
კანის ფესტივალის ბრინჯაოს ლომი საქართველოში გამოემგზავრა და კომპანია ლივინგსტონში უკვე ოფიციალურად დაიდო ბინა. ეს ის ლომია, რომელიც ლუდსახარში ნატახტარის პროექტისთვის (Old Irish-ის ვირუსული ვიდეო) მოიგო სააგენტო Leavingstone-მა, კომპანია Film Asylum-თან ერთად. მარკეტერი დაინტერესდა, რა შედეგები მოუტანა კომპანიას გამარჯვებამ, როგორია მათი წარმატების ფორმულა და რა ემოციები გამოიწვია მეორე ლომმა [პირველი ბრინჯაოს ლომი სააგენტომ 2015 წელს მოიგო]. ლივინგსტონის დამფუძნებლისა და კრეატივ დირექტორის ლევან ლეფსვერიძის თქმით, ეს იყო „სიამაყენარევი პასუხისმგებლობა, შემკული გემოვნებიანი პატრიოტიზმით.“ უფრო მეტს კი, ინტერვიუდან შეიტყობთ.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/nini.sujashvili/videos/1235207909836998/” width=”720″ height=”480″ onlyvideo=”1″]
M: როგორი განცდაა წლევანდელი ლომის მოპოვება, შარშანდელთან შედარებით?
როგორც ყველაფერი პირველი ჩვენს ცხოვრებაში, შარშანდელი გამარჯვება უფრო ღირსშესანიშნავი და ძვირფასი მოვლენა გახლდათ. ეს იყო და არის პირველი ლომი საქართველოს ისტორიაში და ახალი ეპოქის დასაწყისის სიმბოლო ჩვენი ინდუსტრიისთვის. წელს ეს განცდები განმეორდა – კანის ფესტივალზე ზედიზედ მეორედ, ჩავარდნის გარეშე, გამარჯვება მართლაც დიდებული ამბავია.
M: რამდენად დამღლელია ლომისთვის ბრძოლა?
ეს პროცესი დამღლელია იმდენად, რამდენადაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ლომისთვის ბრძოლა ჩვენს შემთხვევაში ცალკე განყენებული პროცესი არაა. „ლივინგსტონში“ მუშაობისას ყოველდღიუად ვცდილობთ მაღალი სტანდარტი დავუწესოთ საკუთარ თავს. ყოველ ახალ პროექტს ვიწყებთ იმ შემართებით, რომ მსოფლიო დონის უნიკალური კონცეპტი და შესრულება გამოგვივიდეს. წლის ბოლოს კი საუკეთესო პროექტები ფესტივალზე გაგვაქვს.
M: რა შედეგების მომტანი აღმოჩნდა ეს გამარჯვება თქვენთვის?
ლომა გააძლიერა ის გრავიტაცია, რომლითაც ლივინგსტონი საინტერესო ხალხსა და შესაძლებლობებს იზიდავს. გაჩნდა მეტი ინტერესი საერთაშორისო ბაზრის მხრიდან და ოდნავ მეტი ნდობა ქართველი კლიენტებისგან. თუკი ადრე გაუბედავად უდგებოდნენ ჩვენს გაუგონარ და არნახულ ინიციატივებს, ახლა მეტად თავდაჯერებულნი და თამამები არიან ჩვენთან ერთად გადაწყვეტილებების მიღებაში.
M: რამდენადაა კლიენტი ორიენტირებული, რომ მისმა ქეისმა ლომი მოიპოვოს?
კანის ფესტივალზე გამარჯვება არ არის მარტო ქეისის პრესტიჟი. ლომი მხოლოდ უნიკალურ, კრეატიულ და ეფექტურ კამპანიებს ერგებათ. შესაბამისად, მე არ მეგულება კლიენტი, ვისაც მსგავსი კამპანია არ უნდოდეს. ფაქტობრივად, ლომის სტანდარტებზე სწორება ერთგვარი გარანტიაა კლიენტისთვის, რომ მისი ბიზნესის მიზნები აუცლებლად შესრულდება.
M: რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
რიჩარდ ბახისეული „ლივინგსტონის“ ფილოსოფიაა – საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და ბოლომდე დახარჯვა. ალბათ, ესაა წარმატების ფორმულაც.