თეორიულად, ლეგოს ყველა ნაკრები ნებისმიერი ბავშვისთვისაა განკუთვნილი, პრაქტიკულად კი ყველას შეუძლია, მაგალითად, Frozen-ის ან Transformers-ების ნაკრებით ითამაშოს. უბრალოდ, როც საქმე გოგონების ფიგურებს ეხება, აქ არჩევანი იკლებს და ეს არც ლეგოში დარჩენიათ ყურადღების მიღმა. თუმცა ამისთვის შესაფერის დროს ეძებდნენ, რაც 2023 FIFA Women’s World Cup აღმოჩნდა.
ამგვარად, მათ სათამაშო ნაკრები Icons of Play შემოგვთავაზეს — ლეგოს პირველი სპორტზე ფოკუსირებული შეთავაზება, ფეხბურთის სათამაშო მოედნითა და ყველა საჭირო ელემენტით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ამას თან მოსდევს კამპანია, რომელიც ახალგაზრდა გოგოების ჩართულობის გაზრდაზეა ორიენტირებული.
„ეს ნაკრები ზაფხულის იმ მომენტს უკავშირდება, რომლითაც ბევრი პატარა გოგო ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩება. აქ მდედრობითი სქესის სპორტსმენებს თქვენ პირველად ხედავთ და ვფიქრობ, ეს გოგოებისთვის ნამდვილი მოტივაციაა“, — აცხადებს რენე გეიდა, Lego Group-იდან.
და ვინ არიან ეს მოთამაშეები? ამერიკის ეროვნული გუნდის ლეგენდები — მეგან რაპინო, თავდამსხმელი იუკი ნაგასატო, ანუ პირველი ქალი მოთამაშე, რომელიც იაპონიაში მამაკაცთა კლუბს შეუერთდა, აისატ ოშოალა, საერთაშორისო მასშტაბის სუპერვარსკვლავი და ავსტრალიელი ფორვარდი სემ კერი. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი არჩევა არც ისე რთული იყო, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აყენებენ ისინი სტატუს-კვოს გამოწვევის წინაშე…
უშუალოდ კვლევის ფაზაში კი ლეგოს დიზაინის გუნდი მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს გაესაუბრა. მათი მიზანი მშენებლების თამაშში ჩართვა და მათთვის მეგობრებთან ერთად თამაშის შესაძლებლობის მიცემა იყო… აქ ისიც გაითვალისწინეს, რომ თამაშისას გულშემატკივრები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ამიტომ შეეცადნენ, ეს მომენტი ლეგოშიც შეენარჩუნებინათ. ასე შეიქმნა VAR station, ანუ გულშემატკივრების ტრიბუნები.
ამგვარად, კონკრეტული ნაკრები 15 ფიგურისგან შედგება, რაც მოიცავს ფეხბურთის 4 სუპერვარსკვლავს, მწვრთნელს, მეკარესა და გულშემატკივრებს.
აი, რაც შეეხება სუპერვარსკვლავების ფიგურების შექმნის პროცესს, ამისთვის მჭიდროდ ითანამშრომლეს იმ ადამიანებთან, რომლის შექმნასაც აპირებდნენ. გაიდას თქმით, როცა საკუთარ თავს მინი ფიგურის ფორმაში ხედავ, ძალიან ამაღელვებელია, რადგან მარტო ის კი არ იცი, რომ ამით მილიონობით ბავშვი ითამაშებს, არამედ ისიც, რომ ისინი თქვენი მსგავსი ფიგურებით საკუთარ ამბებს შექმნიან…
„თუ ისინი ამ ნაკრებში საკუთარ თავს ამოიცნობენ, თუ მათ შეეძლებათ ამ საოცარი, მსოფლიო დონის ფეხბურთელების დანახვა, შესაძლოა, გაუჩნდეთ სურვილი, მათი მსგავსი გახდნენ და ერთ დღეს მსგავს ნაკრებში საკუთარი თავიც იხილონ“, — აცხადებს ელენ ბოული, ლეგოს დიზაინერი.