დევიდ აგილარისთვის LEGO არასდროს ყოფილა უბრალო სათამაშო, საფუძველს წარმოადგენდა მომავლისთვის, რომელიც სავსე იყო შესაძლებლობებით. ბიოინჟინერიის კურსდამთავრებული, ზედმეტსახელით Hand Solo, პირველად სათაურებში 18 წლის ასაკში მოხვდა, როცა LEGO-სგან პირველი ფუნქციური პროთეზი შექმნა და ასე 2017 წელს გინესის მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. 2021 წელს აგილარმა მუშაობა 8 წლის ბეკნურ ჟანიბეკულის დასახმარებლად გააგრძელა, ფრანგი ბიჭის, რომელიც განუვითარებელი კიდურებით დაიბადა.
მას შემდეგ, რაც ბეკნურის მშობლებმა აგილარის დიზაინის შესახებ გაიგეს, მასთან მივიდნენ იმ იმედით, რომ შვილის საჭიროებებზე მორგებულ პროთეზს შექმნიდა. კიდურის მცირე ზომის გამო, ტრადიციული პროთეზები არ ერგებოდა ბეკნურს, თუმცა აგილარმა გამოსავალი იპოვა:

LEGO-ს კუბიკების გამოყენებით მხრის პროთეზი შექმნა, რომელიც არამხოლოდ ფუნქციური იყო, არამედ ბეკნურს ყოველდღიური საქმეების დამოუკიდებლად შესრულების უნარს აძლევდა. მოწყობილობის დასრულებისთანავე შეძლო ბიჭმა მისი გამოცდა და მალევე დაეუფლა მას. აგილარიც ამის მომსწრე გახლდათ და ამ გამოცდილებას უსაზღვრო ბედნიერებად აღწერს, რომელიც ბეკნურის ღიმილში დაინახა, როცა პირველად გამოიყენა პროთეზი…
„მისი ღიმილი გადამდები იყო! ვფიქრობ, თუ საკმარისად იღბლიანი ვიქნები იმისათვის, რომ მსგავსი პროთეზები შევქმნა, უფრო მეტ ბავშვსა და ადამიანს დავეხმარები მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, — აცხადებს აგილარი.
eMK-Beknur-ის დიზაინი მოიცავდა სამაგრს, რომელიც ფეხზე მიმაგრებული კაბელით კონტროლდებოდა და ასე ინტუიციური მოძრაობის საშუალებასაც იძლეოდა. ამ დიზაინის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი კი მისი ხელმისაწვდომობაა — ტრადიციული პროთეზის საკმაოდ მაღალი ფასისგან განსხვავებით, აგილარის დიზაინით პროთეზის შექმნა სულ რაღაც 18 დოლარი დაგიჯდებათ.

მართალია, ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაგრამ ახლა Guinness World Records-მა გადაწყვიტა, ჩვენთვის ამაზე ხელახლა მოეყოლა და შეეხსენებინა, რომ ინოვაციური პროექტი კვლავ აგრძელებს პროთეზის დიზაინში არსებული ბარიერების მსხვრევას. Hand Solo-ს მისიაც იგივე რჩება — ლეგოს კუბიკების ერთმანეთზე დადებით აქციოს პროთეზირება ყველასთვის ხელმისაწვდომ ვარიანტად.













