7
Nov
2019

„თავიდანვე შევთანხმდით თამაშის წესებზე“ – „ლივინგსტონის“ წარმატების საიდუმლო 

7 Nov 2019

10 წლის წინ, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონი“ რომ იქმნებოდა, ალბათ, 4 დამფუძნებლიდან [ვახო ვახტანგიშვილი, ირაკლი თევზაძე, გიორგი ბურჭულაძე, ლევან ლეფსვერიძე]  ზუსტად ვერც ერთი წარმოიდგენდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ან როგორი იქნებოდა მათი მოგზაურობა. როგორც ვახო ვახტანგიშვილი ამბობს, სტარტაპების 80% კვდება, რადგან მისი შემქმნელები ხედვებში, ღირებულებებსა და სურვილებში ვეღარ ემთხვევიან ერთმანეთს. ამის თავიდან ასაცილებლად, თამაშის გარკვეულ წესებზე თავიდანვე შეთანხმდნენ.

ვახო ვახტანგიშვილი

„წინასწარ ვიყავით შეთანხმებული იმ ფუნდამენტურ წესებზე, რამაც შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს ურთიერთობები. თავიდანვე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ოთხიდან რომელიმეს რაიმე მოუვიდოდა, მისი წილის პროპორცია მის ყველაზე ახლობელზე გადავიდოდა და ყველაფერი გაიყოფოდა ოთხზე. მეორე ფუნდამენტური შეთანხმება ასეთია: ჩვენ ერთმანეთს არაფერს ვუთვლით. როცა საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აპრიორი ნიშნავს, რომ ყველა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვდებთ. არც ერთ შემთხვევაში არ ვწონით ერთმანეთის შესაძლებლობებს საკუთარი გადმოსახედიდან. ეს ძალიან არასწორია. პირობითად, ვიღაც უფრო მეტს ფიქრობს, თუ ვიღაც უფრო მეტს ყიდის. მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებები და ემოცია აბსოლუტურად საერთო გვქონდა, აბსოლუტურად განსხვავებული უნარები გაგვაჩნდა. ამიტომ კი არ გავზომეთ თითოეულის ჩართულობა, პირიქით, შევავსეთ ერთმანეთი. ვთქვით, დავაფიქსიროთ რომ ეს არის ჩვენი საერთო საქმე და მიზანი და ჩავდოთ მასში შესაძლებლობების მაქსიმუმი. კიდევ ერთი მთავარი წესი იყო კონსენსუსის პრინციპი და ვეტოს პრინციპი. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსი და ყველას აქვს ვეტოს უფლება. ყველა სადაო „ქეისი“, რომელიც გვქონია, ერთხმად გადაგვიწყვეტია, მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა ცნობიერად ვეთანხმებოდით. ის კი არა, რომ რომელიმე იძულებით დათანხმებოდა, არა, რეალურად ვიაზრებდით და ვთანხმდებოდით“, – ვახო ვახტანგიშვილი

 

განხილვა