in

Leeds United – პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც ტიკ-ტოკის პლატფორმაზე მაისურებს გაყიდის

Sporti
Sporti

მერჩენდაიზის ტიკ-ტოკ პლატფორმაზე ინტეგრაციის სიახლემ, როგორც ჩანს, საფეხბურთო კლუბებიც დააინტერესა. პირველი პროფესიონალური კლუბი, რომელიც ვიდეოპლატფორმაზე საკუთარ პროდუქციას განათავსებს, პრომოუშენს გაუკეთებს და რეალიზაციას შეეცდება, „ლიდს იუნაიტედი“ იქნება.

მარსელო ბიელსას შეგირდები წინა სეზონისგან განსხვავებით, წელს შედარებით სუსტად გამოიყურებიან, თუმცა კლუბის მარკეტინგის სამსახურმა ტიკ-ტოკთან ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა.

აარონ დაკმანტონი, ლიდსის მარკეტინგის მენეჯერი: „ტიკ-ტოკზე ინტეგრაციის იდეას თავიდან ბევრი ირონიულად და დაცინვით უყურებდა, თუმცა პლატფორმა საოცარი სისწრაფით იზრდება, ჩვენი ვიდეოები პოპულარულია, ფანებს მოსწონთ და აქტივობა ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად, გაჩნდა იდეა მისი მაისურების რეალიზაციის სივრცედ ტიკ-ტოკიც აგვეთვისებინა. ამ სიახლეს იმედიანად ვუყურებთ, გვჯერა, რომ წინ საინტერესო პროცესები გველოდება“.

თავად ტიკ-ტოკმა ცოტა ხნის წინ Shopify-სთან თანამშრომლობა გააფორმა და პლატფორმაზე სავაჭრო სექციის ინტეგრირება მოახდინა. სიახლემ სივრცე გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი გახადა. კონტენტის შექმნის პარტნიორობის რამდენიმე მაგალითის შემდეგ, როგორც ამბობენ, ლიდს იუნაიტედის გზას მალე სხვა კლუბებიც დაადგებიან. მომდევნო თვეში, სავარაუდოდ, დაახლოებით 10 პრემიერლიგისა და ჩემფიონშიფის გუნდები საკუთარ პროდუქციას ტიკ-ტოკზე განათავსებენ.

ჯეიმს როთვეილი, ტიკტოკის რეგიონალური მენეჯერი: „ლიდსი ისტორიული და დიდი კლუბია, უამრავი გულშემატკივრით, არა მარტო ინგლისში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თანამშრომლობით ბედნიერები ვართ, ახალი გამოწვევა და ეტაპია, მჯერა, ბევრი საინტერესო სიახლე იქნება“.

ლიდსი მიმდინარე სეზონში რელეგაციისგან თავის არიდებას შეეცდება, წინა წელს კლუბმა ელიტაში დაბრუნება საინტერესო სეზონით აღნიშნა, წელს კი შედარებით მოკრძალებული სპორტული მიზნები აქვთ.

ბიზნესთანამშრომლობა – რა ტიპის ქეისებს ეძებენ ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ახალ ნომინაციაში

სრულყოფილება სიმარტივეში – ახალი ROLLS-ROYCE GHOST-ის დებიუტი საქართველოში