in

7 მარტს საქართველოს ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდების საფეხბურთო მატჩი გაიმართება

ინტერვიუ Sports Orient-ის დამფუძნებელ ოთო მუმლაძესთან

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები მნიშვნელოვანი დღის მოლოდინში არიან — ქალაქ ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, Legend Series-ის ფარგლებში საქართველოს ნაკრებისა (GEO11) და მილანის „ინტერის“ (INTER FOREVER) ლეგენდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 7 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება.

Legend Series არის Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შექმნილი დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც საქართველოში, მომავალი 3 წლის განმავლობაში, ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანას მოიაზრებს.

ეს საქართველოსთვის შესანიშნავი სიახლეა. ერთი მხრივ, ქართველ გულშემატკივარს საშუალება მიეცემა, ცოცხლად იხილოს იმ ლეგენდარული ფეხბურთელების თამაში, რომლებზეც თაობები გაიზარდა. მეორე მხრივ კი, ასეთი მატჩები გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს — მოიზიდავს საფეხბურთო ქომაგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

რაც შეეხება შემადგენლობებს, მილანის „ინტერის“ ლეგენდების გუნდში ითამაშებენ: ოქროს ბურთის მფლობელი — ლუიშ ფიგუ, გუნდის კაპიტანი — ხავიერ ძანეტი, მსოფლიო ჩემპიონი — მარკო მატერაცი და ა. შ. GEO 11-ის შემადგენლობაში კი ვიხილავთ ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს — შოთა არველაძეს, კაპიტანს და ყველაზე ტიტულიან ქართველ ფეხბურთელს — კახა კალაძეს, რეკორდსმენ ლევან კობიაშვილს, საქართველოს ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდას — გიორგი ქინქლაძეს, ეროვნული გუნდის გამორჩეულ წევრს, მის ყოფილ მწვრთნელს — თემურ ქეცბაიას და ა. შ.

სრული შემადგენლობები შეგიძლიათ იხილოთ Legend Series-ის ვებგვერდზე.

მნიშვნელოვან თარიღამდე სულ რაღაც 2 დღე რჩება და ჩვენ Sports Orient-ის დამფუძნებელს, ოთო მუმლაძეს ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება მატჩისთვის მზადების პროცესის, ლეგენდების შეხვედრისა და Sports Orient-ის მომავლის გეგმების შესახებ.

M: ოთო, როგორ მიმდინარეობს ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადება?

მატჩისთვის მზადება რეალურად რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ, როცა ჯერ კიდევ გასულ წელს და შემდეგ, თებერვალში ინტერის წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განვიხილეთ. ახლა სტადიონზე საბოლოო სამუშაოები მიმდინარეობს, გუნდების დასახვედრად მზად არის სასტუმრო რუმსი და რედისონიც. ერთადერთი, რაც უნდა ვისურვოთ, კარგი ამინდია. ვფიქრობ, სხვა ყველა საკითხი სტუმრებისა და გუნდების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

M: რამდენ ადამიანს ელოდებით სტადიონზე?

ამ მომენტისთვის ყველა ბილეთი გაყიდულია და შესაბამისად, მატჩი სრული ანშლაგით ჩაივლის. ბათუმის Adjarabet Arena 20 500 მაყურებელს იტევს; გარდა ამისა, გულშემატკივარი GEO 11-ისა და Inter Forever-ის დაპირისპირების ხილვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, პირველი არხისა და 1TVPLAY-ის აპლიკაციით, ასევე europop-ის YouTube არხის საშუალებით შეძლებს.

M: კიდევ ვიხილავთ საქართველოში ასეთ მატჩებს? რა გეგმები გაქვთ მომავლისთვის?

პროექტი მინიმუმ სამ წელზეა გათვლილი და უკვე გადაწყვეტილია, რომ მომდევნო წელს Legend Series-ის მეორე მატჩს თბილისი უმასპინძლებს. რამდენიმე ევროპულ გრანდთან მოლაპარაკება დაწყებული გვაქვს და ზაფხულამდე ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომელი ქვეყნის გრანდს იხილავს ქართველი გულშემატკივარი 2025-ში საქართველოში.


ერთი სიტყვით, ხუთშაბათს ძალიან ემოციური და ნოსტალგიური შეხვედრა გველის — 90 წუთით დროში ვიმოგზაურებთ და საყვარელი ლეგენდების თამაშით კიდევ ერთხელ დავტკბებით, თანაც ამჯერად საქართველოს კედლებში.

ყველა სამი ხაზი Big Mac-ია?! — მაკდონალდსის მოკუმენტური ფილმი

როგორ შეიქმნა Mac-ის ინტერფეისი? — ლეგენდარული დიზაინერის ჩანაწერი