27
Dec
2019

“ხელახალი ლივინგსტონი” ანუ როგორი იყო 2019? – ფოლკერ ვრაგეს #აზრები

27 Dec 2019

M2
M2


თუკი გსურს, დარჩე იმად, რაც ხარ, მუდმივად უნდა იცვლებოდე. ალბათ ეს წინადადება იქნება უმოკლესი შეჯამება იმისა, თუ რას ნიშნავდა 2019 წელი ჩვენთან, ლივინგსტონში.

ჩვენ სრულად შევცვალეთ მენეჯმენტი, რათა გვქონოდა შესაძლებლობა, დავრჩენილიყავით იმად, რაც ვართ. ლივინგსტონი იცვლებოდა მუდმივად. ოთხი დამფუძნებლიდან, 100 ადამიანამდე. სოციალური მედია სააგენტოდან – კრეატიულ დიჯითალ სააგენტომდე. ლოკალური გმირიდან – საერთაშორისო მოთამაშემდე.

აი ჩვენი ხუთი მთავარი გაკვეთილი, რომელიც 2019 წელს ვისწავლეთ:

მენეჯმენტს სჭირდება ტრანსფორმაცია

ჩვენი დამფუძნებლების გადაწყვეტილება, ჩამოშორებოდნენ ყოველდღიურ საქმეებს, გახდა კომპანიის ზრდის ერთ-ერთი უდიდესი მამოძრავებელი ფაქტორი და განახლებული ენერგიის უდიდესი წყაროც. ცხადია, არა იმიტომ, რომ ისინი უკან გვხევდნენ ან გვაფერხებდნენ. უბრალოდ, მათ შეარჩიეს ზუსტი დრო იმისათვის, რომ გადასულიყვნენ ახალ ეტაპზე და საკუთარი როლები ხელახლა განესაზღვრათ.

ახალი მენეჯმენტი სხვაგვარია, თუმცა ამავდროულად წმინდად ლივინგსტონურიც. მათ უხარიათ აქ ყოფნა, ერთნაირად ზრუნავენ როგორც თავიანთ თანამშრომლებზე, ისე – კლიენტებზე. ყველა მათგანი არის შემოქმედი, გამომგონებელი  და მზრუნველი.

ჩვენ (არ) ვართ სააგენტო

საზოგადოებისთვის ლივინგსტონი ჯერაც დაახლოებით აისბერგის მსგავსია. ხალხმა იცის ჩვენი კამპანიები, რომლებმაც ჯილდოები მოიპოვეს, მაგრამ მაინცდამაინც არ იციან, რას ვაკეთებთ სინამდვილეში. ჩვენი შრომის დიდი ნაწილი რჩება შეუმჩნეველი, რადგან დაჯილდოვებად კატეგორიებს ვერ ერგება.

სხვა სიტყვებით, ხალხს მიაჩნია, რომ ჩვენ ციფრული საფუძვლების მქონე სარეკლამო სააგენტო ვართ. არადა ლივინგსტონი ამაზე გაცილებით მეტია. ჩვენს გამორჩეულ ნამუშევართა ნაწილი ხელოვნური ინტელექტის სფეროშია, ნაწილი – ვებში, მობაილ და პროგრამულ განვითარებაში, სოციალურ თუ ციფრულ რეკლამაში.  ამ პროექტებზე თანამშრომლების ნახევარზე მეტი მუშაობს.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა გამორჩეული ბრენდისთვის სარეკლამო საქმიანობასაც ვეწევით. უფრო მეტიც, თავად ვაშენებთ ამ ბრენდებს ან ვეხმარებით მათ შენებაში. მაგრამ ამით თავი არასოდეს შეგვიზღუდავს და კვლავაც ვაგრძელებთ საკუთარი უნარების გაღრმავებას ისევე, როგორც ყოველთვის ვაკეთებდით.

