დანიური სათამაშოების ბრენდს Lego 10 აგვისტოს 90 წელი შეუსრულდა. კომპანიის ისტორია 1932 წელს დაიწყო, როდესაც დურგალმა ოლე კირკ კრისტიანსენმა ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის ხის სათამაშოების დამზადება დაიწყო. პროდუქტების ნიშად კი დანიურ ფრაზას იყენებდა: “leg godt” — ანუ, „კარგად ითამაშე“. ეს ზუსტად შეესაბამებოდა მეწარმის განზრახვას, რომ სახალისო და, ამავდროულად, საგანმანათლებლო ნივთები შეექმნა.
მისი წარმატებისა და პოპულარობის ნაწილად კი დარგის ექსპერტები არა მხოლოდ უშუალოდ ლეგოების ნაკრებებსა თუ სათამაშოებს, არამედ სწორ მარკეტინგსაც განიხილავენ — იქნება ეს კრეატიული რეკლამები თუ მასშტაბური კამპანიები.
იუბილესთან დაკავშირებით კი სტატიაში რამდენიმე გამორჩეულად კრეატიულ რეკლამას მოვუყარეთ თავი.
Kipper by TBWA (1981)
ეს ადრეული 80-იანი წლების რეკლამა ბრენდის ერთ-ერთი პირველი „ლეგოს ფილმი“ იყო, რომელიც ლეგოს კონტენტის საიმედო ნაკადად იქცა. ვიდეოში წარმოდგენილია მრავალი შეტაკება — ძაღლი კატის წინააღმდეგ, სპილო თაგვის წინააღმდეგ, წყალქვეშა ნავი ორაგულის წინააღმდეგ. ყოველი ეს პერსონაჟი კი სათამაშოებისგანაა აგებული.
Zack the Lego Maniac (1988)
ეს ულტრა-რეტრო ვიდეო სიაში მხოლოდ მისი მიმზიდველი სიმღერის გამო მოხვდა. თავის დროზე სიმღერის ტექსტმა “in Lego land, he’ll rock and roll, he’s Lego wild, out of control” საზოგადოების დიდი ნაწილი აიყოლია — როგორც ლეგოზე შეყვარებული ბავშვები, ისე მათი მშობლები.
Inspire Imagination and Keep Building by Union Made Creative (2014)
გენდერული სტერეოტიპების უარყოფით, რეკლამა იმედოვნებდა, რომ უფრო მეტ გოგონას წაახალისებდა ლეგოებით თამაშისკენ. ბრენდს წარსულში იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ მარკეტინგული მცდელობები მხოლოდ ბიჭებზე იყო გამიზნული.
Rebuild the World by BETC (2019)
რამდენიმე წლის წინანდელი ეს რეკლამა სავსეა კრეატიულობითა და ფანტაზიით. აქ კურდღელი თავისი ბუნებრივი სივრციდან ქალაქში გარბის, როდესაც მონადირე დასაჭერად მისდევს. ამ თავგადასავლის დროს გარემოში უამრავი ცვლილება ჩნდება, რაც ლეგო სათამაშოების ხასიათს იდეალურად აღწერს.
What it is is beautiful (1981/2021)
What it is is beautiful რეკლამის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Lego-მ წამოიწყო განახლებული კამპანია ქალთა საერთაშორისო დღის მხარდასაჭერად. იგი შექმნილია იმისათვის, რომ წაახალისოს და დაიცვას დღევანდელი ახალგაზრდა ქალები, რათა გახდნენ გადაწყვეტილების მიმღები, მისაბაძი და მომავლის შემცვლელები — როგორიც არ უნდა იყოს მათი ინტერესები, ვნებები თუ კარიერული მისწრაფებები.
წყარო: The Drum