in

“ლექსმა ყველაფერი იცის” – ცოტა რამ სიტყვის ფესტივალი 2020-ის შესახებ

ამ სტატიაში 2020 წლის სიტყვის ფესტივალზე უნდა მოგითხროთ – ფესტივალზე, რომელიც უკვე მეორე წელია, სიტყვებს ე.წ არტ ობიექტებად წარმოაჩენს. უფრო ზუსტად კი ეს ფესტივალი ვიზუალური ხელოვნებისა და ლიტერატურის გადაკვეთაა, პლატფორმაა, რომელიც სიტყვების გავრცელების სხვადასხვა გზის აღმოჩენას ემსახურება. ამ ფესტივალის წყალობით ძალიან ბევრმა, ფურცლებსა თუ ეკრანებზე წაკითხულმა სიტყვამ სხვადასხვა მედიუმში, სხვადასხვა გარემოში გადაინაცვლა და გავრცელდა. წლევანდელი სიტყვის ფესტივალი პოეზიას დაეთმო. უფრო დეტალურად მის შესახებ ფესტივალის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ორგანიზატორს, მარიამ ნატროშვილს გავესაუბრეთ:

M: თავდაპირველად, საიდან გაჩნდა სიტყვის ფესტივალის ჩატარების იდეა და რა კონცეფციას ატარებს ის დღემდე?

თავდაპირველად, მოგეხსენებათ, სიტყვა იყო. სიტყვებით დიდი ხანია, შეპყრობილი ვარ. თუმცა, ფურცელზე დაბეჭდილი სიტყვა დიდი ხნის წინ მომბეზრდა.

ლიტერატურა მიყვარს, მაგრამ დიდი ხანია, უფრო ექსპერიმენტული ლიტერატურა მაინტერესებს – ტექსტი, რომელიც ახალ ფორმას, ახალ შინაარს ეძებს და ქმნის. ტექსტი, რომელიც ცდება წიგნის, გრამატიკის, რომანის, მოთხრობის, ამბის ფორმატს და ლინკებით, sms-ებით, ვიდეოთამაშებით, ქსეროქსზე დაბეჭდილი სიტყვებით, კედლებზე გრაფიტით, წერილებით გველაპარაკება. დღეს აღარ არის 500 გვერდიანი რომანების დრო. ასე მგონია.

ვიზუალური ხელოვნება ლიტერატურაზე უფრო სწრაფად ითვისებს სიახლეს. როდესაც ეს ორი დარგი ერთმანეთთან იკვეთება, ნაპერწკლები ჩნდება. ამის კარგი მაგალითი, შორს რომ არ წავიდეთ, თბილისური ავანგარდია.

სახვითი ხელოვნება ლიტერატურას ახალ გზებს უჩვენებს და – პირიქით. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ლიტერატურის და ხელოვნების გადაკვეთაზე შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ფორმით გაჩნდებოდა და სიტყვის (ეს ერთი სიტყვა იქნება თუ ათასი) გავრცელების ახალ გზებს იპოვიდა.

მე დეთუსთან ერთად უკვე თითქმის 10 წელია, რაც ვწერ. ვწერთ კედლებზე, ფურცლებს მიღმა – ინგლისურად უფრო სწორად ითქმის – off the page.  სიტყვის ფესტივალი ჩვენი სახელოვნებო პრაქტიკის გაგრძელება და გაფართოებული ვერსიაა.

“ფესტივალის მიზანია ორი სფეროს, ლიტერატურისა და ვიზუალური ხელოვნების დაკავშირებით ტრანსლაციის ახალი ფორმები გამოიგონოს.

ფესტივალის მიზანია, შექმნას მდგომარეობა, რომელშიც სიტყვები ფურცლებს დატოვებენ და კედლებს, ეკრანებს, ქალაქებს დაიპყრობენ.”

