in

ეს ვინტაჟური რეკლამა გვახსენებს, როგორ იქცა Lego ყველასთვის საყვარელ ბრენდად

„ლეგო“ 2023-ში 65 წლის იუბილეს აღნიშნავს

„ლეგო“ ის ბრენდია, რომელსაც დღეს მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იცნობს. თუ შვილები გყავთ, დიდი შანსია, თქვენი სახლის იატაკზეც იყოს აქა-იქ მიმოფანტული კუბიკები — პატარა ზომის ფიგურები, სხვადასხვა ფორმისა და ვიზუალის. როგორც ყველაფერ ფართოდ გავრცელებულს, ამასაც მიეჩვია ჩვენი გონება და ხშირად აღარ ვუფიქრდებით, როგორ იქცა ლეგოს კუბიკები ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავშესაქცევად. სტატიაში კი იმ ერთ რეკლამაზე გიამბობთ, რომელიც ზუსტად ასახავს ბრენდის ფუნდამენტურ არსს.

2023-ში Lego-მ 65 წლის იუბილე აღნიშნა — 1958 წლის 28 იანვარს კომპანიამ პირველად წარადგინა საკულტო დიზაინი და მას შემდეგ, ცოტა სათამაშოს თუ ჰქონია ისეთი დიდი გავლენა ბავშვებზე, როგორც ამ კუბიკებს. თავდაპირველად სათამაშოები პლასტამასას ნაცვლად ხის იყო, რაც დროთა განმავლობაში შეიცვალა, მაგრამ ამას პოპულარობის დონეზე არ უმოქმედია, მიზეზი კი მარტივია — ის გვაძლევს შესაძლებლობას, მცირე ზომის ფიგურებით ავაგოთ ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია. ამისათვის უამრავი სხვადასხვა სეტი არსებობს, ბავშვების ინტერესებსა და ტენდენციებზე მორგებული.

ეს რეკლამა კი, რომელიც 1968 წელს იხილა საზოგადოებამ, იდეალურად აღწერს, რა აქვს ლეგოს განსაკუთრებული: „Lego… სააზროვნო სათამაშო“ — ასეთი წარწერა აქვს პოსტერს. რეალურად, ამ სამ მარტივ სიტყვაში იმალება მთელი აზრი, რომელიც მშობლებსა და ბავშვებს არწმუნებს, რომ კუბიკები არა მხოლოდ თავშესაქცევი და გასართობია, არამედ პატარებს ლოგიკისა და კრეატიულობის განვითარებაშიც ეხმარება.

„რატომ არ უნდა აჩუქოთ ბავშვებს საშობაო საჩუქარი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, შექმნან რაღაც? საჩუქარი, რომელიც აფართოებს ფანტაზიას, აფართოებს სამყაროს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

საჩუქარი, რომელიც მუდმივია.

აჩუქეთ ლეგო და მიეცით შვილებს საშუალება, საკუთარი ოცნებები აღმოაჩინონ“, — ვკითხულობთ რეკლამაში.

იმისდა მიუხედავად, რომ აღნიშნული რეკლამის გამოშვებიდან 50 წელზე მეტი გავიდა, ის ჯერ კიდევ ბევრს გვეუბნება თამაშის არსზე: „სწავლა თამაშის მეშვეობის“. მსგავსი მიდგომით, ბრენდმა საზოგადოებას ანიშნა, რომ ლეგო არა თუ დროის გაფანტვაა, არამედ რაღაც ისეთი, რაც გონებაში გაჩენილ იდეას რეალობად აქცევს. ეს ფუნდამენტური საფუძველი კი დღემდე არ შეცვლილა. პროდუქტის ძველებური სახით შენარჩუნებით კი კომპანია ამტკიცებს, რომ მუდმივი სიახლეები საჭირო არ არის — მთავარია, შექმნა ისეთი რამ, რაც დროისა და ინტერესების ცვალებადობას გაუძლებს.

როგორ უნდა შევქმნათ ამბავი ბიზნეს სტრატეგიისთვის? — 5 გზა

#მევქმნიალიანსს – ლადო ლომსაძის არქიტექტურული პროექცია და გზა „ალიანს ჯგუფთან“ ერთად