მსოფლიოს უყვარს საქართველო

ლივინგსტონი ერთ-ერთი იმ სააგენტოთაგანია, რომელმაც საქართველო საერთაშორისო სარეკლამო რუკაზე მონიშნა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ უზარმაზარი სიმპათია არსებობს. ხალხს მართლა მოვწონვართ.

ყოველთვის გვჯეროდა, რომ გვქონდა შესაძლებლობა გავზრდილიყავით და გავცდენოდით საქართველოს საზღვრებს. გვეთანამშრომლა სხვადასხვა კომპანიასთან ევროპაში, ამერიკასა თუ მეზობელ ქვეყნებში. გვჯეროდა, რომ ჩვენი სამუშაოს ხარისხი მოგვცემდა საშუალებას, დაგვერწმუნებინა ისინი საერთო პროექტების კეთებაში.

და მართლებიც აღმოვჩნდით. გვეამაყება, რომ ისეთ გლობალურ მოთამაშესთან ვთანამშრომლობთ, როგორიცაა Siemens (თუნდაც) და ამ თანამშრომლობას 2020 წელსაც გავაგრძელებთ. შეიძლება ითქვას, 2019 წელს ლივინგსტონის საერთაშორისო ვერსიას დაედო სათავე.

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა

კრეატიული წარმატება ერთ უცნაურ ფენომენს იწვევს:  ხალხს მიაჩნია, რომ ჩვენი ნამუშევარი არ არის ეფექტიანი.  ისინი ფიქრობენ, თუ პრაქტიკული შედეგების მიღება სურთ, სხვა კომპანიებს უნდა დაუკავშირდნენ.

თუმცა, თუკი 2019 წელს რაიმე დავამტკიცეთ, ეს სწორედაც რომ ჩვენი ნამუშევრების ეფექტიანობაა. უბრალოდ შეხედეთ ‘Zoommer’-ის გასაოცარ შედეგებს. მილიონობით ნახვა, ცნობადობის, პოპულარობისა და ნდობის მკვეთრი ზრდა, მტკიცე და მოკაშკაშე ბრენდი. შეხედეთ “გურიელის” ხუშტურების კამპანიას, რომელიც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ გემრიელი ჩაის საკმარისი ოდენობით სუპერმარკეტების მომარაგება ძლივს მოხერხდა. ან თუნდაც შეხედეთ “ლიბერთისქეშბექის პროგრამას. ყოველი მათგანი ძალიან ეფექტიანი კამპანიაა.

დიახ! კრეატიულობასა და ეფექტიანობას შორის ნამდვილად არის კავშირი. ეს კავშირი პოზიტიურია და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვადასტურებთ.

All you need is love

ლივინგსტონში ხშირად და ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე ბედნიერებაზე. და ამ საუბარს სრული სერიოზულობით ვეკიდებით. გვჯერა, რომ თუ ჩვენი თანამშრომლები ბედნიერები იქნებიან, საქმის მხრივაც დიდებულ შედეგებს დადებენ. მათ მიერ შესრულებული სამუშაო კი გარდაუვალად მიიყვანს ჩვენს კომპანიას წარმატებამდე. ამ მიზეზით ვხარჯავთ ამდენ დროს იმაზე ფიქრში, თუ როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერები.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ლივინგსტონის აკადემიის მეშვეობით ჩვენი თანამშრომლების პროფესიულ განათლებაზე გვეზრუნა. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ უკეთესი სამუშაო სივრცის შექმნაზე. სწორედ ამიტომ წარვუდგენთ ჩვენს ნაშრომებს 100-ვე თანამშრომელს რეგულარულად. და სწორედ ამიტომ აღვნიშნავთ ხოლმე ყველაფერს ერთად ისევე, როგორც ამ პარასკევს  ვიზეიმებთ Elektrowerk-ში.

ჩვენ გვიყვარს ჩვენი ხალხი და მუდმივად ვცდილობთ, რომ ისინიც გრძნობდნენ ამას.

განხილვა