1
Jul
2019

ლეკო შათირიშვილი Sanofi-ს ფინანსურ პროექტებს მექსიკიდან უხელმძღვანელებს

1 Jul 2019

Sanofi ფრანგული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა. კომპანია სიდიდით მსოფლიოს პირველ ხუთეულში შედის. “სანოფის” კაპიტალი 60 მლრდ დოლარს აღწევს. ფინანსისტი ლეკო შათირიშვილი Sanofi-სთან მეოთხე წელია თანამშრომლობს. პარალელურად, მეუღლესთან, მარიტა გენებაშვილთან ერთად, უძღვება სტარტაპებს: “ინებე” დიეტური კვების ადგილზე მიტანის სერვისია,  “მიკროგრინი” კი, მიკრო მწვანილის მწარმოებელი ვერტიკალური „სათბურია“. კავკასიის ქვეყნების ფინანსური მართვის შემდეგ, ლეკო შათირიშვილი მოწვევა მექსიკის ოფისიდან მიიღო და პროექტებს ამერიკის კონტინენტიდან უხელმძღვანელებს:

“აქამდე ძირითადად კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებით შემოიფარგლებოდა ჩემი საქმიანობა, მექსიკაში გადმოსვლამდე, ვიკავებდი კავკასიის ქვეყნების ფინანსური დირექტორია პოზიციას. ზოგადად ძალიან ცოტა კომპანიაა, სადაც სრულად საერთაშორისო გამოცდილების მიღება შეგიძლია და საშუალება გაქვს, ნებისმიერ კონტინენტზე იმუშაო. მექსიკის ოფისიდან მოსული შემოთავაზება ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო, თუმცა ფიქრზე დიდი დრო არ დაგვიხარჯავს რადგან ისედაც ძალიან გვინდოდა ამერიკის კონტინენტზე მოხვედრა… მექსიკა ძალიან საინტერესო, დიდი და ეგზოტიკური ქვეყანაა.”

M: რა ბედი ელის თქვენს სტარტაპებს საქართველოში? ვგულისხმობთ, “ინებესა” და “მიკროგრინს”…

მე და მარიტამ ბევრი ვიფიქრეთ ჩვენი სტარტაპების, “ინებეს” და “მიკროგრინის” ბედზე და ჩავთვალეთ, რომ კომპანიები უკვე მზად არიან დამოუკიდებლობისათვის. ეს ფაზა ნებისმიერმა სტარტაპმა უნდა გაიაროს, რომელსაც თუნდაც რეგიონალურ ბაზარზე გასვლის პრეტენზია აქვს… სტარტაპი დიდხანს ვერ იქნება დამფუძნებლის კალთას გამოკერებული. მეორე მხრივ, დამფუძნებელსაც უნდა შეეძლოს სტარტაპის შორიდან პატრონობა, სხვაგვარად ისედაც შეუძლებელია, სტარტაპი გლობალურ ან თუნდაც რეგიონალურ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. ასე რომ, სტარტაპების მიკრომენეჯმენტის საკითხი გამოცდილ დირექტორებს გადავაბარეთ, მე და მარიტა კი სტრატეგიულ საკითხებზე შევინარჩუნებთ ჩართულობას. ზოგადად, გვინდა ჩვენი ბიზნეს ხედვა გვინდა მალევე გაცდეს საქართველოს საზღვრებს, ამაში კი, უცხო ქვეყნებში ცხოვრება ძალიან დაგვეხმარება.

განხილვა