12
Dec
2019

„ყოველთვის რეალური ამბები ჯობია“ – Leavingstone-ის შიდა საძინებელი

12 Dec 2019

„არტი ვჭამოთ“? კი, ნამდვილად არტი უნდა ჭამოთ. და ამაში თავადაც დარწმუნდებოდით, „სფოთლაითის კვირეულის“ მორიგ შეხვედრაზე, „ლივინგსტონში“ რომ ყოფილიყავით. დერეფანში ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა:

ლეფსვერას, ანუ „ლივინგსტონის“ დამფუძნებლის ლევან ლეფსვერიძის საიდუმლო სანტამ არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ მთელი ყუთი ხილი „მოაყარა“. თავისი ფერად-ფერადი წერილებით – სულ წვრილად ჩამოეწერა ბანანის, ვაშლის, ბროწეულის გემოვნური და სასარგებლო თვისებები. სახელობით კონვერტში კი საუკეთესო სურვილები აღმოჩნდა ლეფსვერასთვის (უზნეოდ მოვიქეცი, სხვისი წერილი წავიკითხე, მაგრამ უკითხავად კი არა, ადრესატის ნებართვით). მთავარი გამოწვევა იყო, ასე, არტის მდგომარეობაში კედელზევე ეჭამათ ხილი. კარგად თუ დააკვირდებით, ერთ მოკბეჩილ ვაშლსაც ნახავთ. ყველამ ერთხმად აღიარა, ლეფსვერას სანტას „სუპერობა“. უცბად, ასეთმა ფრაზამაც გაიჟღერა: „მგონი, უსაქმურია და უნდა გავაგდოთ, აბა ამდენი წერილის საწერად რატო ეცალაო“. ვდარდობ, ამან არ დაღუპოს ლეფსვერა და თავი რომ გადაირჩინოს, სამუდამოდ არ მიიმალოს ეს მართლა „სუპერ“ სანტა. ამ ორჭოფობაში 7 საათიც გახდა და ქართული რეალობის თუ საცობებისთვის გათვალისწინებული +15 წუთიც გავიდა.

და შეხვედრაც დაიწყო. საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო „ლივინგსტონი“: დამფუძნებელი და აწ უკვე ყოფილი კრეატიული დირექტორი ლევან ლეფსვერიძე, კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი ეკო ჩუბინიძე, ახლანდელი 2 კრეატიული დირექტორიდან ერთი-ერთი – პავლე გაბრიჭიძე და ოპერაციების მართვის დირექტორი ერეკლე, იგივე ეკე ზურმუხტაშვილი. აქ დირექტორების სიმრავლემ და სტატუსების ცვენამ არ მოგატყუოთ, თავიდანვე ყველაფერი ძალიან უშუალოდ და ბუნებრივად „წავიდა“. ბლოგების ეს სერია ( შეხვედრები უკვე ჩატარდა Marketer.ge-სა და Ogilivy-ში) ხომ სუბიექტურია? მეც თამამად შემიძლია ჩემი აზრი გითხრათ (უბრალოდ გაგიზიაროთ და არამც და არამც თავზე არ მოგახვიოთ): ზოგადად, ასეთი ხალხია „ლივინგსტონში“ – უშუალო და ნამდვილი. ამბობენ, რომ საქმეშიც ამაზე აქვთ სწორება – რეალური ამბები ჯობია. ამის სათქმელად გაუღეს საძინებლის კარიც ნებისმიერ მსურველს შეხვედრაზე „Leavingstone-ის შიდა საძინებელი“.

„0 „ბულშითი“ და მხოლოდ რეალური ამბები – ასეთია ჩვენი მიდგომა. მომხმარებელს ის კი არ უნდა ვუთხრათ, რომ ჩურჩხელა კარგია, არამედ უნდა ვაჩვენოთ მართლა კარგი ჩურჩხელა“.

ასეთ რეალურ ამბებს ეფუძნებოდა ლუდი 34-ის, Old Irish-ის, მფრინავი ჰამაკისა და სხვა კამპანიები. როგორც თავად ამბობენ, ყველა შემთხვევაში მომხმარებელს აჩვენეს ნამდვილი ამბავი და შედეგიც სახეზეა – სააგენტომ, 2015-ში „ლუდი 34“-ის კამპანიისთვის, საქართველოს ისტორიაში პირველი ბრინჯაოს ლომი და მომდევნო წელს კი იგივე ჯილდო Old Irish-ისთვის დაიმსახურა. მაგრამ არ გეგონოთ, ასეთი მწირია „ლივინგსტონის“ ჯილდოების ჩამონათვალი, მათ ქართულ სააგენტოებს შორის ყველაზე მეტი (ადგილობრივი თუ საერთაშორისო), 164 ჯილდო აქვთ. ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ერთი თარო ჯილდოები აქვთ.

