in

თეკოსა და კოტორის გათოლიების ამბავი „ლივინგსტონის“ ახალ ციფრულ ლაბორატორიაში

ლაშა კოტორაშვილი ციფრული კრეატივ დირექტორი, თეკო მამალაძე კი – მფრინავი არტ დირექტორი იქნება.

სააგენტო „ლივინგსტონში“ ციფრული ლაბორატორია შეიქმნა, რომელიც სრულად ფოკუსირდება ახალი ციფრული არხების ათვისებასა და სოციალური მედიის კომუნიკაციის ნაწილში ახალი ტრენდების დაკვირვებაზე. ლაბორატორიის ამოცანაა – მეტი ფასეულობა მოუტანოს კლიენტებს როგორც ბრენდის შენების, ასევე ბიზნეს შედეგების კუთხით.

ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა ისიც, თუ ვინ იზრუნებს სააგენტოს ციფრული ლაბორატორიის მართვისა და მის ახალ სიმაღლეებზე აყვანისთვის და გავარკვიეთ, რომ ეს პასუხისმგებლობა მფრინავმა არტ დირექტორმა, თეკო მამალაძემ და Digital-მორწმუნე, ლაშა კოტორაშვილმა (კოტორი) იკისრეს.

როგორია კრეატიულ ინდუსტრიაში „ლივინგსტონის“ გუნდის ახალი წევრების: თეკოსა და კოტორის აკადემიური თუ პრაქტიკული გამოცდილება, თავად მათ ვკითხეთ:

თეკო: ჩემი და რეკლამის გზები, დაახლოებით, ოთხი წლის წინ გადაიკვეთა, თუმცა ბავშვობიდან YouTube-ზე სასაცილო რეკლამების ყურებით ხშირად ვიქცევდი თავს. როდესაც აღმოვაჩინე, რომ ეს სფერო პროფესიაც შეიძლებოდა, ყოფილიყო, გახარებული მივადექი GIPA-ს კარიბჭეს, რომ საფუძვლიანად შემესწავლა იგი, თუმცა ამით წყურვილი მაინც ვერ მოვიკალი… ერთი წლის შემდეგ ჩავალაგე ჩანთა და გავეშურე გერმანიისაკენ, რომ Miami Ad School-ის ჰამბურგის ფილიალში უფრო დიდ რეკლამას ვზიარებოდი, აქედან კი დაიწყო დაუვიწყარი!

იქ გამოგვწვართნეს საოცარმა ლექტორება, წამყვანი სააგენტოების კრეატიულმა დირექტორებმა, კოპირაითერებმა, არტ დირექტორებმა და ვინ აღარ. ლექციები გვიტარდებოდა Google-ისა და სხვადასხვა წამყვანი სარეკლამო სააგენტოების ოფისებში. ასე გრძელდებოდა პირველი წელი და რას წარმოვიდგენდი, რომ მომდევნო წელი კიდევ უფრო თავბრუდამხვევი იქნებოდა.


შემდეგი წლის მოსვლასთან ერთად დაგვეწყო ინტერნშიფებიც. ახლა უკვე მხოლოდ დიდ რეკლამას არ დავჯერდი და დიდი დედამიწის მოვლაც გადავწყვიტე. პირველი ინტერნშიფი New York-ის უზარმაზარ სააგენტო 360i-ში გავიარე არტ დირექტორის პოზიციაზე. იქ ვეზიარე New York-ული ცხოვრების გიჟურ რიტმს და იმას, რომ, თურმე ყველანაირ საკვებს უხდება ბეკონი. შემდეგი ინტერნშიფი არც ვაციე და არც ვაციე, პირდაპირ იანვარში ტორონტოს წამყვან სააგენტო Rethink-ში დავიწყე, სადაც მუდამ საბავშვო ამინდია და გუნდა ყოველთვის კეთდება. ამის შემდეგ პანდემია უკვე მძვინვარებდა და ინტერნშიფი დისტანციურად გავიარე ტოკიოში, Wunderman Thompson-ში, იქ ვეზიარე რეკლამის აზიურ არომატს და იმას, რომ თუ გული გულობს, სუში ორი ხელით, ზუმშიც იჭმება. 