პირველად სიტყვის ფესტივალი 2019 წელს გარიყულაში, ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის “ფესტინოვას” ფარგლებში ჩატარდა. კარგი დამთხვევა იყო, თითქოს ზდანევიჩებმა სიტყვები გამოიძახეს. ფესტივალს ერქვა “ხშირად დასმული კითხვები: დრო.” დრო იყო ფესტივალის თემაც და  რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: რეზიდენცია, მათთვის ვინც სიტყვებთან მუშაობს – მწერლები, პოეტები, სცენარისტები. ყველამ 1989-2019 წლებიდან თითო წელი შეარჩია და იმ წელზე ტექსტი დაწერა. გავაკეთეთ გამოფენა და გამოვეცით ე.წ. არტ ბუქი – სადაც ჩვენი შერჩეული სიტყვებით აღვწერეთ დრო -1989-2019 წელი. დასრულდა 2019 წელი და მართლაც, ახალი დრო დაიწყო.

M: კონკრეტულად რა თემას დაეთმო 2020 წლის სიტყვის ფესტივალი?

2020 წელს სიტყვის ფესტივალი პოეზიას დაეთმო. წელს ფესტივალის სახელია “ლექსმა ყველაფერი იცის”.

გადავწყვიტეთ, ახალი თაობის ავტორების ლექსები შეგვეკრიბა და გამოგვეცა, თუმცა, არა წიგნის ფორმით. როგორც ზემოთ გითხარით, ჩვენი მიზანი არაა წიგნების გამოცემა, ვცდილობთ ახალი ფორმები ვიპოვოთ. გადავწყვიტეთ, კრებული ყოფილიყო როგორც online, ასევე offlflflflflfflline. 35 ავტორის ლექსი საიტზე განთავსდა. საიტის მისამართია frequentlyaskedquestions.ge

თანამედროვე ქართული პოეზიის offlflflflflfflline კრებული კი არასტანდარტული ფორმის არის. წიგნის მაგივრად, კრებული კონვერტია, რომელშიც ლექსები, როგორც წერილები, აუკინძავად დევს. მკითხველს კონვერტი შეეძლო გამოეწერა. გამომწერებს პოეზიის კრებული, როგორც წერილი, სახლში მიუვიდათ.

კრებულში ლექსები ცალმხრივად არის დაბეჭდილი, შეგიძლიათ კედელზე გაიკრათ, ქალაქში გააკრათ, ან ქარს უმისამართოდ გაატანოთ.

თავიდან, გვინდოდა მხოლოდ ჩემი თაობის და უფრო ახალგაზრდა ავტორებისთვის მოგვეყარა თავი. ამ თაობის ლექსების კრებული რატომღაც ჯერ არ გამოცემულა. თუმცა, მერე  მივხვდი, რომ რამდენიმე ჩემს დაბადებამდე დაწერილი ლექსის გარეშე ვერ გავძლებდი და კრებულში უფროსი თაობის ავტორებიც შევიტანეთ. 80-იანელები, 90-იანელები.

ჩვენი მრჩეველი დავით ჩიხლაძე იყო. ბევრი ვილაპარაკეთ თანამედროვე ქართულ პოეზიაზე და გადავწყვიტეთ, რომ პოეზიას უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ.

ძალიან აკლია ქართულ პოეზიას ექსპერიმენტი და ახალი სიტყვები. ვფიქრობ, მეტი ყურადღება ამ ახალი სიტყვის თქმას შეუწყობს ხელს.

M: „ლექსმა ყველაფერი იცის“ – რატომ ეს სათაური? მოგვიყევით მისი შინაარსის შესახებ..

