არც Leica-ს ეკუთვნის, არც Nikon-ს, არც Minolta-სა და არც Ricoh-ს. კამერა ექსკლუზიურად ლეგოს კუბიკებითაა დამზადებული. იდეა კი მაშინ გაჩნდა, როცა კამერის დიზაინერი პატარა პლასტმასის ლუპას გადააწყდა, რომელსაც დანიური სათამაშოების მწარმოებელი კომპანია 1998-დან 2013 წლამდე გვთავაზობდა. იფიქრა, რომ ეს ნაწილი შესანიშნავი იქნებოდა 35-მილიმეტრიანი კამერის ლეგოს ნაწილებისგან შესაქმნელად და ასეც მოიქცა.
„ერთი ლეგოც არ მქონდა, ამიტომ ჩემი პროტოტიპის შესაქმნელად რამდენიმე ნაკრები ვიყიდე. თავიდან ვცდილობდი, რეალურს მეტად რომ დამსგავსებოდა, მეტალის ნაწილები გამომეყენებინა, მაგრამ მარტივად ფუჭდებოდა. ფოკუსი კი ფუნქციონალობაზე მქონდა — თუ მახასიათებელი არ მატებს გამოსადეგ ფუნქციას, უბრალოდ ესთეტიკისთვის ვერ დავტოვებდი“, — აცხადებს ზუნგ ჰოანგი, Lego ZH1 კამერის დიზაინერი.
ზუსტად ამიტომ, ახლა კამერა პლასტმასისგანაა დამზადებული. თუმცა ლეგოს კუბიკებისგან კამერის აგება მარტივიც არ ყოფილა. თითოეული ფუნქციის დახვეწაზე რამდენიმე კვირა დასჭირდა. თანაც სურდა, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ეს კი საქმეს მეტად ართულებდა. მრავალი ნაწილი იყო საჭირო, ბევრი კუბიკის მქონე ლეგოს ფასი კი საკმაოდ მაღალია. ამგვარად, გამოწვევის დასაძლევად Lego Ideas-ის პროექტში დარეგისტრირდა…
ამ პროცესში შეცდომებიც მრავლად იყო, ერთ-ერთი პირველი ღია ფერის ფირფიტების გამოყენება გახლდათ, რომელმაც სინათლე გაატარა და პირველი ორი ფირი სრულად დაწვა. სწორედ ამ ფაქტის შემდგომ გადავიდა ჰოანგი შავი ფირების გამოყენებაზე.
595 ნაწილისგან შედგება, ზომები კი აი, ასე გამოიყურება: 9.84 x 3.94 x 4.72 ინჩი.
უნდა ვაღიაროთ, კადრები იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ პატარა პლასტმასის ლინზებითა და მექანიკური დიზაინით საკმაოდ მიმზიდველ ფოტოებს იღებს. სიურრეალისტურ ეფექტსაც კი მატებსო, ამბობენ… ოღონდ აქ ჩაკეტვის დაბალი სიჩქარეც უნდა გავითვალისწინოთ, რითაც ბუნდოვანი კადრებიც აიხსნება.
დაბოლოს, თუ მომავალში Lego ZH1 კამერის შეძენა გსურთ, ჯერ Lego Ideas-ში უნდა შეხვიდეთ და ჰოანგის იდეას დაუჭიროთ მხარი.