ის ის იყო, ინტერნშიფები დავასრულე და Miami Ad School-მა დიპლომი გადმომცა, რომ „ლივინგსტონისგან“ მეილიც მომივიდა მათი საინტერესო შემოთავაზებით. მეც უმალ შევუდექი საქმეს და გავხდი „ლივინგსტონის“ მფრინავი არტ დირექტორი თოლია.

არტ დირექტორის მთავარი დრაივერი არის ფიქრი, თუ როგორ გადაჭრას ბრენდების პრობლემები, მიაღწიოს მათ მიერ დასახულ მიზნებს და ეს ყველაფერი გააკეთოს, რაც შეიძლება ლამაზად და ეფექტურად, – თეკო. 

კოტორი: ამ სფეროში, თითქმის 3 წელია, რაც ვარ. შეიძლება ითქვას, რომ მუშაობა მეორე კურსის მერე დავიწყე. მუშაობა რა, უფრო სწორად, რაღაცის ძებნა, პროფესიულ ცხოვრებას რომ დავუკავშირებდი და თან გავერთობოდი. მახსოვს, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი სკოლის მეოთხე სასწავლო სემესტრში ერთ-ერთი საგნის ლექტორმა, რომელიღაც ლექციისას ასეთი რამ გვითხრა, ვინც მუშაობას მესამე კურსამდე ვერ იწყებს, ისინი, ძირითადად, სამუშაოს მერეც ვერ პოულობენ ხოლმეო. მაგრად შემეშინდა, ეგრევე დავგუგლე “how to make CV” და დავიწყე მისი ყველგან გაგზავნა. ასე მოვხვდი ერთ-ერთ კომპანიაში კოპირაიტერად. 

მერე რამდენიმე ბრენდის კონტენტზე ვმუშაობდი, სამშენებლო კომპანიაშიც დავსაქმდი ცოტახანს და რომ მივხვდი, ფრთების გაშლა მინდოდა, სააგენტოებში უნდა ვცადო-მეთქი ბედი, გადაწყდა. ასე მივედი „კრაკენში“ და, ოოო, რაც მოხდა, დიდებული იყო ყველაფერი, განსაკუთრებით კი, ხალხი, რომელიც გავიცანი და რომლებიც მუდამ ჩემი ოჯახის წევრებად დარჩებიან. 

სხვადასხვა პროექტიც მქონდა საუკეთესო ადამიანებთან ერთად – „რვაული“, “Isolated prints“, „ჩაეტიე წუთში“ და სხვ. პერიოდულად, ბარებში სთენდ აპს ვკითხულობდი.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, რაღაცები რომ არ გამომდიოდა, მაგრამ ეგ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევდა.

„ლივინგსტონამდე“ ვემსახურებოდი ჩემს მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს – იუმორისა და ზრუნვის განხრით. ასევე, „კრაკენში“ Content Director-ის პოზიციაც მერგო, რაც პირველ მსახურებას პირდაპირ ემთხვეოდა.

ამ სფერომ, იცით, რა მიქნა? 2020 წლის ბოლოს, ხალხს თავი იმით დავამახსოვრე, რომ ერთხელ ავტირდი. ვინ არ ატირებულა? მერე რა, კიდევ ბევრჯერ ვაპირებ ცრემლების დაღვრას! ოღონდ, ახლა ჰაერში, მაღლა, უნდა გავაფრინო!

