22
May
2019

რა არის ცხედრის კომპოსტირება და რატომ გახდა ის ლეგალური ვაშინგტონში

22 May 2019

იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდს უახლოვდება, ლოგიკურია ვიფიქროთ – გონივრულია, თუ არა შევინარჩუნოთ დაკრძალვის ტრადიციული მეთოდები. სხვადასხვა კულტურაში დაკრძალვის სხვადასხვა ფორმა ითვლება ტრადიციულად, მაგალითად, ინდოეთში – კრემაცია, ჩვენთან კი დამარხვა. ხოლო ადამიანი, განურჩევლად იმისა, რომელი კულტურის ნაწილია, ერთხელ მაინც ფიქრობს თემაზე – „რა მოუვა ჩემს სხეულს მას შემდეგ, რაც აღარ ვიქნები“.

ერთი საკითხია დაკრძალვის ტრადიციული მეთოდები და მეორე – რამდენად მისაღებია კონკრეტული მეთოდი კონკრეტული ინდივიდისთვის. შესაბამისად, თანამედროვე სამყაროში დაკრძალვის ალტერნატიული, ზოგჯერ, საკმაოდ პოეტური მეთოდები ჩნდება. მათ შორისაა Bios Urn – კომპანია, რომელიც სიკვდილის შემდეგ ხედ ქცევას გვპირდება. ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტაა იმ შემთხვევაში, თუ ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე მდგარი გარემოსთვის სიკეთის – სუფთა ჰაერის მოტანა გვინდა და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ხის ფორმით „გაგრძელების“ სურვილი გვაქვს. ეს მეთოდი გვაძლევს ხედვას, თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ სასაფლაოები ტყეებად, თუმცა, არსებობს სხვა საინტერესო მიდგომებიც, რომლებიც, ამ უკანასკნელთან შედარებით, შეიძლება ასე ჟღერდეს – „სასაფლაოები, საერთოდ, რად გვინდა?“.

მეორე საკითხი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, სანამ სტატიის მთავარ თემაზე გადავალთ არის ის, რომ უკანასკნელი 20-35 წლის განმავლობაში, სამეურნეო მიზნებისთვის ქიმიური სასუქების გამოყენებამ დააქვეითა ნიადაგში საკვებ ნივთიერებათა შემცველობა. დღეს, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს. მათ შორის, ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდია კომპოსტირება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ცნობილი. თუმცა, კომპოსტირება აქამდე ვრცელდებოდა სხვადასხვა ბიოლოგიურ ორგანიზმებზე, თუმცა არა ადამიანებზე. რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოში პირველად, ვაშინგტონის შტატში გახდა ლეგალური ცხედრის კომპოსტირება. კანონის მიხედვით, ვაშინგტონში გარდაცვლილ ადამიანებს ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა – აქციონ მათი სხეული ერთგვარ ორგანულ სასუქად, ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად, თუ დაიკრძალონ ტრადიციული მეთოდით.

სწორი მოსაზრებაა, რომ დამარხვის შემთხვევაშიც, ადამიანის სხეული იქცევა ერთგვარ მინერალების საბადოდ ნიადაგისთვის, თუმცა, ჩვენ არ ვაშენებთ ბოსტნებსა და პლანტაციებს სასაფლაოებზე და თანაც, კომპოსტირების, ანუ, ქიმიური ჩარევის გარეშე, ამ პროცესს დიდი დრო სჭირდება. ვაშინგტონში მიღებული კანონის მიხედვით კი, ადამიანის ცხედრის კომპოსტირება თითქმის ისეთივე იქნება, როგორც სხვა ტიპის ორგანული ნარჩენების – სხეულს სპეციალურ სითხეში მოათავსებენ და ცხედრისგან, თითქმის ერთ თვეში, დაახლოებით, ერთი კუბომეტრი კომპოსტი დარჩება.

რაც შეეხევა კომპოსტს – ეს შავ, ფხვიერ, მიწის სუნის მქონე ორგანულ მასალას წარმოადგენს. ის ორგანული ნაერთის მიკრობული დაშლის შედეგად მიიღება და არის ერთგვარი სასუქი, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

ხუთთვიანმა კვლევამ, რომელიც ვაშინგტონში, მდგრადი და ორგანული აგროკულტურების მიმართულების პროფესორმა – ლინ კარპენტერ-ბოგსმა ჩაატარა, ექვსი ნებაყოფლობითი „დონორი“ მონაწილეობდა. მათ გარდაცვალებამდე არსებული ნებაყოფლობითი შეთანხმებისამებრ, მათი გარდაცვალების შემდეგ, ცხედრები გადაეცა სამეცნიერო ჯგუფს, შესაბამისი მიზნებისთვის. კვლევა 2017 წელს ჩატარდა და მის ფარგლებში ცდილობდნენ გამოერიცხათ ყველა საშიში პათოგენი, რომელსაც ცხედრის კომპოსტირების პროცესში შეიძლება ეჩინა თავი. დადასტურდა, რომ ცხედრის კომპოსტირების შედეგად მიღებული კომპოსტი ისეთივე სასარგებლო და უსაფრთხოა ნიადაგისთვის, როგორც საუკუნეების მანძილზე ნაცადი სხვა ორგანული კომპოსტები (ცხოველებისა და მცენარეების ნარჩენების).

გრძელვადიან პერსპექტივაში, დიდი შანსია, რომ კაცობრიობის წინაშე ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა პრობლემამ იჩინოს თავი, რომელიც ნიადაგის დაღარიბებისა და მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის პირობებში, საკვები პროდუქტების არასაკმარის რაოდენობას დაუკავშირდება. ამ მხრივ, უკვე შემუშავებულ და ფუნციურ გამოსავალთაგან შეგვიძლია გენმოდიფიცირებული ბოსტნეული გამოვყოთ. ლოგიკურად კი, წყაროებზე დაყრდნობის გარეშეც, შეგვიძლია მივიდეთ დასკვნამდე – თუ ეს გამოსავალი საჭირო გახდა, დედამიწის მოსახლეობის წინაშე ეს პრობლემა, რაღაც დოზით, უკვე დგას. იქნებ, სხვადასხვა ორგანულ მასალასთან ერთად, ცხედრის კომპოსტირებაც მივიჩნიოთ ერთ-ერთ გამოსავლად, თუმცა, მსგავს მიდგომას ნებისმიერი კულტურის წარმომადგენლისთვის, მენტალური ცვლილება სჭირდება. ერთი ცხადია, თუ შეგვიძლია გარდაცვალების შემდეგაც (თუ მანამდე ვერა), მოვუტანოთ კაცობრიობას სარგებელი, რატომაც არა.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა