის მომხრეები ვართ. მინდა ვთქვა, რომ სრულად ვუჭერთ მხარს სააგენტოებს, რომლებიც ცდილობენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ეს არ ეხება ცალკეულ სააგენტოს, არამედ მთელ სფეროს. მომწონს იდეა, რომ შეგვიძლია მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ინდუსტრიას, რომელიც ასეთი მონდომებით იბრძვის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Nike-მა ფეხსაცმლის ნარჩენებისგან ჰანტელები დაამზადა

Microsoft, OpenAI და Google ხელოვნურ ინტელექტს მედიაში ტესტავენ