„ლივინგსტონში“ ციფრული კრეატივ დირექტორის პოზიცია მერგო და ჩემი კომპეტენცია იქნება, რომ ჩვენს გუნდში მყოფ ადამიანებს დავეხმარო თავიანთი კრეატივის, საქმისადმი სიყვარულისა და შინაგანი კომპასის მომართვაში, რათა შორს გავფრინდეთ, ძალიან შორს… ამ პროცესში, რასაკვირველია, კრეატიულ პასუხისმგებლობებსაც ავიღებ.

ჩვენ ყველა ერთად ვეცდებით, რომ ბრენდებს ციფრულ არსებობაში არა მხოლოდ დავეხმაროთ, არამედ, ჩვენთან ერთად გავაფრინოთ. ამისთვის კი, ბევრი ექსპერიმენტი, შრომა და კარგი ხასიათი დაგვჭირდება. გასაფრენი არეალი კი იქნება ციფრული ზეცა და თუ ახლა ყველასთვის მიუწვდომლად წარმოსადგენი ამბავია, ჩვენ ამის გვრწამს. კი, კი ჩვენ Digital-მორწმუნეები ვართ, – კოტორი

M: და მაინც, რატომ გახდა თქვენთვის საინტერესო „ლივინგსტონის“ წინადადება, როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობებს გიხსნით სწორედ ამ სააგენტოში საქმიანობა?
თეკო: „ლივინგსტონში“ გათოლიებამ რამდენიმე მიზეზით მომხიბლა. პირველ რიგში, მიმიზიდეს იმ ადამიანებმა, რომლებთანაც მომიწევდა მუშაობა. მე და ლაშას ბევრი რამ გვაერთიანებს და პირველ რიგში, ამ სფეროს დიდი სიყვარულია, რასაც ძალიან ვაფასებ. თუმცა ამდენი საერთოს მიუხედავად, საკმაოდ განსხვავებული ტიპაჟები ვართ და ერთმანეთს ამითაც ვაბალანსებთ. მეორე მიზეზი, რამაც მომხიბლა არის ის, რომ ჩემი ევროპულ-ამერიკულ-აზიურ ბაზარზე მიღებული გამოცდილების მერე, ქართული სარეკლამო ბაზარი საერთოდ სხვა განზომილებად მესახება. აქ ცოტა საგიჟეთია, ცოტა ქაოსია და ბევრი კრეატიული ადამიანი, ეს კი ქმნის იმ საინტერესო გარემოს, რომ შევქმნათ გემრიელი რეკლამები, მაღლა ვიფრინოთ და ერთად გავაფრინოთ!

კოტორი: შესაძლებლობები ყველგან არის, არამხოლოდ „ლივინგსტონში“. მაგრამ ის, რაც ამ სააგენტოშია, ყველგან არ არის. ჩემი აზრით, ჩვენი ფასეულობები, ხედვა და მისწრაფება არის ის, რის გამოც „ლივინგსტონის“ სახელის ხსენება გაოცებას იწვევს ადამიანებში. გვჯერა, რომ გავფრინდებით. მოგვწონს, რომ ამას ვაპირებთ და ამისთვის მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ. გულწრფელები ვართ ყველაფერში და როდესაც ასე უყურებ სამყაროს, ის მთლიანად შესაძლებლობაა და მეტი არაფერი. ჩვენ კიდევ ყველა შესაძლებლობის გამოყენება გვწადია და აფერუმ! არც კი იფიქროთ, რომ არ გამოვა! გეუბნებით, ბევრჯერ უნდა ვიტიროთ, ცაში მაღლა, სიხარულისგან!

 

შენიშვნა: სიტყვები: „გამოგვწვართნეს“ (წვართნა) და „გვრწამს“, ძველი ქართულიდან, განგებაა ტექსტში მოხმობილი.

WallStreetBets/GameStop-ის შესახებ ფილმის გადაღების უფლებები უკვე გაიყიდა!

ნახეთ: BigPixel Studio-მ შანხაის 195 გიგაპიქსელი რეზოლუციის მქონე დეტალური პანორამა წარმოგვიდგინა