19
Mar
2018

„ლიმონის“ ხელნაკეთი აქსესუარები და საბავშვო წიგნები ვიზუალური სავარჯიშოებით

19 Mar 2018

Startauperi
Startauperi


სოციალურმა მუშაკმა – ქეთო სიხარულიძემ სამოყვარულო ხელსაქმის სტარტაპად ქცევა 2017 წლის მაისში გადაწყვიტა და ხელნაკეთი აქსესუარების გვერდი „ლიმონი“ შექმნა. ფუნქციონირების განმავლობაში, უკვე რამდენიმე პატარძლისთვის, მეჯვარისა თუ უბრალოდ, ყვავილების მოყვარული გოგონასათვის დაამზადა გვირგვინები, კორსაჟები, თმისსამაგრები თუ ბროშები. დაახლოებით, ერთი თვის წინ კი ხელნაკეთი ნივთების ხაზის გაფართოებისა და საბავშვო სეგმენტის მოცვის მიზნით, დაიწყო შემეცნებით წიგნზე მუშაობა. პირველი წიგნი, სპეციალურად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭუნასთვის დაამზადა, ისეთი ვიზუალური სავარჯიშოებით, რომელიც ხელს შეუწყობდა ნატიფი მოტორიკის უნარების გამომუშავებას. როგორია „ლიმონის“ კონკურენტული უპირატესობა და პერსპექტივა ქართულ ბაზარზე – ამ საკითხებზე სტარტაპის ავტორს – ქეთო სიხარულიძეს ვესაუბრეთ:

M: რა იყო შენი მთავარი მოტივი „ლიმონის“ შესაქმნელად? რა საჭიროება არსებობდა ბაზარზე ამ კუთხით? 
ყველაფერი მეგობრის ქორწილით დაიწყო. მინდოდა, განსხვავებული დეტალი შემეტანა საკუთარ გარეგნობაში და ხელოვნური ყვავილებით გვირგვინი დავამზადე. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი, გადავწყვიტე, ეს ყველაფერი საქმედ მექცია. პირველი გვირგვინის შექმნისას გაცილებით უფრო მკაფიო მოტივი მამოძრავებდა, თუმცა, გარდა ამისა, საჩუქრად დამზადებული ნივთებით მიღებულმა უკუკავშირმა გადამაწყვეტინა, რომ საკუთარ ხელსაქმეზე უფრო სიღრმისეულად მეფიქრა. ტენდენციების გათვალისწინებით, საჭიროება ბაზარზე ნამდვილად არსებობს, ვინაიდან ბოლო დროს, სულ უფრო მეტი პატარძალი იყენებს ქორწილში ყვავილებიან აქსესუარებს, იქნება ეს გვირგვინი, სამაჯური – კორსაჟი მეგობრებისთვის თუ ბუტონიერი – სიძისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქმე, რომელსაც სამსახურის შემდეგ ვუთმობ თავისუფალ დროს, არის ძალიან შრომატევადი, მეორე მხრივ – სასიამოვნო და საინტერესოა; კეთების პროცესში დიდ ენერგიას და მოტივაციას ვგრძნობ, რაც მეხმარება, გამომივიდეს ისეთი დეტალებიც კი, რომლის დამზადებაშიც ეჭვი მეპარებოდა.

M: რა კრიტერიუმები გაითვალისწინე სტარტაპის სახელის შერჩევისას? რატომ „ლიმონი“? 
სახელზე ფიქრისას მქონდა რამდენიმე მოთხოვნა საკუთარ თავთან: მინდოდა, ორენოვანი სახელწოდების გამოყენებისას სიტყვებს ჰქონოდათ მიმსგავსებული ჟღერადობა; ყოფილიყო მარტივად დასამახსოვრებელი და ნათელ, კაშკაშა ფერთან ასოცირებული; კლავიატურის ველში აუცილებლად უნდა ყოფილიყო შესაბამისი სიმბოლო. სწორედ ამიტომ, „ლიმონი 🍋” და კიდევ იმიტომ, რომ ჩემი იმუნიტეტის ყველაზე ახლო მეგობარია ბავშვობიდან.

M: როგორც ვიცით, პირველი წიგნი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის დაამზადე. რა ცოდნა/გამოცდილება გქონდა აქამდე, ნატიფი მოტორიკის უნარების გამომუშავებისთვის სავარჯიშოების შექმნის საკითხში?
გამოცდილება ამ კუთხით არ მქონია, თუ არ ჩავთვლი სალექციო ფარგლებში მიღებულ თეორიულ ცოდნას. კეთების პროცესში კი მივხვდი, რომ საკმაოდ საპასუხისმგებლო აღმოჩნდა სავარჯიშოების მიზანმიმართულად შედგენა – თითოეული დეტალი უნდა მორგებოდა როგორც ბავშვის საჭიროებებს, ისე – ინტერესებს. ბედნიერი ვიყავი, როცა მომწერეს, რომ ეს პირველი წიგნი იყო, რომლითაც ბიჭუნა დაინტერესდა.

M: გაქვს თუ არა ინფორმაცია მსგავსი თემატიკის სტარტაპების არსებობის შესახებ.. როგორ შეაფასებ, ამ მიმართულებით არსებულ, კონკურენტულ გარემოს საქართველოში?
ვიცი, რომ ყვავილების სალონებში ქმნიან ძალიან ლამაზ აქსესუარებს ბუნებრივი ყვავილებით, ჩემი ნამუშევრების უპირატესობა კი ფასთან ერთად ისაა, რომ ხელოვნური მასალით მზადდება და არასდროს ჭკნება. რაც შეეხება წიგნებს, არ მაქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე სტარტაპი მსგავსი საქმიანობითაა დაკავებული და თუ ეს მართლა ასეა, კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის ჩემს პროდუქტს. ხოლო ზოგადად, ჯანსაღი კონკურენცია, რა თქმა უნდა, გაზრდის ჩემს მოტივაციას. ჩემი მიზანია, საბავშვო დღიური იყოს როგორც გასართობი, ისე – შემეცნებითი ხასიათის, ვინაიდან, თვალსაჩინოებების მეთოდით ბავშვი უკეთ ითვისებს სიახლეებს.

M: როგორია „ლიმონის“ საფასო და სარეალიზაციო პოლიტიკა?
„ლიმონის” საფასო და სარეალიზაციო პოლიტიკა შესაბამისია დღევანდალ საბაზრო ფასებთან, დანახარჯის გათვალისწინებით. ვცდილობ, არ ავცდე მთავარ მიზანს – მსგავსი აქსესუარებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობას.

M: მოგვიყევი „ლიმონის“ განვითარების ხედვის შესახებ..
ჯერჯერობით, კიდევ რამდენიმე იდეის განხორციელების პროცესში ვარ და გადაწყვეტილი მაქვს, უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი საქმიანობა. გადაწყვეტილი მაქვს, აქსესუარების ხაზი გავაფართოო და მომხმარებელს, საჭიროების მიხედვით, უფრო მრავალფეროვანი პროდუქტი შევთავაზო. სამომავლო ხედვებში საკუთარი სახელოსნოც აუცილებლად წარმომიდგენია. ეს ყველაზე ბედნიერი წარმოსახვაა „ლიმონთან” დაკავშირებით.

განხილვა