18
Jul
2019

#თაობა – ლექსო რატიანის მარტივი და მრავლისმთქმელი შემოქმედება

18 Jul 2019

ჯერჯერობით აბიტურიენტია, მერე ალბათ კიდევ უფრო სერიოზულად დაუკავშირებს თავისი ცხოვრების გზას მუსიკას. თუმცა კი, მისი სიმღერები ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ლექსო რატიანის შემოქმედება ერთდროულად მარტივიცაა და მრავლისმეტყველიც. ამაში მისი სიმღერები დაგარწმუნებთ. მისი ამჟამინდელი საქმიანობის და წარსული გამოცდილების შესახებ #თაობა ლექსოს გაესაუბრა:

შიო ხიდაშელის ფოტო

M: ვინ არის ლექსო რატიანი? გაგვაცანი შენი თავი..

დავიბადე აქა და აქ, ამა და ამ წელს, ვსწავლობ ამა და ამ სკოლაში. რთულია ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც გავალდებულებს შენს თავზე დაგროვილი  წარმოდგენები ერთ-ორ წინადადებად გამოხატო.

M: როდის გქონდა მუსიკასთან პირველი შეხება და როდის გააცნობიერე, რომ თქვენ ორს შორის განსაკუთრებული კავშირი იყო?

მუსიკასთან არაერთი პირველი შეხება მქონდა. როგორც მსმენელს, როგორც მოსწავლეს, როგორც მუსიკოსს. შესაძლებლობა, თვითონ შემექმნა მუსიკა, პირველად ცხრა წლის ასაკში მომეცა, როდესაც გიტარა დავიჭირე ხელში. მაშინ სულ ვერ ვხვდებოდი რომ შვიდი წლის მერე წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ნივთის გარეშე ცხოვრება.

M: როდის დაწერე პირველი სიმღერა და თუ ჰქონდა ამას რაიმე განსაკუთრებული ინსპირაციული ფონი?

პირველი სიმღერა ათი წლისამ დავწერე. შემდეგ დილას სოფელში მივდიოდით და ამ ამბით აჟიტირებულმა პირველად ვცადე სიტყვები და მუსიკა ერთიანობად მექცია.

M: მოგვიყევი შენი მუსიკალური მოღვაწეობის შესახებ ადრეული პერიოდიდან დღემდე როგორ ვითარდება..

მოღვაწეობას ნაკლებად დავარქმევდი, მაგრამ, როდესაც გიტარაზე დაკვრა ასე თუ ისე ვისწავლე, სიმღერებიც დამიგროვდა და აქა-იქ კონცერტებზეც ვუკრავდი, ჩემი ახლა უკვე უახლოესი მეგობრის და კოლეგის, თორნიკე ჯაფიაშვილის გაცნობამ და მასთან ურთიერთობამ მიმახვედრა, რომ მუსიკის უფრო ღრმა, თეორიული ცოდნა მჭირდებოდა. ასე მოვხვდი ნიჭიერთა ათწლედში, ჯაზ ფაკულტეტზე. უკვე მეოთხე წელი დაიწყება, რაც ათწლედში ვსწავლობ და ვიღრმავებ გიტარის და ზოგადად მუსიკის ცოდნას. დაახლოებით ერთი წლის წინ გავხდი ჯგუფ არას გიტარისტი და სცენაზე დგომის სულ სხვანაირი გამოცდილება მივიღე. ახლა ჩემი სიმღერების ჩანაწერებზე ვმუშაობ და ერთი სული მაქვს, თქვენც განახოთ.

დათო შალიკაშვილის ფოტო

M: რა მიმართულების მუსიკას ქმნი და როგორ ფიქრობ, როგორი აუდიტორიაა საქართველოს მოსახლეობა ამ მუსიკისთვის?

მე ასე მგონია, რომ ჩემი სიმღერები ჯერ უბრალოდ სიმღერებია. ამის მთავარ მიზეზად ის მიმაჩნია, რომ მათ უმრავლესობას მხოლოდ აკუსტიკურ გიტარაზე ვასრულებ. ვფიქრობ, ასეთი სიმღერები ჟანრს და მიმართულებას ბენდთან ერთად გაკეთებისას, ან ჩანაწერის კეთებისას, არანჟირების პროცესში იძენს. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ როგორ შეფუთავ, შეგიძლია, სხვადასხვა აუდიტორიებს მოარგო.

M: ვინ იყვნენ ის არტისტები/შემოქმედები, ვინც შენს ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონიეს?

იმ არტისტებმა, რომლებსაც ღრმა ბავშვობიდან ვუსმენდი, ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს ჩემს ჩამოყალიბებაზე. მაგალითად, ლეონარდ კოენი, ბობ დილანი და ჯგუფი The Beatles.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

წელს აბიტურიენტი გავხდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სასწავლო წელი ნაწილობრივ გამოცდებისთვის მზადებას უნდა დავუთმო. ვაპირებ კონსერვატორიაში, ჯაზ ფაკულტეტზე ჩავაბარო და იქნებ ოდესმე უცხოეთში სასწავლებლად წასვლაც შევძლო. ამასთან ერთად, იმედი მაქვს ყველაფერ იმის კეთებას მოვასწრებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი.

M: რომ არა მუსიკა..

რომ არა მუსიკა, ალბათ ხელოვნების რომელიმე სხვა დარგის შეწუხება მომიწევდა.

შიო ხიდაშელის ფოტო

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის.. 

მოდი, #თაობას დავუტოვოთ ლეონარდ კოენის სიმღერა Famous blue raincoat. საოცარი ამბავია, ამხელა ისტორია ერთ პატარა სიმღერაში ჩაატიო.

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა