in

ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი და მისი ვიზუალური იდენტობა

ცოტა ხნის წინ, ტვიშში, ხვამლისა და ორხვის კლდეების ქვეშ, რიონის პირას, გაშლილ ველზე, სადაც ცოლიკაურის ვენახებია გაშენებული, ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მიზანი მიტოვებული და დავიწყებული ლეჩხუმისკენ ხალხის ყურადღების მიპყრობასა და რეგიონის გამოცოცხლებას გულისხმობდა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინის სახეობები და ის პროდუქტები, რომლითაც ეს მხარეა მდიდარი. კერძოდ: თაფლი, ყველი და მსგავსი ნობათი. როგორც ფოტოებში ვათვალიერებთ, ბუნებრივად ლამაზ ლანდშაფტს ჰარმონიულად ერგებოდა საფესტივალო განწყობაც, რომელსაც იქ მყოფი ადამიანები მუსიკის თანხლებით ქმნიდნენ.

ფესტივალს როგორც იდეური, ისე ვიზუალური კონცეპტის მოფიქრებაც სჭირდებოდა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი შეფუთვის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად სწორად და დასამახსოვრებლად გამოხატავს პროექტის არსს და შექმნის მომხმარებლის გამოცდილებას. ნებისმიერი ვიზუალური იდენტობის მთავარი მიზანი ხომ ისაა, რომ მოახდინოს ემოციური შთაბეჭდილება, მიაწოდოს ინფორმაცია ბრენდის ხასიათისა და შეთავაზებული სერვისების/პროდუქტების შესახებ.

ლეჩხუმური ღვინის ფესტივალის ბრენდინგზე დიზაინერმა, დავით სიმონიამ იმუშავა. პროექტის დეტალების შესახებ საუბარიც სწორედ მას ვთხოვეთ:

M: დავით, რა იყო თქვენი ამოცანა, როგორი იყო ბრიფი და ბრენდინგის რა ელემენტებზე იმუშავეთ უშუალოდ?

ამ ბრენდინგზე მუშაობა საკმაოდ უჩვეულოდ წარიმართა. სტანდარტული ბრიფისა და დამკვეთ-შემსრულებლის ურთიერთობის ნაცვლად, ვარჩიეთ, პროცესი უშუალო ყოფილიყო. ბევრი ვისეირნეთ საფესტივალო ლოკაციაზე, ვისაუბრეთ ადგილობრივ მეღვინეებთან, გადავიღეთ ყველა კუთხე-კუნჭული და ასე მოვაგროვეთ ცოდნის ისეთი შთამაგონებელი მარაგი, რომელსაც ვერანაირ ბრიფში ვერ ამოვიკითხავდი.

მთავარი ამოცანა ისეთივე ფანტასმაგორიული ვიზუალური კომუნიკაციის შექმნა იყო, როგორი ფესტივალიც იგეგმებოდა. შევქმენით ლოგო, ვიზუალური კონცეფცია, ფონტი და ფეისბუკ კამპანია ამ კონცეფციის მიხედვით.

M: როგორი იყო სამუშაო პროცესი – იდეებზე ფიქრი, შეჯერება და საბოლოო შედეგამდე როგორ მიხვედით?
კრაფტინგის პროცესი დაუვიწყარი იყო. გარდა იქ ცხოვრებისა, მუშაობის ნებისმიერი ეტაპი ძალიან არასტანდარტული იყო. მაგალითად, ფიქრი და იდეების შეჯერება გვიწევდა საკმაოდ უჩვეულო გარემოში, რადგან ადგილობრივები, ვინც ფესტივალს აორგანიზებდა, ჩართულები იყვნენ რიონის ხეობისთვის დაწყებულ მოძრაობაში. ხშირად გვიწევდა კარვებში, დაძაბულ ვითარებაში მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება.

M: რას ეყრდნობა თქვენ მიერ შემუშავებული ბრენდინგი? რას გამოხატავს იგი?
ამ ბრენდინგის მთავარი საყრდენი არის გზავნილი, რომლის მიხედვითაც ლეჩხუმი ხელახლა გვაქვს აღმოსაჩენი. ნებისმიერს, ვინც ამ თავგადასავალში გამოგვყვება, დახვდება უამრავი სიმდიდრე – პირველ რიგში უნიკალური ღვინო, სხვა გასტრონომიული სიამენი, ლანდშაფტი, ხალხი, ისტორია და ა.შ. ეს რეგიონი განძის მივიწყებული სკივრია, რომელსაც უნდა მიაგნო, გახსნა და აივსო ძვირფასი მოგონებებით. განძის იდეა ვიზუალურად გამოხატულია ოქროსფერი ტონებითა და კოლხური საგანძურის გრაფიკული ელემენტებით.
გარდა ამისა, გადავწყვიტეთ, იქაური ღვინისთვის მიგვეცა მხატვრული განსაზღვრება. როგორც იცით, ლეჩხუმში არის ტვიშის მიკროზონა და იქ მოყვანილი ყურძნისგან მზადდება უნიკალური ღვინო. ჩვენ შევქმენით ისტორია, თითქოს აქაური ვენახი გამორჩეულია იმითაც, რომ ის საზრდოობს მიწაში ჩამარხული უძველესი კოლხური განძით. სწორედ ამიტომაა ის ასეთი ოქროსფერი და ძვირფასი.

M: რით გამოარჩევდით ამ პროექტს თქვენი სხვა ნამუშევრებისგან?
ამ პროექტს ვქმნიდი არა მხოლოდ როგორც გრაფიკული დიზაინერი, არამედ როგორც აქტივისტიც. გარდა ამისა, ვმუშაობდი არასტანდარტულ დამკვეთთან, არამედ თანამებრძოლებთან. ეს დეტალი გამოარჩევს ამ პროექტს სხვებისგან.

M: თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროექტებისთვის სწორი ბრენდინგის შექმნა და რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, როცა საფესტივალო შეფუთვაზე ვმუშაობთ?

ფესტივალი თითქოს სხვა არაფერია, თუ არა მოგონებების ასაგროვებელი ღონისძიება. ნებისმიერი, მსგავსი ღონისძიების ვიზუალურ კომუნიკაციაზე მუშაობისას, ალბათ დიზაინერი უნდა ეცადოს, ვიზუალებიც სტუმრების პოზიტიური მოგონებების ნაწილად აქციოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საფესტივალო ხასიათის სწორად აგება და შემდეგ – პოზიციონირება, რათა შეძლო სტუმრებისთვის ადეკვატური მოლოდინების დასახვა.

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ გავთავისუფლდეთ სამსახურის სტრესისგან?

Burger King-ის 80-იანი წლების რესტორანი ხელუხლებელი იპოვეს