მრავალწლიანი თანამშრომლობის დასაწყისი რომ აღენიშნათ, დანიურმა სათამაშოების მწარმოებელმა 10 მართვადი ფორმულა 1-ის მანქანა შექმნა და დებიუტი Miami Grand Prix-ზე შემოგვთავაზა. თუ ჩვეულებრივ ფორმულა 1-ის მანქანების უმეტესობას შეუძლია 320 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს, ლეგოს კუბიკებისგან შექმნილი ვერსია მხოლოდ 19 კმ/სთ-ს ავითარებს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 400 000 პლასტმასის კუბიკისგან არის შექმნილი, ნამდვილად არ გახლავთ ცუდი მაჩვენებელი.
ლეგოს მშენებლებს 8 თვის მანძილზე სულ 22 000 საათი დასჭირდათ 4 მილიონი ნაწილის ასაწყობად, ამიტომაც ყველაზე რთულ პროექტად აღწერენ, როგორც ზომის, ისე მასშტაბის თვალსაზრისით.
ბოლიდები თითოეული გუნდის განსხვავებულ მახასიათებლებს ასახავს, მაგრამ კაბინა, შასი და კომპონენტები, რომლებიც სამმილიანი წრის დასაფარად არის საჭირო, ყველასთვის საერთოა.
ლეგოს მიერ შექმნილი ვერსია ფორმულა 1-ის ბოლიდებისგან 2 გზით განსხვავდება, ერთია შედეგები და მეორე დიზაინი. თანამედროვე F1-ის მანქანა 1.6-ლიტრიან V6 ტურბო ძრავას იყენებს და ორ ელექტროძრავას, რათა დაახლოებით 1000 ცხენის ძალა გამოიმუშაოს და 320 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარეც განავითაროს. ლეგოსთვის კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მაჩვენებელი 19 კმ/სთ-მდე მცირდება. ხოლო ოფიციალური ერთადგილიანი სარბოლო მანქანებისგან განსხვავებით, Lego-ს დიზაინი ორ ადამიანს იტევს. ასე კი სპეციალურად მოიქცნენ, რათა რბოლის დროს მანქანაში წყვილები მოთავსებულიყო.
ბოლიდში ორი ადამიანის მოთავსება არც ისე მარტივი ამბავი იყო, თუმცა ეს არ გახლდათ ერთადერთი გამოწვევა. მათ მოუწიათ, სავარძელი და პედლები ისე გაეკეთებინათ, რომ მძღოლის სიმაღლის შესაბამისად შეცვლა შესაძლებელი გამხდარიყო.
„დიდი ოდენობის კუბიკების გამო თავდაპირველად მოდელი კომპიუტერზე ავაგეთ. გვყავდა სპეციალისტები, რომლებიც ფორმებზე მუშაობდნენ და გუნდის სხვა წევრები, რომელთა საქმე დეტალების დიზაინსა და ლოგოებზე მუშაობა იყო… ჩვენ მოგვიწია კუბიკების დაწებება, რათა ტრასაზე არცერთი დაგვეკარგა“, — განმარტავენ ლეგოს გუნდის წევრები.