თავისი არსებობის განმავლობაში LEGO-მ მოახერხა, რომ უბრალო სათამაშოს კონტექსტს გასცდენოდა და ბევრად დიდი მისიის ნაწილად წარმოედგინა ბრენდი. ცხადია, ამას ახერხებდა როგორც კონკრეტული პროდუქციით, ისე მისი სწორად პოზიციონირებით — კრეატიულად შემუშავებული მარკეტინგით, ფანტაზიაზე დაფუძნებული კამპანიებით და სამიზნე აუდიტორიაზე ეფექტური ფოკუსირება-ზრუნვით. სწორედ ამის ნაწილია უახლესი წიგნი LEGO Heroes, რომელიც „ლეგოს გამორჩეული მშენებლების“ შესახებ გვიყვება.
ფანტაზიას და წარმოსახვის უნარს საზღვრები რომ არ აქვს, ლეგოს დევიზად იქცა — არ აქვს მნიშვნელობა, წინასწარ განსაზღვრულ ინსტრუქციას მიყვებით თუ სხვადასხვა კომპლექტში არსებულ ნაწილებს ერთმანეთში ურევთ, რათა რაღაც სრულიად უნიკალური შექმნათ; ნებისმიერ შემთხვევაში ეს პატარა ლეგოები საშუალებას გაძლევთ, თამაშის სამყაროში ბოლომდე გადაეშვათ. ამ მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში კი გადაწყვიტეს, მეტად წაეხალისებინათ საკუთარი მომხმარებლები — ისინი, ვისაც „თითო აგურით სამყაროს შემცვლელებს“ უწოდებენ. ასე სურთ, შეინარჩუნონ როგორც უკვე არსებული აუდიტორია, ისე მოიზიდონ „მშენებლების“ ახალი თაობა.
112 გვერდი 12 ისტორიის მოთხრობას დაეთმო. თითოეული მათგანი იმ ადამიანებზეა ფოკუსირებული, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობები, შემოქმედებითობა და ხედვა სწორედ ლეგოს მეშვეობით გამოევლინათ. მაგალითად, საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდნენ ამ პროდუქტს მარჯნებზე ჩატარებული კვლევებისთვის, შშმ პირების ეტლებისთვის განკუთვნილი პანდუსებისთვის, ხელის პროთეზების შესაქმნელად და ბრაილის შრიფტისთვის.