25
Feb
2019

ლეგალჰაბი – ერთიანი სამუშაო სივრცე იურისტებისთვის

25 Feb 2019

ლეგალჰაბი ერთიანი სამუშაო სივრცეა. საოფისედ, მისი გამოყენება ყველას შეუძლია, თუმცა, დამფუძნებლები აქცენტს, იურისტებზე აკეთებენ. თავად ამბობენ, რომ სურთ, შექმნან, ერთგვარი, იურიდიული კომუნა, სადაც ისინი მჭიდრო პროფესიულ კავშირებს დაამყარებენ, ერთმანეთს გამოცდილებას თუ ახალ ტენდენციებს გაუზიარებენ და კიდევ უფრო განვითარდებიან. სპეციალურად შეარჩიეს ტერიტორიაც – აღმაშენებლის ხეივნის მე-12კმ. როგორც ცენტრის დირექტორი ნინო მაჭავარიანი ამბობს, ყველაფერი ახლოსაა:

„თბილისის საქალაქო სასამართლომდე, სულ რაღაც, 20 ნაბიჯია, 500 მეტრის რადიუსშია თბილისის სააპელაციო სასამართლო, თბილისის პროკურატურა, ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო, აღსრულების ეროვნულ ბიურო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და სხვა მრავალი საჯარო დაწესებულება“.

ნინო მაჭავარიანი: თბილისში ბევრი, ძალიან პერსპექტიული ე.წ. ფრილანსერი იურისტია. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს შესაძლებლობა  დამოუკიდებლად იქირაოს ოფისი და შესაბამისად  მოაწყოს, ჰქონდეს შეხვედრების ოთახი, მისაღები ოთახი, საკონფერენციო ოთახი, დაფაროს კომუნალური და სხვა ყოველთვიური ხარჯები, შეიძინოს საოფისე ინვენტარი და ტექნიკა,  აიყვანოს მდივანი, რომელიც საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში დაეხმარება და ა.შ. ამ მინიმალური პირობების გარეშე კი რთულია ახალი კლიენტებისა თუ საქმეების დამატება, რაც როგორც პროფესიული განვითარებისთვის, ისე ბაზარზე ადგილის დამკვიდრებისათვის აუცილებელია. ჩვენც იურისტები ვართ და ზუსტად ვიცით, რა სჭირდებათ იურისტებსა და პრაქტიკოს ადვოკატებს, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე. სწორედ, ამან გვიბიძგა, პროფესიულ სპეციფიკაზე მორგებული საერთო სამუშაო სივრცე შეგვექმნა. გვინდოდა, მათთვის კომფორტული გარემო შეგვეთავაზებინა, რომ მინიმალური დანახარჯით, სრულყოფილი სამუშაო გარემო ჰქონოდათ. მათ უშუალოდ საქმეებზე უნდა იფიქრონ და არა ყოფით საკითხებზე.

 M: რა დახვდება მომხმარებელს ლეგალჰაბში და რა ღირს ეს სერვისი

ნ.მ. : ლეგალჰაბი თანამედროვე სტანდარტებით გაწყობილი სამუშაო სივრცეა, სადაც მომხმარებლბელბს დახვდებათ დიდი პერსონალური სამუშაო მაგიდა, სკამი, ტუმბო და სეიფი კონფიდენციალური დოკუმეტების შესანახად. მათ ასევე აქვთ წვდომა საოფისე ტექნიკურ აღჭურვილობაზე (პრინტერი, სკანერი, ქსეროქსი, ოფისის ტელეფონი, WiFi ინტერნეტი). მომხმარებლებს, შეუძლიათ, ლეგალჰაბის მისამართი გამოიყენონ საკუთარ იურიდიულ თუ ფაქტიურ მისამართად, მიიღონ ან გაგზავნონ გზავნილები. ოფისი აღჭურვილია შეხვედრების ოთახებით, საერთო სამზარეულო ოთახით, გათბობა-გაგრილება-ვენტილაციისა და შიდა სამეთვალყურეო სისტემებით. მომხმარებლებს  საშუალება აქვთ, ისარგებლონ ოფისის მენეჯერის სერვისით, რომელიც დახმარებას გაუწევს როგორც ორგანიზაციულ საკითხების მოგვარებასა და ახალი კლიენტების მოძიებაში, რომელიც ოფისის ლოკაციიდან გამომდინარე მრავლადაა. აქვე ხელმისაწვდომია  IT სპეციალისტის მომსახურებაც, რაც კომპიუტერისა თუ სმარტფონის იმგვარ ტექნიკურ მხარდაჭერასაც მოიცავს, რაც იურისტებს დაეხმარება საკუთარი საქმიანობა ორგანიზაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაიმარტივონ. გარდა ამისა, ლეგალჰაბის ოფისში იურისტებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზევე ისარგებლონ საკურიერო ფოსტის მომსახურებით, ოფისში მიიღონ ან ოფისიდანვე გაუგზავნონ კორესპონდენციები სასამართლოს, მოწინააღმდეგე მხარეებს ან სხვა ადრესატებს. ურთიერთიერთობის წამოწყებისას მომხმარებლები იღებენ კორპორატიულ ელ-ფოსტას და საჩუქრად – პერსონალურ სავიზიტო ბარათებს. მომხმარებლებს შეუზღუდავი წვდომა აქვთ საკანონმდებლო მაცნეს ფასიან სერვისებზე, რომლის დახმარებითაც შეძლებენ, ნებისმიერ დროს კომპიუტერიდან თუ სმარტფონიდან გაეცნონ ან ჩამოტვირთონ მოქმედი კანონები, კანონქვემდებარე აქტები. რაც შეეხება ტარიფს, ლეგალჰაბში სამუშაო სივრცის ერთი თვით დაქირავების ღირებულება შეადგენს 350 ლარს (გადასახადების, კომუნალური ხარჯისა და დალაგების სერვისების ჩათვლით).