აქ ყველა ჯილდო კიდევ არ ჩანს. თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლაით, თქვენც შეიხედოთ „ლივინგსტონის“ შიდა საძინებელში

რეალურ ამბები რომ ყოველთვის ჯობია, ეს „ლივინგსტონში“ თავიდანვე სცოდნიათ. სულ პირველი დამკვეთიც გაიხსენეს – „თიბისი“ და მისი „სმარტ კლუბი“. მაშინ სოციალურ მედიაში ბრენდული გვერდები არ არსებობდა. ჰო და, მათაც გაბედეს და შექმნეს [2010 წელი] „სმარტ კლუბის“ Facebook „ფეიჯი“ და დაიწყეს – ხუმრობით, ზოგჯერ სერიოზულად, მომხმარებლებისთვის, პასუხის გაცემა. ერთ დღეს შეტყობინებებში წერილი მიიღეს. ბიჭი შეყვარებულთან შესარიგებლად დახმარებას სთხოვდა. რისი თოლიები იქნებოდნენ, ყველაფერი რომ არ ექნათ? თვითონ ხომ იფიქრეს და მერე დახმარება ფსიქოლოგ ლექტორსაც სთხოვეს. სააგენტოც და კლიენტიც თავიდან ბოლომდე ჩაერთო საქმეში. როგორ დასრულდა ეს ამბავი? შერიგდნენ და ქორწილიც დაინიშნა. რა თქმა უნდა, ამ ამბის ხელშემწყობებიც მიიწვიეს. წვეულებაზე „სმარტ კლუბის“ მთავარი პერსონაჟი საჩუქარა ბიჭის სახელდახელოდ შექმნილი მასკოტი წარსდგა. ამბავი შედგა, კომუნიკაციამ იმუშავა, „ლივინგსტონში“ კი დარწმუნდნენ, რომ რეალური ისტორიები ჯობია. ​

ეკო ჩუბინიძე და პავლე გაბრიჭიძე

მაგრამ დიდ გამარჯვებებამდე ჯერ კიდევ შორი გზა და რამდენიმე წელი აშორებდათ. აუთვისებელ ნიადაგზე, ხშირ შემთხვევაში ინერციით დადიოდნენ და ინტუიციას მიყვებოდნენ – სანამ „სხვები ოკეანეებში ცურავდნენ, სერფინგით იყვნენ დაკავებულები და ზედ სალტოებსაც აკეთებდნენ, ჩვენ, თურმე, სულ სხვა მდინარეში ვბანაობდით“. შემდეგ იყო „კონსტანტას“ კამპანია [2011 წელი], რომლითაც მოინდომეს „კანის ლომებზე“ მონაწილეობა. მიუხედავად ბევრი წვალებისა, ღამეების თენებისა და ყველაფერზე წასვლისა, მათ შორის პირდაპირი მნიშვნელობით, როცა „კონსტანტას“ მარკეტინგის იმდროინდელი მენეჯერი ლონდონში გაფრინდა და ხელით შეიტანა განაცხადი) ასეთი რამ ფესტივალის 60-წლიანი ისტორიის მანძილზე არავის გაეკეთებინა), ფესტივალზე ვერ გაიმარჯვეს. თუმცა, ამდენ ტანჯვას უქმად არ ჩაუვლია და ამ „ქეისმა“ Golden Hammer-ის ბრინჯაო მოიგო.

შემდეგ იყო ის წარმატებული კამპანიები, რომლებზეც ზევით უკვე გიამბეთ. დღეს „ლივინგსტონი“ არის კრეატიული ციფრული სააგენტო, რომელსაც „აქვს AI, Veb, Mobile, სტრატეგიის, კრეატივის დეპარტამენტები და ყველა ამ მიმართულებით ძლიერი გუნდი ჰყავს. ჩვენ ვართ სააგენტო, რომელიც კლიენტებს უგვარებს პრობლემებს და ძირითადად, „დიჯითალის“ დახმარებით“.

ლევან ლეფსვერიძე და ერეკლე (ეკე) ზურმუხტაშვილი

რეალური ამბების გარდა, „ლივინგსტონში“ ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია დამკვეთი ბოლომდე გენდოს და ყოველგვარი „მომწონს, კაია, მაგრამ . . .“-ის გარეშე გამოგყვეს. ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო „ზუმერის“ საახალწლო კამპანია. ბასებს რომ კარგად ჰქონდა აწეული, ეს შედეგებზეც აისახა – 6.5K Shares. როგორც ლეფსვერა ამბობს, გაზიარება კამპანიის ყველაზე კარგი საზომია – ვიღაცამ, შეიძლება, რაღაც „რენდომ“ დაალაიქოს, მაგრამ თავის „ვოლზე“ რომ „დააშეარებს“, ე.ი. ნამდვილად მოეწონა“.

შიდა საძინებელში არც იდეაზე საუბარი გამორჩენიათ. როგორც თქვეს, თუ საკუთარი იდეის, შენ თვითონვე არ გეშინია, ე.ი. ძალიან კარგი არ არის. თუ არაფერი გაფერხებს და თავდაჯერებულად აჟღერებ, ეს ნიშნავს, რომ უნიკალური არ არისო.

შეხვედრა „ლივინგსტონში“, დაახლოებით, 2 საათს გაგრძელდა. მერე და, სტუმრებს ხელცარიელს ვინ გამოუშვებდა? არა, ის ხილი ისევ კედელზე დარჩა გაკრული. საჩუქარი რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ იყო.

ასე დასრულდა Spotlight Week-ის მესამე შეხვედრა. ახლა Windfor‘s-ისა და Redberry-ის ჯერია.

შეგახსენებთ, პროექტ Spotlight-ის ავტორია Marketer.ge. წელს ღონისძიების წარმდგენია „საქართველოს ბანკი“. მხარდამჭერები არიან: Johnnie Walker, Red Bull, KFC, York Towers, „ბილაინი“, „ბორჯომი“, McDonald’s Georgia, FRIXX, Wolt, Flit Group, ADwise, TON design, Sarajishvili.

განხილვა