“ლექსმა ყველაფერი იცის” არის ერთ-ერთი თავის სათაური ჰერტა მიულერის წიგნში “ჩემი სამშობლო იყო ვაშლი კურკა”. როდესაც სათაურს ვეძებდი, ამ წიგნს ვკითხულობდი. ჰერტა მიულერის ნამუშევარი პირველად კრაკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვნახე. ჰერტა, იმის გარდა, რომ ბრწყინვალე მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეტია, მისი კოლაჟები, სიტყვებით აწყობილი წინადადებები მუზეუმებშიც იფინება. ჰერტამ იცის, რომ სიტყვები არ არის მხოლოდ ლიტერატურის კუთვნილება და სიტყვებს ხელოვნებად აქცევს. სიტყვებს გაზეთებიდან – კონტექსტიდან ჭრის და ახალ შინაარს აძლევს. “ლექსმა ყველაფერი იცის” მისი წიგნიდან ამოჭრილი სათაურია, რომელიც ამჯერად არა მისი ამბის, არამედ ფესტივალის სათაურად იქცა.

ეს სიტყვები ლექსების შესარჩევი კრიტერიუმი, გასაღები გახდა. დამაინტერესა, რა იცის ლექსმა საქართველოში? იცის როგორი დროა, როგორი რეალობაა? იცის ჩვენი დროის საიდუმლო? ირეკლავს თუ არა წარსულს ან აწმყოს? შეუძლია მომავალი გამოიცნოს? ახსოვს, რაც ჩვენ გვავიწყდება?

ისმის ქართულ თანამედროვე პოეზიაში მათი ხმა, ვისი ხმაც არსად ისმის?

ეს კითხვები იქცა ლექსების შესარჩევ ფორმულად. პასუხები კონვერტშია.

M: როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობისაა მსგავსი ინიციატივები/პროექტები ქართველი აუდიტორიისთვის?

ზოგჯერ, შეიძლება დაგვავიწყდეს რატომ ვართ აქ, დავიბნეთ ან შეგვეშინდეს. შეიძლება დავბრმავდეთ ან დავყრუვდეთ, ყოველდიურობამ, სოციალურმა ქსელებმა, სამსახურმა გადაგვყლაპოს და არაფრისთვის დრო აღარ დაგვრჩეს. პოეზია, ლიტერატურა და ხელოვნება სამაშველო რგოლია. ჩვენთვისაც და მათთვის, ვისი ხმაც არ გვესმის. მაღვიძარაა, რომ არ ჩაგვეძინოს და ფხიზლად ვიყოთ.

წარმოიდგინეთ, ათასი წლის შემდეგ რა მოუთხრობს ჩვენ შესახებ ყველაზე კარგად მომავლის ადამიანებს? რესტორანი? ტანსაცმლის ბრენდი? რეკლამა? შეიძლება, ესეც მნიშვნელოვანი იყოს მომავალში წარსულის მკლევართათვის, მაგრამ ჩვენი საუკეთესო აღმწერი ხელოვნება და ლიტერატურა იქნება, აქ და ახლა დაწერილი სიტყვები.

M: და ბოლოს, როგორია თქვენი – იმ ადამიანების სამომავლო გეგმები, ვინც სიტყვის ფესტივალს ქმნის?

უკვე ვფიქრობთ 2021 წლის სიტყვის ფესტივალზე, ვცდილობთ, დავგეგმოთ კიდეც; რაც საკმაოდ ძნელია, საქართველოში 3 დღით ადრეც კი ვერ გეგმავ ვერაფერს, არავინ იცის, ხვალ რა მოხდება.

სიტყვის ფესტივალის კეთების გარდა, საკუთარ სიტყვებს ვწერთ. ახლა ვიდეოთამაშებით ვართ გატაცებული და ახალ ნამუშევრებს სწორედ ამ პლატფორმაზე ვქმნით. წელს ბევრი სხვადასხვა პროექტი და ნამუშევარი გავაკეთეთ, 21-ში ვფიქრობთ რომ მხოლოდ რამდენიმე პროექტზე ვიმუშაოთ და მეტი დრო პოეზიას და სიტყვებს დავუთმოთ.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

თიბისი დაზღვევის 2020 წლის შედეგები

მარსის მომავალი ეკონომიკა კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული