31
ივლ
2018

ჰარი პოტერი 38 წლისაა! LEGO-ს უზარმაზარი ნაკრები ნამდვილი პოტერჰედებისთვის!

31 ივლ 2018

veon
veon


წლების წინ, როდესაც კინოთეატრებში პირველად გავიდა ფილმი უჩვეულო ბიჭუნაზე, სათვალითა და შუბლზე ნაიარევით, მივხვდით, რომ ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა. მას შემდეგ, მსოფლიო ჰარი პოტერის თავგადასავალმა მოიცვა. ყველა ნამდვილმა პოტერჰედმა ზედმიწევნით დეტალურად ისწავლა როგორც წიგნების სერია, ისე მისი ეკრანიზაცია. დღეს კი, 31 ივლისს, ბიჭს, რომელიც ჩვენი ცნობიერების განუყოფელ ნაწილად იქცა, დაბადების დღე აქვს – ჰარი პოტერი, წიგნის ავტორის, ჯოან როულინგის განცხადებით, 38 წლის გახდა. არადა, თითქოს, გუშინ იყო, როდესაც 11 წლის ჰარის ჰაგრიდმა მიუვალ კოშკურაში მიაგნო და მე-11 დაბადების დღე სასაცილო ვარდისფერი ტორტით მიულოცა…

ამ დიდებულ თარიღთან დაკავშირებით, LEGO-მ ახალი, უზარმაზარი ნაკრების გამოშვება დააანონსა. 6020 ნაწილიანი ჰოგვართსის სასახლე 69 სმ სიგრძისა და 56 სმ სიგანისაა, მოიცავს საიდუმლო ოთახს, აუდიტორიას, საწამლავების დამზადებას სწავლობენ, დიდ დარბაზს, საერთო ჰოლს, ჰაგრიდის ქოხსა და მოჯადოებულ ხესაც კი. ასევე 27 პერსონაჟს, მათ შორის: ჰარი, ჰერმიონი, რონი, ბასილისკი, დემენტორები და ა.შ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, კიდევ არაერთი საკლასო ოთახი, აქსესუარები და დასამახსოვრებელი ნივთებია, რაც ჰარი პოტერის თავგადასავლის განუყოფელი ნაწილია. LEGO-ს ნაკრების გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება და მისი ფასი $399.99 იქნება.

განხილვა