in

„საკმარისად კარგი მხოლოდ საუკეთესო პროდუქტია” – LEGO-ს ისტორია

რა ეხმარება ბავშვებს შემოქმედებითი უნარების გამომუშავებაში? თამაში. თამაშის მეშვეობით, ბავშვები ბევრ ახალს სწავლობენ და ზოგად უნარებს გამოიმუშავებენ, რაც მათ მომავალში ადგებათ.

istoriebi
istoriebi

სწორედ ამაზეა დაფუძნებული LEGO-ს კონცეფცია – გართობასა და შემეცნებაზე. ლეგოს ნაწილებით სათამაშოებისა და კონსტრუქციების აგება მოზარდების კრეატიულობის განვითარებას უწყობს ხელს. ამასთან, პრობლემის გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარების გამომუშავებაში ეხმარება. უკვე მრავალი წელია ბრენდი ყველასგან გამორჩეულად და დამსახურებულად იკავებს წამყვან პოზიციებს სათამაშო ინდუსტრიაში.

როგორ დაიწყო ლეგოს ისტორია და როდის? ტრადიციულად, „ისტორიების” რუბრიკიდან გავიგებთ.

სახელწოდება

პირველ რიგში, საინტერესოა ბრენდის სახელწოდება. LEGO დანიური სიტყვების leg godt-ის აბრევიატურაა, რაც ქართულად ნიშნავს „კარგად თამაშს” ნიშნავს. ამჟამად ის უკვე 91 წლისაა და მაინც არ კარგავს აქტუალობას. მეტიც, ახლა უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე თავიდან ჰყავდა.

როდის და ვინ დაიწყო ლეგოს ისტორია

1932 წელს ხუროს ოსტატს, ოლე კირკ კრისტიანსენს პატარა სახელოსნო ჰქონდა ბილუნდში, დანიაში. მისი ბიზნესი კარგად არ მიდიოდა, ამიტომ, როცა ბოლო თანამშრომელიც გაათავისუფლა, სახელოსნო დაკეტა.

თუმცა ოსტატს ოთხი ვაჟი ჰყავდა, ცოლიც გარდაეცვალა და შემოსავალი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ მან სათამაშოების დამზადება დაიწყო. დასაწყისისთვის მას დურგლობიდან მორჩენილი ხის ნაჭრები და რამდენიმე კრეატიული იდეა ჰქონდა.

პირველი სათამაშო, რომელიც ოლემ დაამზადა, ხის იხვი იყო. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომელმაც დასაბამი დაუდო საშვილიშვილო ისტორიას. 

„საკმარისად კარგი მხოლოდ საუკეთესო პროდუქტია”

ეს პირველივე დღიდან ოლე კირკ კრისტიანსენის დევიზია. მისი სათამაშოების ხარისხი თავიდანვე გამოირჩეოდა, რამაც მის ბიზნესს დიდი ბიძგი მისცა. საქმეში მას შვილი, გოდტფრედი ეხმარებოდა, რამაც გაზარდა გაყიდვები და მათი მომავალი საკმაოდ იმედის მომცემი გახადა. 

ხის სათამაშოების პოპულარობის მიუხედავად, ოლემ გადაწყვიტა, ინოვაცია შეეტანა თავის წარმოებაში და შეიძინა პლასტმასის საინიექციო ჩამოსხმის მანქანა, რომელიც ამ ტიპის პირველი მოწყობილობა იყო დანიაში. 

ახალი წარმოება

1949 წელს LEGO-ს ქარხანა იწყებს 200 სახეობის პლასტმასისა და ხის სათამაშოს დამზადებას, მათ შორის, პირველი კუბიკის ტიპის სათამაშოს, რომელიც მისი ახლანდელი ცნობილი სტილის წინამორბედია. 

როდესაც საშობაოდ გაყიდვები გაიზარდა, შემდეგ კი, მთელი წლის განმავლობაში შემცირდა, გოდფრედმა იგრძნო, რომ მათ LEGO სათამაშოებს რაღაც მნიშვნელოვანი აკლდა. ბევრი ფიქრის შემდეგ მან გააცნობიერა, რომ კომპანია ბავშვებს მზა სათამაშოებს სთავაზობდა, რაც მათ მალე ჰბეზრდებოდათ. სწორედ ასე გაჩნდა ასაწყობი სათამაშოების იდეა, რაც ბავშვებს დაეხმარებოდა, უფრო მეტი დრო დაეთმოთ თამაშისთვის და, რაც მთავარია, გამოემჟღავნებინათ თავიანთი კრეატიულობა და ზოგადი უნარები.

ამ იდეამ LEGO-ს ისტორიაში გარღვევა მოახდინა! LEGO System of Play-ს სახელით შექმნილი პროდუქტი ძალიან წარმატებული ხდება და კომპანია იწყებს მის გაყიდვას სხვა ქვეყნებში. 

მესამე საიდუმლო, რომელმაც ლეგოს წარმატება მოუტანა

ბავშვებს ძალიან მოსწონდათ ასაწყობი სათამაშოები და სიხარულით აჩვენებდნენ თავიანთ მშობლებს აწყობილ კონსტრუქციებს, მაგრამ იყო ერთი პრობლემა – ეს კონსტრუქციები იმდენად მყიფე იყო, რომ ოდნავი შეხებისას იშლებოდა. 

ამ პრობლემის მოგვარების მცდელობისას გაჩნდა ლეგოს მესამე საიდუმლო, რომელმაც მას შემდგომი წარმატება მოუტანა. 1958 წელს ბრენდმა დააპატენტა თავისი საკულტო კუბიკი, რომელიც ერთმანეთზე მაგრდება. 

ამ მომენტიდან LEGO ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სათამაშოების მწარმოებელი.

LEGO დღეს

დღეს LEGO-ს ბრენდის ღირებულება 7,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ბოლო 91 წლის განმავლობაში მან გრძელი გზა გაიარა – დანიაში დურგლის მცირე სახელოსნოდან თანამედროვე, გლობალურ საწარმომდე.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

YouTube-ს ვიდეოს შემაჯამებელი AI ინსტრუმენტი ემატება

ჯინის ბრენდისთვის პეიზაჟებითა და მსუბუქი ემოციებით შთაგონებული დიზაინი შეიქმნა