თუკი ფოტოგრაფია ძალიან გიყვართ, ვიმედოვნებთ, Leica-ს შესახებ გსმენიათ. Leica ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბრენდია ფოტოგრაფიაში. ესაა კამერა, რომლითაც ფართო საზოგადოების ფოტოგრაფიულ მეხსიერებაში შემორჩენილი ყველაზე დასამახსოვრებელი სურათები გადაუღიათ. Magnum-ის ესთეტიკის მოწინავე ბრენდი ჯერ კიდევ უარმავი ადამიანის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. სანამ გემრიელ ფინჯან ყავას შეექცევით, ჩვენ სწორედ Leica-ზე გიამბობთ.
Leica-ს პირველმა 35მმ-იანმა კამერამ მხატვრულ და ჟურნალისტურ მედიუმში თამაშის წესები შეცვალა. 1900-იანების დასაწყისში, ფოტოკამერები საკმაოდ დიდი ზომის გახლდათ, რაც მათ ტრანსპორტირებას მნიშვნელოვნად აძნელებდა. ფოტოგრაფიაში არსებული ამ სირთულით შეშფოთდა ერნსტ ლეიტცი, გერმანელი ოპტიკური ინჟინერი, რომელიც მიკროსკოპების წარმოებაში იყო ჩართული. მან გადაწყვიტა, რომ მისი ლინზების საშუალებით, პატარა პორტატული კამერის შექმნა იყო შესაძლებელი.
ცვლილებებით შთაგონებულმა ლეიტცმა, 1914 წელს, Leica-ს პროტოტიპი შექმნა. მოგვიანებით კი, საწარმოო სადავეები ოპტიკოსსა და ფოტოგრაფ ოსკარ ბარნაკს გადასცა. ოსკარი კამერაზე მუშაობას შეუდგა. მან კამერას ლეიტცის ანასტიგმატური 50მმ-იანი ობიექტივი დაუმონტაჟა. პროტოტიპი, სახელად UR-leica სრულად ფუნქციური იყო. UR-leica-ს შექმნა უაზარმაზარი ნახტომი იყი ფოტოგრაფიის სამყაროში. ოსკარის გამოგონება საკმარისად პორტატული იყო სატარებლად და გამოსაყენებლად. 1925 წლისთვის, პროტოტიპი სრულყვეს და Leica I მსოფლიო ბაზარზე გამოჩენისთვის გაემზადა.
Leica I იყო 35 მმ ფიქსირებულლინზიანი კამერა. ოსკარს სურდა ის კიდევ უფრო განევითარებინა და ფოტოგრაფებისთვის ნებისმიერ პირობებში შეექმნა გადაღების საშუალება. კამერის კორპუსის განახლების შემდეგ, შეიქმნა Leica II – მოხსნადი ლინზებით. ფოტოგრაფები მალევე მიხვდნენ, რომ Leica-მ დინამიკური და მაღალხარისხიანი გადაღების შესაძლებლობა შეუქმნა. სწორედ ამ განახლებამ განაპირობა ფოტოჟურნალისტიკის
განვითარება XX საუკუნეში.
რაც უფრო კომპაქტური კამერა გამოდიოდა, ახალი ჰორიზონტები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდებოდა ფოტოგრაფებისთვის. ასე აღბეჭდა რობერტ კაპამ დაცემული ჯარისკაცი, ანრი კარტიე-ბრესონმა გუბეზე მხტომარე კაცი, ალფრედ ეიზენშტადმა – წყვილის მხურვალე კოცნა Times Square-ზე… Leica ფოტოგრაფიული რევოლუციის ნაწილად იქცა.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.