ფოტო-პროექტის გამარჯვებულების გამოვლენამდე ერთი ამოცანა იყო შესასრულებელი — ფოტოგრაფებს ჩვენთვის სამყარო ქალის ლინზიდან უნდა ეჩვენებინათ. ეს კი Leica Women Foto Project-ისთვის პირდაპირ ქალების ხმის გაძლიერებას ნიშნავს, თუმცა ამაზე მეტიცაა, სურთ, გააგრძელონ ქალების ამბების მოყოლა, რათა სწორედ ის მსოფლიო გარდაქმნან, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ… ამგვარად, წლევანდელი თემა Perspective is Power იყო და უკვე Leica Women Foto Project-ის 4 გამარჯვებულიც ცნობილია!
თანაც საუკეთესო ფოტოგრაფებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. ბევრი რომ არ გავარგრძელოთ, ესენი არიან ადენიკ სოგბესენი გაერთიანებული სამეფოდან, სტეისია შმიდტი კანადიდან, ლავია ლაზო მექსიკიდან და კამილ ფარაჰ ლენეინი ამერიკიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული გამარჯვებული 10 000 დოლარს მიიღებს, Leica SL2-S-ის კამერასა და Vario-Elmarit-SL 24-70mm f/2.8 ASPH ლინზასთან ერთად.
„წლევანდელი Women Foto Project-ისთვის ფოტოგრაფებს მოვუწოდეთ, გაეზიარებინათ გამძლეობის, რაღაცების მტკიცებისა და ხელახლა დაბადების ვიზუალური ისტორიები… ამ ლინზების მეშვეობით Leica Women Foto Project იმ ხმების გაძლიერებას აგრძელებს, რომლებიც არსებულ სიღრმისეულ ნარატივებს აფიქსირებს და კიდევ უფრო მეტ სიღრმეს სძენს ჩვენს კოლექტიურ ვიზუალურ ხედვას, ამასთან, აღნიშნავს კიდეც ვიზუალური სთორითელინგის ძალას“, — აცხადებს კარინ კაუფმანი, Leica-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
ახლა კი გამარჯვებულებს დავუბრუნდეთ. ადენიკ სოგბესენი დოლა პოშის სახელითაა ცნობილი, ხოლო პროექტით OMO MI იკვლევს, რას ნიშნავს იყო ახალბედა დედა… შესაბამისად, საკუთარი თავის აღმოჩენის, გამძლეობისა და ქალური ძალის ხელახლა დაბადების თემები პირდაპირ ესადაგება მის ნამუშევრებს.
ხოლო ამერიკელი კამილ ფარაჰ ლენეინი პორტრეტებისა და დოკუმენტური ფოტოების გადაღებითაა ცნობილი, რომელიც უმეტესად სოციალურ ნორმებსა და სტერეოტიპებზეა ფოკუსირებული. გამონაკლისი არც მისი ნამუშევარი Made of Smokeless Fire ყოფილა, პირიქით, იგი საფრანგეთის მუსულმანურ კულტურაში LGBTQ+-ის წარმომადგენლობას ასახავს.


შემდეგი გამარჯვებული მექსიკელი ლავია ლაზოა, რომელიც წელს Leica Women Foto Project-ში Women From the Clouds-ის პროექტით წარდგა — ადგილობრივად მცხოვრები განსხვავებული ასაკის მქონე ქალების ცხოვრებას აკვირდება. პრესრელიზში კი შემდეგნაირადაა აღწერილი: „ამ პროექტით ის ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ადგილობრივი ქალების მრავალფეროვანი გამოცდილების მდიდარ და უნიკალურ ხედვაში, შექმნას უფრო ფართო და მდიდარი პერსპექტივა ქალებზე მთლიანობაში“.
დაბოლოს, სტეისია შმიდტი კანადიდან პროექტით Ephemerality — „ცდილობს, დაუპირისპირდეს სოციალურ ნორმებს, კონკრეტულად, იკვლიოს ქალების არსებობა იმ სფეროებში, რომლებშიც ტრადიციულად მამაკაცები დომინირებენ, რაც დამთვალიერებელს უბიძგებს, ხელახლა გადახედოს ამ სფეროებისადმი არსებულ წინასწარ წარმოდგენებს ქალთა მიმართ“.