 M: რა უპირატესობა ექნებათ ლეგალჰაბის მომხმარებლებს? რას სთავაზობთ სხვა სივრცეებისგან განსხვავებულს?

ნ.მ. : ლეგალჰაბის კონცეფცია მეტწილად ჰგავს სხვა საერთო სამუშაო სივრცეების იდეას. თუმცა, სხვაობა სწორედ პროფესიული სპეციფიკიდან გამომდინარე გვხვდება. ჩვენს სერვისის ცენტრში არიან ფუნქციურად დატვირთული ოფის – მენეჯერები, რომლებიც აკავშირებენ კლიენტებს იურისტებთან, უგეგმავენ შეხვედრებს, პასუხობენ ზარებს და ამისამართებენ შესაბამისი იურისტის შიდა ნომერზე, კომუნიკაცია აქვთ სასამართლოს აპარატის თანამშრომლებთან, იღებენ მათგან ინფორმაციას და გადასცემენ იურისტებს, აგზავნიან ან იღებენ იურისტებისთვის განკუთვნილ კორესპონდენციას, გზავნილებს ინახავენ იურისტის პირად სეიფში, დახმარებას უწევენ დოკუმენტების ასლების გამრავლებაში, მათი ვიზიტორების გამასპინძლებაში და სხვა საორგანიზაციო საქმიანობაში. გარდა ამისა, ოფის – მენეჯერები ავრცელებენ ინფორმაციას იმ იურიდიული სერვისების შესახებ, რომლებიც ლეგალჰაბის მომხმარებელი იურისტების კომპეტენციას შეესაბამება და დაინტერესებულ კლიენტებს აკავშირებენ კონკრეტულ იურისტთან. სხვა საერთო სამუშაო სივრცეებისგან განსხვავებით, ჩვენთან ერთდღიანი ან ერთკვირიანი თანამშრომლობა არ ყალიბდება. ჩვენი კონცეფციაა პროფესიული კომუნის შექმნისკენაა მიმართული და აქცენტი ხანგრძლივ და წარმატებულ თანამშრომლობაზე კეთდება. რაც შეეხება უპირატესობებს: ლეგალჰაბის სერვისი ძალიან ეკონომიურია – ზოგავ დროს და ხარჯებს ტრანსპორტირებაში, საფოსტო მომსახურებაში, ყველა ხარჯს, რაც ოფისის მოწყობისა და ყოველთვიური შენახვისათვის დაგჭირდებოდა. ზოგავ კომუნალურ, ინტერნეტისა და ტელეფონის ხარჯებს. ასევე, ხელფასს, რომელიც ოფის – მენეჯერისთვის უნდა გადაგეხადა. ჩვენი სივრცე, იურისტებისთვის, იდეალურ ადგილზე მდებარეობს – შესაძლებელია, ორ წუთში დაუკავშირდეთ ისეთ მნიშვნელოვან დაწესებულებებს, როგორიცაა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები, ექსპერტიზის და აღსრულების ეროვნული ბიუროები, პროკურატურისა და პოლიციის ორგანოები. ლეგალჰაბში სამუშაო ადგილი დაქირავება პრაგმატული გადაწყვეტილებაა. ჩვენი მომხმარებლები იღებენ სრულფასოვან ოფისს, თავისუფლდებიან ყველანაირი გადასახადისა და ხარჯებისგან. გარდა ამისა, თუ იურისტი სახლიდან საქმიანობს, ხშირად უწევს საქმიანობის შეწყვეტა სხვადასხვა ყოფითი მიზეზის გამო, ასევე ექმნება პროფესიული კომუნიკაციის ნაკლებობა. ლეგალჰაბში კი მისივე პროფესიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს, ამავე კომუნის წევრებს გაუზიარებს გამოცდილებას, ახალ ტენდენციებს, პროფესიულ შეხედულებებს, პრაქტიკას და მათგანაც იმავეს მიიღებს, დაამყარებს საჭირო კავშირებს. ასე კი უფრო ეფექტურია მათი საქმიანობა.

 M: რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს . . .

ნ.მ. : ამ ეტაპზე, ლეგალჰაბი მხოლოდ სამუშაო დღეებში, 09:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს. თუმცა, ვგეგმავთ, ოფისი 24 საათის განმავლობაში გავხადოთ ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, გვსურს, ეს სივრცე ყველა მიმართულების იურიდიული სერვისების ცენტრად ვაქციოთ. მათ შორის, განვიხილავთ სანოტარო სერვისების დამატებას, კორპორატიული იურიდიული სერვისების გამრავალფეროვნებას. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე – გვინდა, დამწყებთათვის, ლეგალჰაბის იურისტებმა პერმანენტულად ჩაატარონ ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, გვექნება შიდა განხილვები, დავეხმარებით ჩვენი კომუნის წევრებს, დაამყარონ საჭირო პროფესიული კავშირები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და კიდევ უფრო მეტად წარმატებულები გახდნენ.

[R]

განხილვა